فصلت
Explained in Detail • 54 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ჰაა მიიმ
2გარდმოვლენილი მოწყალისა და შემწყალებლისგან
3წიგნი, რომლის აიათები ახსნილია ყურანის სახით არაბულ ენაზე მცოდნე ხალხისთვის,
4მახარობლად და გამფრთხილებლად, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ზურგი აქცია და ისინი არ ისმენენ
5და მათ [ურწმუნოებმა] უთხრეს (მუჰამმადს): "ჩვენი გულები დაფარულია(საფარებელშია) იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ, ჩვენი ყურები კი ყრუა, და ჩვენსა და შენს შორის არის ფარდა (რომელიც გვიშლის ხელს, დაგემორჩილოთ). მაშ, იმოქმედე (შენი რწმენისამებრ), რადგან ჩვენც (ჩვენი რწმენისამებრ) ვიმოქმედებთ!
6უთხარი (ო, შუამავალო): "მე მხოლოდ თქვენისთანა ადამიანი ვარ, რომელიც შთაგონებას ვიღებ (ალლაჰისგან), რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. მაშ, სწორი გზით იარეთ მისკენ და სთხოვეთ მას პატიება. და ვაი(რა დღე ელით), მრავალღმერთიანებს,
7რომელნიც არ იხდიან ზაქათს და უარყოფენ (არ სწამთ) საიქიოს ცხოვრებას (სამოთხეს და ჯოჯოხეთს).
8ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, მათთვისაა საზღაური უწყვეტი.
9თქვი: "ნუთუ თქვენ უარყოფთ მას, ვინც შექმნა დედამიწა ორ დღეში და უდგენთ მას თანასწორებს? სწორედ ისაა სამყაროთა უფალი!"
10და დაადგინა მასზე [მიწაზე] მყარი [მთები], (რომლებიც ამოდის) მის ზემოთ [მისი ზედაპირის ზემოთ]; და ბარაქა ჩადო მასში, და გაანაწილა მასზე საკვები (მისი მკვიდრებისთვის) ოთხ დღეში [ორ დღეში შექმნა მიწა და კიდევ ორ დღეში მოაწყო მასზე მთები და საკვები] – თანაბრად (ყველა) მათთვის, ვინც ეკითხება (ამის შესახებ) (მის შესაცნობად).
11შემდეგ მან მიმართა ცას, რომელიც (მაგ დროს) კვამლი იყო, და უთხრა მას [ცას] და დედამიწას: "მოდით (ჩემს მორჩილებაში) ნებით, თუ უნებურად!" და მათ [ცამ და დედამიწამ] თქვეს: "ჩვენ ნებით მოვდივართ".
12და მან ორი დღეში დაამტკიცა ისინი [ცანი] შვიდად და თითოეულ ცას თავისი საქმე დაუწესა. და ჩვენ უახლოესი ცა (რომელსაც ჩვენს ზემოთ ვხედავთ) მნათობებით [ვარსკვლავებით] შევამკეთ, და დავიცავით (ეშმაკებისგან, რომლებიც ცაში ალლაჰის სიტყვას ეპარებიან). ასეთია (ალლაჰის) — დიდებულის, ყოვლისმცოდნის — განგება!
13და თუ ისინი [ურწმუნოები] ზურგს შეგაქცევენ, მაშინ უთხარი (მათ): "მე გაგაფრთხილეთ სასჯელზე, როგორიც დაატყდათ 'ადსა და სამუდს".
14როდესაც მათთან [ადთან და სამუდთან] მოვიდნენ შუამავლები, წინაც და უკანაც [ყოველი მხრიდან], მათ უთხრეს: "არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰისა". მათ თქვეს: "თუ ჩვენს უფალს ენება, ის ნამდვილად გამოგვიგზავნიდა ზეციდან ანგელოზებს, და ჩვენ არ გვწამს იმის, რითაც შენ (უბრალო კაცი) ხარ გამოგზავნილი".
15რაც შეეხება 'ადის ხალხს, ისინი უსაფუძვლოდ ამპარტავნებდნენ დედამიწაზე და ამბობდნენ (ამპარტავნებით): "ვინ არის ძალაუფლებით ჩვენზე ძლიერი?" განა არ დაინახეს, რომ ალლაჰი, რომელმაც ისინი შექმნა, ძალაუფლებით მათზე ძლიერია? და მათ (ასევე) უარყვეს ჩვენი ნიშნები [მტკიცებულებები].
16და ჩვენ მოვუვლინეთ მათ ['ადიელებს] უბედურების დღეებში ცივი და ხმაურიანი ქარი, რათა ამქვეყნად სირცხვილის სასჯელის სიმწარე ეგემათ. და ნამდვილად, საიქიოს სასჯელი უფრო დამამცირებელია და მათ არავინ შეეწევა!
17რაც შეეხება სამუდიელებს, ჩვენ მათ სწორი გზა ვუჩვენეთ, მაგრამ მათ სიბრმავე [ურწმუნოება] არჩიეს სწორ გზას, ამიტომ მათ დამამცირებელი სასჯელის მეხი დაატყდათ თავს იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
18და ვიხსენით ისინი, რომლებმაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი იყვნენ.
19და იმ დღეს [განკითხვის დღეს], როდესაც ალლაჰის მტრები ცეცხლისკენ შეიკრიბებიან, მათ (ანგელოზები) შეაკავებენ.
20და როდესაც მასთან [ჯოჯოხეთთან] მივლენ, [ისინი დაიწყებენ თავიანთი ურწმუნოების და ცოდვების უარყოფას], მაგრამ მათი სმენა, მათი მხედველობა და მათი კანი დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ იმის შესახებ, რაც მათ [სიცოცხლეში] სჩადიოდნენ.
21და იტყვიან [ალლაჰის მტრები] თავიანთ კანს (საყვედურით): "რატომ დაამოწმეთ ჩვენს წინააღმდეგ?" ისინი [მათი კანები] იტყვიან: "საუბრის უნარი მოგვცა ალლაჰმა, რომელმაც აალაპარაკა ყოველი არსება", და მან [ალლაჰმა] შეგქმნათ პირველად და მასთან დაბრუნდებით.
22და არ ფრთხილობდით (ცოდვების ჩადენისგან) იმის შიშით, რომ თქვენი სმენა, მხედველობა და კანი თქვენს საწინააღმდეგოდ დაამოწმებდნენ (განკითხვის დღეს), არამედ ფიქრობდით, რომ ალლაჰმა ბევრი არ იცოდა იმის შესახებ, რასაც სჩადიოდით.
23აი, ამ თქვენმა წარმოდგენამ, რომელიც თქვენს ღმერთზე გქონდათ, დაგღუპათ თქვენ და აღმოჩნდით წაგებულთა შორის.
24და თუ ისინი [ალლაჰის მტრები] მზად არიან მოითმინონ (სასჯელი), მაშინ ცეცხლი [ჯოჯოხეთისა] იქნება მათი (საბოლოო) თავშესაფარი (რომლიდანაც ისინი არასდროს გამოვლენ), და თუ ისინი მოისურვებენ წყალობის მიღებას (ალლაჰისგან) (მისი რისხვის შემდეგ), ისინი არ იქნებიან იმ წყალობის მიმღებთა შორის
25და ჩვენ გამოვგზავნეთ მათთან [ურწმუნოებთან] თანამგზავრები [ეშმაკები] (ჯინებიდან და ადამიანებიდან), რომლებიც ამშვენებდნენ მათთვის იმას, რაც წინ ჰქონდათ [ბოროტი საქმეები ამქვეყნად] და იმას, რაც უკან ჰქონდათ, და მათთვის გამართლდა სიტყვა (როგორიც ითქვა) მათზე წინ მცხოვრებ თემებზე, (ჯინებიდან და) ადამიანებიდან (რომ ისინი ჯოჯოხეთის მარადიული მკვიდრნი იქნებოდნენ). ჭეშმარიტად, ისინი წაგებულთა შორის აღმოჩნდნენ.
26და ურწმუნოებმა ერთმანეთს უთხრეს: "ნუ მოუსმენთ ამ ყურანს და მისი კითხვისას ატეხეთ ხმაური, იქნებ სძლიოთ (მუჰამმედს) (და ის კითხვას შეწყვეტს)".
27და ჩვენ, უეჭველად, ვაგემებინებთ ურწმუნოთ სასტიკ სასჯელს და უეჭველად, მივუზღავთ მათ იმის უარესით, რასაც სჩადიოდნენ.
28ასეთი იქნება ალლაჰის მტრების საზღაური – ცეცხლი [ჯოჯოხეთი]! მათთვის იქ [ჯოჯოხეთში] მარადიული საცხოვრებელია, ჩვენი ნიშნების (მიწიერ ცხოვრებაში) უარყოფის საზღაურად. {ეს აიათები საუბრობს ალლაჰის წინააღმდეგ ჩადენილ დიდ დანაშაულზე, რომელიც ადამიანებს ყურანს აშორებს, უშლის ხელს მის მნიშვნელობაზე დაფიქრებასა და მის მიყოლაში, ნებისმიერი შესაძლო საშუალებით.}
29ხოლო ურწმუნოებმა (ჯოჯოხეთში ყოფნისას) თქვეს: "ჩვენო უფალო, გვიჩვენე ის ორი ჯინთაგან და ადამიანთაგან, რომლებმაც გზას აგვაცდინეს. ჩვენ მათ ფეხქვეშ დავიყენებთ, რათა ისინი ყველაზე დაბლებში იყვნენ [რათა ჯოჯოხეთის ფსკერზე აღმოჩნდნენ, სადაც უდიდესი სასჯელია]!"
30უეჭველად, ისინი, რომელთაც თქვეს: "ჩვენი ღმერთი ალლაჰია" და შემდეგ სიმტკიცე გამოიჩინეს, მათზე გარდმოევლინებიან ანგელოზები (სიკვდილის წინ): "ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით (იმის გამო, რომ ამ სამყაროს ტოვებთ), იხარეთ სამოთხით, რომელიც აღთქმული გქონდათ".
31ჩვენ ვართ თქვენი მფარველები ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც. და თქვენთვის მასში [სამოთხეში] (იქნება) (ყველაფერი), რასაც თქვენი სულები ისურვებენ, და თქვენთვის მასში [სამოთხეში] (იქნება) ის, რასაც ითხოვთ".
32მასპინძლობად მიმტევებლისგან და შემწყალებლისგან
33ვისი სიტყვაა უკეთესი, ვიდრე იმისა, ვინც ალლაჰისკენ მოუწოდებს, სიკეთეს აკეთებს და ამბობს: "ჭეშმარიტად, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც დაემორჩილა [მუსლიმი გახდა]!"
34კეთილი და ბოროტი თანასწორი არ არის. გამოიყენე სიკეთე და მაშინ ის, ვინც შენი მტერი იყო, ახლო მეგობარივით გახდება.
35და ეს [სათნოება] არ ენიჭებათ არავის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც გამოიჩინეს მოთმინება (იმის მიმართ, რაც არ მოსწონთ და აიძულეს საკუთარი თავი, გაეკეთებინათ ის, რაც ალლაჰს უყვარს); და ეს [სათნოება, ბოროტს სიკეთით პასუხის გაცემა] არ ენიჭებათ არავის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ დიდი ხვედრი.
36ხოლო თუ ეშმაკისგან რაიმე ცდუნება შეგეხება, მაშინ ალლაჰს მიმართე მფარველობისთვის. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
37მისი ერთ-ერთი სასწაულია ღამე და დღე, მზე და მთვარე. თაყვანს ნუ სცემთ მზეს, ნურც მთვარეს, არამედ თაყვანი ეცით ალლაჰს, რომელმაც შექმნა ისინი, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით.
38და თუ ისინი [მრავალღმერთიანები] ამპარტავნებას იჩენენ (ალლაჰის წინაშე თაყვანისცემასთან დაკავშირებით), მაშინ ისინი, ვინც შენს უფალთან არიან [ანგელოზები] (არ ამპარტავნობენ ამაში და), განადიდებენ მას ღამითა და დღისით და არ სწყინთ ამისგან(არ მოდუნდებიან თაყვანისცემისგან).
39მისი ნიშანთაგანია, რომ შენ ხედავ მიწას დამშრალს, და როცა გარდმოვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის და იფურჩქნება. უეჭველად, ვინც გააცოცხლა იგი, მკვდრეთით აღმადგენელია. უეჭველად, იგი ყოვლისშემძლეა.
40ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ჩვენს აიათებს ზურგს აქცევენ [არ აღიარებენ ყურანის ჭეშმარიტებას და ცდილობენ მის დამახინჯებას], ჩვენთვის დაფარულნი არ არიან! ვინ არის უკეთესი: ის, ვინც ცეცხლში [ჯოჯოხეთში] იქნება ჩაყრილი, თუ ის, ვინც აღდგომის დღეს [ალლაჰის სასჯელისგან] უსაფრთხოდ მოვა? აკეთეთ, რაც გსურთ (ო, თქვენ, ჭეშმარიტების უარმყოფელნო), რადგან, ჭეშმარიტად, ის [ალლაჰი] ხედავს, რასაც აკეთებთ!
41ჭეშმარიტად, რომელთაც არ ირწმუნეს შეხსენების [ყურანის] მის შემდეგ, რაც იგი მათთვის მოევლინა (სასტიკად დაისჯებიან). და ჭეშმარიტად, ეს [ყურანი] ნამდვილად დიდი წიგნია [ალლაჰის მიერ დაცული]!
42ვერც ერთი სიცრუე ვერ მიუახლოვდება მას [ამ წიგნს – ყურანს], არც წინიდან და არც უკნიდან [არც ერთი მხრიდან], (რადგან ყურანი) (არის) ბრძენის, საქებარის ზეგარდმოვლენა.
43(მრავალღმერთიანები) გეუბნებიან (ო, შუამავალო) იმავეს, რასაც ეუბნებოდნენ შენამდე მოსულ შუამავლებს. (ამიტომ, მოითმინე ალლაჰისკენ მოწოდების გზაზე). ჭეშმარიტად, შენი უფალი მპატიებელი და მკაცრია სასჯელში!
44და ჩვენ რომ ის [ყურანი] უცხო ენაზე შეგვექმნა, ისინი იტყოდნენ: "ნეტავ მისი აიათები (არაბულად) განმარტებული ყოფილიყო!" უცხო ენისა(ყურანი) და არაბი(მუჰამედი)?!უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): ის [ყურანი] არის სახელმძღვანელო (რომ არ ასცდეთ სწორ გზას) და განკურნება (უცოდინრობისა და მისგან გამოწვეული დაავადებებისგან) მორწმუნეებისთვის; ხოლო ურწმუნოებს ყურებში სმენა არ აქვთ, და ეს მათთვის სიბრმავეა. ესენი (მრავალღმერთიანები) იმათ ჰგვანან, ვისაც შორიდან ეძახიან".
45და ჩვენ უკვე მივეცით მუსას წიგნი [თორა], და (მის ხალხში) მასთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება. [ზოგიერთმა ადამიანმა ირწმუნა თორა, სხვებმა კი არ ირწმუნეს იგი.] (და შენმა ხალხმაც, ო, მუჰამმად, იგივე გააკეთა ყურანთან დაკავშირებით.) და რომ არა შენი უფლის სიტყვა (რომ ის არავის დასჯას არ იჩქარებს), რომელიც ადრე იყო ნათქვამი, მაშინ, უეჭველად, (უკვე ამქვეყნად) მათ შორის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული [ის მათ შორის ურწმუნოებს დასჯიდა და მორწმუნეებს გადაარჩენდა]. და (ჭეშმარიტად) ისინი ამაში [ყურანში] ნამდვილად საცდუნებელ ეჭვში არიან.
46ვინც მართლად იქცევა [კეთილ საქმეებს აკეთებს], საკუთარი თავისთვის იქცევა [სიკეთე მას დაუბრუნდება], და ვინც ბოროტს სჩადის, საკუთარი თავის საზიანოდ სჩადის, და შენი უფალი არ არის უსამართლო თავისი მსახურების მიმართ.
47(მხოლოდ) მასთან ბრუნდება ცოდნა აღდგომის დღისა [მხოლოდ მან იცის] საათის [განკითხვის დღის მოსვლის] შესახებ. და არც ხე იღებს ნაყოფს თავისი კვირტებიდან, არც მდედრი ფეხმძიმდება და არც შობს, გარდა მისი ცოდნისა. და იმ დღეს, როდესაც ის მათ [მრავალღმერთიანებს] დაუძახებს (ამ სიტყვებით): სად არიან ჩემი თანამოზიარეები [ცრუ ღვთაებები, რომლებსაც ჩემთან აიგივებდით]? – ისინი [მრავალღმერთიანები] იტყვიან: ჩვენ (ახლა) [გაცნობეთ], რომ ჩვენ შორის არც ერთი მოწმე არ არის (რომელიც დაადასტურებდა, რომ შენ თანამოზირარეები გყავს)
48და დაემალათ მათ ისინი, რასაც უწინ ევედრებოდნენ და გააცნობიერეს [გაიგეს], რომ მათთვის (ალლაჰის სასჯელისგან) თავის დაღწევის გზა არ არსებობდა.
49კაცი არასდროს წყვეტს ლოცვას (ალლაჰისადმი) და სიკეთეს ითხოვს (ამქვეყნად), მაგრამ როდესაც ბოროტება შეემთხვევა, ის სასოწარკვეთილებას მიეცემა (ალაჰის წყალობის მიმართ) და იმედს კარგავს.
50და თუ ჩვენგან წყალობას ვაგემებინებთ მას [ადამიანს] იმ გაჭირვების შემდეგ, რომელიც მას შეეხო, უთუოდ იტყვის: "ეს მე მეკუთვნის და არ მგონია, რომ სამსჯავროს საათი დადგება. და თუ ჩემს ღმერთთან დავბრუნდები, უეჭველად, მე მასთან საუკეთესო მელის". მაშინ ჩვენ უეჭველად ვამცნობებთ ურწმუნოებს იმას, რაც მათ ჩაიდინეს, და უეჭველად ვაგემებინებთ მათ სასტიკ სასჯელს.
51და როდესაც ჩვენ კაცს ვწყალობთ [ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და ა.შ.], ის ზურგს გვიქცევს და ამპარტავნდება (უარს ამბობს ჭეშმარიტების მიღებაზე). მაგრამ როდესაც ბოროტება შეეხება, ის გრძელ ლოცვებს კითხულობს [ალლაჰს ბევრს სთხოვს]. {კეთილდღეობაში თავის უფალს ივიწყებს და მას მხოლოდ გასაჭირში იხსენებს.}
52უთხარი (ო, შუამავალ) (ურწმუნოებს): "განა დაფიქრებულხართ, რომ თუ ის (ყურანი) ალლაჰისგან არის და თქვენ მას არ ირწმუნებთ, ვინ არის უფრო გზასცდენილი, ვიდრე ის, ვინც ჭეშმარიტებასთან ღრმა უთანხმოებაშია?".
53მალე ჩვენ ვაჩვენებთ მათ ჩვენს ნიშნებს მთელ სამყაროში [ყველგან და ყველაფერში] და მათშივე [იმაში, თუ როგორ შექმნა ისინი ალლაჰმა], რათა ნათელი გახდეს მათთვის(ამ ნიშნების შემცნობის შემდეგ) რომ ის(ყურანი) არის ჭეშმარიტება. განა საკმარისი არ არის, რომ თქვენი უფალი ყველაფერზე მოწმეა?
54ო, დიახ! ნამდვილად, ისინი [ურწმუნონი] ეჭვში არიან თავიანთ უფალთან შეხვედრაში [ეჭვი ეპარებათ სიკვდილის შემდეგ აღდგომაში]! ო, დიახ, ნამდვილად, მან ყოველივე მოიცვა (თავისი ცოდნით, ძალითა და სიდიადით)!