الروم
The Romans • 60 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ელიფ ლაამ მიიმ.
2მარცხი განიცადეს რომაელებმა
3უახლოეს მიწაზე [სპარსებსა და არაბებთან ახლოს მდებარე ქვეყანაში, პალესტინაში], მაგრამ ისინი [რომაელები] მათი [სპარსთა] გამარჯვების შემდეგ [ისევ] გაიმარჯვებენ.
4რამდენიმე წლის შემდეგ. ალლაჰსეკუთვნის [მთელი] ძალაუფლება როგორც მანამდე, ასევე მის შემდეგაც. და იმ დღეს [როცა რომაელები გაიმარჯვებენ სპარსელებზე] მორწმუნენი გაიხარებენ
5ალლაჰის დახმარებით. ის ეხმარება, ვისაც ისურვებს და ის არის ყოვლისშემძლე და შემწყალებელი
6[და რომაელები გაიმარჯვებენ სპარსელებზე] ალლაჰის დაპირებისამებრ [რომელიც მან მუჰამმად შუამავალს და მორწმუნეებს მისცა]. ალლაჰი არასოდეს ცვლის თავის დანაპირებს, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის.
7ისინი იცნობენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების გარეგნულ მხარეს, ხოლო საიქიოს შესახებ დაუდევარნი არიან [არ ფიქრობენ მასზე]
8ნუთუ ისინი საკუთარ თავებში არ დაფიქრდნენ?! ალლაჰმა შექმნა ცა, მიწა და ის, რაც მათ შორისაა, ჭეშმარიტებითა და განსაზღვრული ვადით, სინამდვილეში მრავალი ადამიანი ურწმუნოა თავის უფალთან შეხვედრის მიმართ
9ნუთუ ისინი არ დადიოდნენ დედამიწაზე, რათა ეხილათ, როგორი აღსასრული ჰქონდა მათზე წინ მცხოვრებთ [რომლებიც არ დაემორჩილნენ ალლაჰს]?! ისინი მათზე ძლიერები იყვნენ ძალით, უფრო მეტად ამუშავებდნენ მიწას და აშენებდნენ მასზე [სასახლეებს], ვიდრე ესენი [მექქელები] აშენებენ. და მოვიდნენ მათთან მოციქულები ცხადი სასწაულებით, ალლაჰი არ მოექცეოდა მათ უსამართლოდ, არამედ ისინი თვითონვე იქცეოდნენ უსამართლოდ საკუთარი თავის მიმართ
10ბოლოს, მათ, ვინც ცუდ ქმედებას სჩადიოდნენ[შირქსა და სხვა ცოვებს], დასასრულიც ბოროტი მოუვიდათ [მათ დაეწიათ ჯოჯოხეთის სატანჯველი] იმის გამო, რომ უარყვეს ალლაჰის ნიშნები [არ ირწმუნეს ისინი] და დასცინოდნენ მათზე [ალლაჰის ნიშნებზე].
11ალლაჰი იწყებს გაჩენას [არარაობიდან ქმნის], შემდეგ კვლავ იმეორებს მას [ხელახლა ქმნის], ხოლო ბოლოს თქვენ მასთანვე დაბრუნდებით [ანგარიშებისა და საზღაურისათვის]!
12იმ დღეს, როცა დადგება საათი [განკითხვის დღე], დამნაშავენი [მრავალღმერთიანნი, ურწმუნონი] სასოწარკვეთილნი დარჩებიან [ალლაჰის სასჯელისგან ხსნას ვეღარ დაინახავენ].
13და არ ეყოლებათ მათ [მრავალღმერთიანებს] იმ დღეს [სასამართლო დღეს] თავიანთ თანამოზიარეებს შორის [ვისაც თაყვანს სცემდნენ] მფარველები და შუამდგომლები [ცრუ ღვთაებები ვერ დაიცავენ მათ]. და [თავად იმ] თანამოზიარეებს [მრავალღმერთიანებს], რომლებიც მათ თაყვანს სცემდნენ, [ეს ცრუ ღვთაებები] უარყოფენ [და მათგან განუდგებიან].
14და იმ დღეს, როცა დადგება საათი [სასამართლო დღე], ისინი [მორწმუნენიც და ურწმუნონიც] განცალკევდებიან [(ანგარიშის შემდეგ): ერთნი მიემართებიან სამოთხისკენ, ხოლო მეორენი — ჯოჯოხეთისკენ].
15ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც ირწმუნა და აკეთებდა კეთილ საქმეებს [ასრულებდა იმას, რასაც ალლაჰი უბრძანა, და თავს იკავებდა იმისგან, რასაც მან აუკრძალა], ისინი სამოთხის ბაღებში ნეტარ იქნებიან.
16ხოლო რაც შეეხება მათ, ვინც არ ირწმუნეს და უარყვეს ჩვენი ნიშნები და შეხვედრა მარადიულ ცხოვრებაში [არ ირწმუნეს სასჯელის დღე, ჯოჯოხეთი და სამოთხე], ისინი [ასეთნი] ჩაყრილნი იქნებიან [ანგელოზების მიერ] მარადიულ სატანჯველში [ჯოჯოხეთში].
17ამგვარად [ადიდეთ თქვენი უფალი], თქვით: დიდებულია ალლაჰი! [იგი წმინდაა ყოველგვარი ნაკლისგან და აღმატებულია ყოველივეზე] როცა თქვენზე საღამო ჩამოეფინება და როცა გაგითენდებათ [განთიადისას].
18მისია დიდება და ქება ცათა სივრცეშიც და მიწაზეც, ღამითაც[ანუ ასრის ლოცვის დროს ადიდეთ და აქეთ ალლაჰი] და მაშინაც, როცა თქვენზე შუადღე დადგება!
19მას [ალლაჰს] გამოჰყავს ცოცხალი მკვდარიდან [ადამი წვეთიდან, ფრინველი კვერცხიდან, მცენარე თესლიდან] და გამოჰყავს მკვდარი ცოცხლიდან [თესლი ადამიანიდან, კვერცხი ფრინველიდან]. და ის აცოცხლებს მიწას მას შემდეგ, რაც იგი უსიცოცხლო გახდება [წვიმით და მცენარეებით აცოცხლებს და ამშვენებს მას]. სწორედ ასე, [ამგვარი გაცოცხლებით] თქვენც აღგადგენენ თქვენი სამარხებიდან აღდგომის დღეს!
20და მის სასწაულებს შორის არის ის, რომ მან შეგქმნათ თქვენ [თქვენი წინაპარი ადამი] მიწისგან. შემდეგ, როცა ადამიანები [თაობიდან თაობამდე] გახდით მოდგმა, თქვენ მიმოიფანტეთ მიწაზე [ალლაჰის წყალობის ძიებაში].
21და მის სასწაულებს შორის არის ის, რომ თქვენთვის [ო, მამაკაცნო] თქვენივე არსებიდან [ადამიანთა მოდგმიდან] შექმნა წყვილი [ქალი], რათა სიმშვიდე ჰპოვოთ მათთან. და დაამკვიდრა თქვენს შორის სიყვარული და გულმოწყალება. ჭეშმარიტად, ამაში არის ნიშნები [ნათელი მტკიცება და შეგონება] მათთვის, ვინც ფიქრობს [მსჯელობს]!
22და მის სასწაულებს შორისაა ცათა [უსაზღვრო სამყაროს, ვარსკვლავთა და პლანეტათა სიმრავლის] და მიწის [სიცოცხლისათვის ასე სრულად მოწყობილი] შექმნა, ასევე თქვენი ენების სხვადასხვაობა [რომლითაც საუბრობთ] და თქვენი ფერების [კანის] მრავალფეროვნება. ჭეშმარიტად, ამაში უდავოდ არის ნიშნები [სასწაულები] მცოდნეთათვის.
23და (ასევე) მის სასწაულებს შორისაა თქვენი ძილი ღამითაც და დღითაც [როცა ძალას იკრებთ] და თქვენი შრომა, რომ მოიძიოთ ის წყალობანი, რასაც იგი გასცემს. ჭეშმარიტად, ამაში უდავოდ არის სასწაულები მათთვის, ვინც ისმენს [იღებს შეგონებას].
24და მის ნიშნებს შორისაა ისიც, რომ ის გაჩვენებთ ელვას [და თქვენ ხედავთ მას] შიშითაც [მეხის დაცემის შიში] და იმედითაც [რომ ნოყიერი წვიმა მოიტანოს]. და იგი ციდან წყალს [წვიმას] გადმოავლენს და მისით აცოცხლებს მიწას მას შემდეგ, რაც იგი უსიცოცხლო იყო. ჭეშმარიტად, ამაში უდავოდ არის სასწაულები მოაზროვნე ხალხთათვის.
25მისი სასწავლებიდანაა ის, რომ ცა და მიწა დგანან მისი ბრძანებით. შემდეგ კი, როცა ის მოგიხმობთ მიწიდან ძახილით, მაშინვე გამოხვალთ [სასაფლაოებიდან] [გაცოცხლებულნი]
26მას [ალლაჰს] ეკუთვნის ის, რაც ცაშია და მიწაზე. ყველანი მორჩილნი არიან მისი.[ურწმუნონიც კი მორჩილნი არიან ალლაჰისა იმ განმარტებით, რომ სიცოცხლე და სიკვდილი, დაღლილობა და დასვენება, სიკვდილის შემდეგ გაცოცხლება ... ეს ყველაფერი ადამიანის არჩევით არ არის, პირიქით მის ორგანიზმზე ალლაჰის ნება მოქმედებს].
27ის არის, ვინც იწყებს შექმნას, შემდეგ კი მას კვლავ აღადგენს [აღდგომის დღეს]. და ეს მისთვის [ალლაჰისთვის] კიდევ უფრო ადვილია. მას ეკუთვნის უმაღლესი აღწერა [სრულყოფილება] ცასა და მიწაზე. ის ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენია
28მან მაგალითი მოგიყვანათ[კერპთაყვანისმცემლებო] თქვენივე თავებიდანვე: ნუთუ გყავთ ისინი, ვისაც თქვენი მარჯვენა ფლობს [თქვენი მონები], თანამონაწილედ იმაში, რაც ჩვენ გიბოძეთ, ისე რომ თქვენ თანასწორუფლებიანნი იყოთ მათთან? და გეშინიათ მათი[თქვენი მონებისა] ისე, როგორც გეშინიათ საკუთარი თავებისა[ერთმანეთისა ქონების გაყოფაში]?! [როგორც თქვენ არ გყავთ მონაწილე თქვენს ქონებაში და ცოლშვილში, ამგვარად ალლაჰსაც არ ჰყავს მონაწილე თავის მფლობელობაში]ამგვარად ვხსნით სასწაულებს მოაზროვნე ხალხისთვის
29პირიქით, ისინი, ვინც უსამართლონი არიან [მრავალღმერთიანნი], მიჰყვნენ საკუთარ ვნებებს ცოდნის გარეშე, ხოლო ვისაც ალლაჰი გზას ააცდენს, ვინ დაადგენს მას სწორ გზაზე?! და მათ არ ეყოლებათ დამხმარენი
30მიმართე შენი სახე [მხოლოდ] ჭეშმარიტ სარწმუნოებას [დაემორჩილე მხოლოდ მას], [იყავი] ჰანიფი [ერთღმერთიანი], [რაც შეესაბამება] მოწყობას/ბუნებას [ადამიანისა], რომლითაც ალლაჰმა შექმნა ხალხი თავიდანვე [შექმნა ადამიანი მიდრეკილი ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ და მისი სრული მორჩილებისკენ]. არ შეიძლება ალლაჰის ქმნილების შეცვლა [ნუ შეცვლით ერთღმერთობას მრავალღმერთობით]. ეს [ერთღმერთობა და ალლაჰის კანონის შესრულება] არის სწორი [მართალი] სარწმუნოება, მაგრამ ხალხთა უმეტესობა ამას ვერ ხვდება [არ იცის]
31მიმართეთ მას [მონანებით] და ერიდეთ მას [მის სასჯელს] [შეასრულეთ ის, რაც მან გიბრძანათ და გაშორდით იმას, რაც მან აგიკრძალათ], აღასრულეთ ლოცვა [სწორად] [დროის დაცვით, უფლის წინაშე სიმდაბლით და სულით მინდობილი] და ნუ იქნებით მრავალღმერთიანთაგან
32იმათგან, ვინც დაანაწევრეს თავიანთი სარწმუნოება [შეცვალეს იგი] და იქცნენ დაჯგუფებებად. ყოველი დაჯგუფება ხარობს იმით, რაც მასთანაა [თვლის, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტებაზე, ხოლო სხვანი — შეცდომაში].
33და როცა ხალხს უბედურება შეეხებათ [სიძნელე ან ზარალი], ისინი მიმართავენ თავიანთ უფალს და მხოლოდ მას ევედრებიან [ტოვებენ სხვას, ვისაც ადრე თაყვანს სცემდნენ]. ხოლო როცა იგი დააგემოვნებინებს თავის წყალობას [ბედს შეუმსუბუქებს, უბედურებას მოაცილებს და სიკეთეს აძლევს], — მაშინვე მათგან ნაწილი თავის უფალს თანამოზიარეს უჩენს [კვლავ უბრუნდება მრავალღმერთიანობას და ევედრება სხვას ალლაჰის გარდა].
34რათა უგულვებელყონ და უმადურობა გამოხატონ იმ წყალობის მიმართ, რაც ჩვენ ვარგუნეთ მათ. ისარგებლეთ (ო, მრავალღმერთიანებო) [ამ წუთისოფლის სიამოვნებით], მაგრამ მერე თავად შეიტყობთ [რა სასჯელი დაგეწევათ]!
35ან ნუთუ ჩვენ მივგზავნეთ მათ [მრავალღმერთიანებს] რაიმე მტკიცებულება [საბუთი და გამართლება], რომელიც აუწყებდა მათ იმას, რომ ნებადართულია ალლაჰს სხვა შეადარონ [თანამოზიარებად მიიჩნიონ]?
36და როცა ჩვენ ვაგემოვნებინებთ ადამიანებს [უმეტესობას] ჩვენს წყალობას [ჯანმრთელობას, მშვიდ ცხოვრებას, ნაყოფიერებას...], ისინი ხარობენ მასზე ამპარტავნულად [მადლიერების ნაცვლად]. ხოლო თუ უბედურება შეემთხვევათ [დაავადება, სიღარიბე, შიში] იმ ყველაფრის გამო, რაც მათმა ხელებმა მოიმოქმედეს [ცოდვების გამო], — მაშინვე სასოწარკვეთილნი ხდებიან [ალლაჰის წყალობის მიმართ]!
37ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი ვისაც ისურვებს თავის მსახურთაგან, იმას ფართო საზრდოს აძლევს, ხოლო ვისაც ისურვებს უზღუდავს? ჭეშმარიტად, ამაში [საზრდოს გაფართოებასა და შეზღუდვაში] უდავოდ არის სააწაული მორწმუნეთათვის [ვინც იცნობს ალლაჰის სიბრძნესა და წყალობას]!
38მაშ, მიეცი, [მორწმუნეო] ნათესავს მისი უფლება [შეინარჩუნე მასთან ნათესაური კავშირი, გაუწიე დახმარება], ასევე მიეცი ღარიბს და მგზავრს [ვინც გზაში გამოლეულია]. ეს უმჯობესი საქმეა მათთვის, ვისაც [თავისი კეთილი ქმედებებით] ალლაჰის სახე [ხილვა] სურს. და სწორედ ასეთნი არიან ნეტარნი [ამ ქვეყანაშიც და მარადიულ ცხოვრებაშიც].
39და ის, რასაც თქვენ გაასესხებთ [გააპროცენტებთ] იმისთვის, რომ გამრავლდეს [რომ სარგებელი მოგიტანოთ, იქნება ეს საპროცენტი სესხი ან თუნდაც საჩუქარი], — ალლაჰთან იგი არ გამრავლდება. ხოლო ის, რასაც თქვენ იძლევით ზაქათიდან, ალლაჰის სახის [მისი კეთილგანწყობისა და ხსნის] სურვილით, — სწორედ ისინი არიან, ვინც მართლა ამრავლებენ [საკუთარ ქონებას და ჯილდოს].
40ალლაჰია ის, ვინც შეგქმნათ თქვენ [ადამიანნო] შემდეგ გამოგკვებათ, მერე მოგაკვდინებთ და კვლავაც გაგაცოცხლებთ [აღგადგენთ აღდგომის დღეს ანგარიშისა და საზღაურისათვის]. ნუთუ თქვენს თანამოზიარებში [ვისაც თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა] არის ვინმე, ვინც ამ საქმეებიდან რამეს გააკეთებს თქვენთვის? დიდებულია იგი და აღმატებულია იმაზე, რასაც ისინი [მრავალღმერთიანები] თანაზიარებად უდგენენ!
41მიწაზე და ზღვაზე გაჩნდა არეულობა [გვალვა, სენები და ავადმყოფობანი] იმის გამო, რაც ადამიანთა ხელებმა მოიმოქმედეს [მათ ცოდვათა გამო]. რათა აგემოვნებინოთ მათ მცირე ნაწილი იმიდან, რასაც თავადვე სჩადიოდნენ, რათა [გონს მოეგონ, მოინანიონ და] დაუბრუნდნენ ალლაჰის მორჩილებას!
42თქვი: [ო, მუჰამმად, (ურწმუნოებს)]: მოიარეთ მიწა და შეხედეთ, როგორი დასასრული ეწიათ მათ, ვინც თქვენამდე იყო [ნუჰის ხალხი, ადი, სამუდი და სხვანი]! უმეტესობა მათგანი მრავალღმერთიანი იყო [და სწორედ მათი ურწმუნოებისა და მრავალღმერთიანობის გამო დაღუპულნი იქნენ].
43და მიმართე შენი სახე [გული და მთელი არსება] მხოლოდ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სანამ დადგება ის დღე [სასამართლოს დღე], რომელსაც არ ჰყავს გამბრუნებელი ალლაჰისაგან [ვერავინ ვერ შეაჩერებს მის მოსვლას]. იმ დღეს [ადამიანები] გაიყოფიან (ორ ბანაკად).
44ვინც ურწმუნო გახდა — მის წინააღმდეგვე შემოუტრიალდება მისი ურწმუნოება. ხოლო ვინც კეთილ საქმეს სჩადიოდა, მათ მოიმზადეს თავიანთთვის სამყოფელი სამოთხეში.
45(ეს მოხდება იმისათვის,) რომ ალლაჰმა დააჯილდოს ისინი, ვინც ირწმუნეს და კეთილ საქმეებს სჩადიოდნენ, თავისი უდიდესი წყალობითა [გაუზარდოს მათ საზღაური იმაზე მეტით, ვიდრე თავად მოიმოქმედეს]. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ურწმუნონი!
46და მისი ნიშნებიდანაა ისიც, რომ ალლაჰი [წვიმამდე] გზავნის ქარებს [ღრუბლიან ტალღებს მიაქროლებენ] კეთილი უწყების მახარობლად, რათა აგემოვნებინოთ მისი წყალობა [წვიმის სახით, რომელიც აცოცხლებს მიწას მცენარეებით]; რათა ხომალდები მის ბრძანებას დაემორჩილონ და ზღვებზე დაიარონ; რათა თქვენ იპოვოთ საზრდო მისი უდიდესი წყალობიდან და რათა ეგების მადლიერნი იყოთ [მის მიერ ბოძებული ამ სიკეთეებისათვის].
47ჩვენ უკვე წარმოვგზავნეთ შენამდე (ო, მუჰამმად) (წინამორბედი) მოციქულნი თავიანთ ხალხებთან. ისინი მოდიოდნენ მათთან ნათელი ნიშნებით (ალლაჰისგან) [სასწაულებითა და მტკიცებულებებით] (და მოუწოდებდნენ ერთღმერთიანობისკენ). (მაგრამ ბევრმა მათგანმა არ ირწმუნეს) და ჩვენ შური ვიძიეთეთ მათზე, რომლებმაც არ ირწმუნეს (იმით, რომ დავღუპეთ ისინი). და ჩვენზეა (ვალდებულებაა), დახმარება მორწმუნეთათვის (ვინც მოციქულებს მიჰყვნენ).
48ალლაჰია ვინც გზავნის ქარებს[და არა სხვა ვინმე], (რომლებიც) შემდეგ აღამაღლებენ [ამოძრავებენ] ღრუბლებს. იგი განფენს [გაავრცელებს] მათ [ღრუბლებს] ცაზე, როგორც ის ინებებს, და აქცევს მათ ნაწილებად. და შენ ხედავ, როგორ გამოდის წვიმის წვეთები ღრუბლებიდან. ხოლო როცა იგი უგზავნის მას [წვიმას] თავის მსახურთაგან იმას, ვისაც ისურვებს, – მაშინ, ისინი ხარობენ.
49თუმცა მანამდე, ვიდრე ეს მათზე მოივლინებოდა [მანამდე, ვიდრე წვიმა გადმოვიდოდა], ისინი სასოწარკვეთილნი იყვნენ.
50და შეხედე (ო, ადამიანო) ალლაჰის წყალობის კვალს [იმას, რაც წვიმის შემდეგ ხდება]: როგორ აცოცხლებს მას [მიწას] (მცენარეთა ამოყვანით) მისი უსიცოცხლობის შემდეგ! ჭეშმარიტად, ის [ალლაჰი, ვინც აცოცხლებს მიწას] აცოცხლებს მკვდრებსაც (აღდგომის დღეს), და იგი ყოვლისშემძლეა!
51და თუ ჩვენ გავაგზავნით ქარს (მავნებელს მათი ნათესებისთვის), და ისინი დაინახავენ ამას [თავიანთ ნათესებს] გაყვითლებულად [გამხმარად], (მაშინ) ისინი, უეჭველად, ამის შემდეგ უმადურები აღმოჩნდებიან (იმ წყალობების მიმართ, რაც მანამდე ალლაჰმა უბოძა).
52ვინაიდან, ჭეშმარიტად, შენ (ო, წინასწარმეტყველო) ვერ შეასმენ მკვდრებს, და ვერ შეასმენ ყრუებს ძახილს[ხმას], როცა ისინი ზურგს აქცევენ [ვერ შემოაბრუნებ მათ ჭეშმარიტებისაკენ].
53და შენ (ო, წინასწარმეტყველო) არ ხარ ის, [ვინც შეძლებს] ბრმების თავიანთ გზააბნეულობიდან გამოყვანას. შენ შეძლებ ალლაჰის სიტყვა გააგონო მხოლოდ მათ, ვინც ირწმუნებს ჩვენს ნიშნებს და (ამასთანავე) (არის) სრულად მინდობილი (ალლაჰს).
54ალლაჰია ის, ვინც შეგქმნათ თქვენ სისუსტიდან [სპერმის წვეთისგან], შემდეგ სისუსტის (ბავშვობის) შემდეგ მოგანიჭათ ძალა (სრულწლოვნობისა), მერე კი ძალის შემდეგ გაძლევთ სისუსტეს [მოხუცებულობას] და ჭაღარას. ის ქმნის, რასაც ინებებს. და ის არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე!
55იმ დღეს, როცა დადგება საათი [სასამართლოს დღე] (და ალლაჰი აღადგენს თავის ქმნილებებს), ბოროტმოქმედნი [ურწმუნოები] დაიფიცებენ, რომ მათ (სამარხებში) ერთი საათიც არ დაუყოვნებიათ [ძალიან მოკლედ მოეჩვენებათ საფლავებში გატარებული დრო]. სწორედ ასე იყვნენ ისინი გადახრილნი (ჭეშმარიტებისგან) (მიწიერ ცხოვრებაში)!
56და ეტყვიან ისინი, ვისაც ნაბოძები ჰქონდათ ცოდნა და რწმენა [ანგელოზები და წინასწარმეტყველნი]: თქვენ იყავით (თქვენს სამარხებში) (შესაბამისად) ალლაჰის განგებისა აღდგომის დღემდე. აი – ეს არის აღდგომის დღე, მაგრამ თქვენ (მიწიერ ცხოვრებაში) არ იცოდით (იმის შესახებ, რომ ის ნამდვილად დადგებოდა).
57და იმ დღეს არ შეეწევათ მათ, ვინც უსამართლობას სჩადიოდა, მათი მტკიცება (გამართლება), და არც მოეთხოვებათ მათ რაიმე მონანიება[და ალლაჰის დაკმაყოფილება].
58და აჰა, ჩვენ უკვე მოვუყვანეთ ადამიანებს ამ ყურანში ყველანაირი მაგალითი. და თუ შენ (ო, წინასწარმეტყველო) მათ [ხალხს] მიუახლოვდები (რომელიმე) ნიშნით [დამამტკიცებელი საბუთით] (რომლითაც დადასტურდება, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებ), უეჭველად იტყვიან ისინი, ვინც ურწმუნონი გახდა: "თქვენ მხოლოდ სიცრუის მიმდევარნი ხართ!"
59ასე დალუქავს ალლაჰი იმათ გულებს, რომელთაც არ იციან (რომ ის ნიშნები და შეგონებები, რითაც შენ მათთან ალლაჰისგან მოსული ხარ, არის ჭეშმარიტება)!
60და მოითმინე (ო, წინასწარმეტყველო) (ის წყენა, რასაც შენი ხალხი გაყენებს), ვინაიდან, ჭეშმარიტად, ალლაჰის აღთქმა (იმის შესახებ, რომ შენ დაგეხმარება და დაგაჯილდოებს) ჭეშმარიტებაა (და ამაში ეჭვი არ არის). და ნუ დაგასუსტებენ ისინი, ვინც არ არიან დარწმუნებულნი (აღდგომაში,და არ გამოვიყვანონ მოთმინებიდან)!