الأنعام
The Cattle • 165 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1დიდება ალლაჰს, რომელმაც გააჩინა ცანი და დედამიწა, დაადგინა ნათელი და ბნელი. ურწმუნოები, ამის მიუხედავად, თავიანთ ღმერთს სხვებს უთანაბრებენ.
2იგია, ვინც თიხისგან გაგაჩინათ, შემდეგ დაადგინა აჯალი და მის წინაშეა აჯალი განსაზღვრული.[1] ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ მაინც ეჭვი გეპარებათ.
3იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანაზე[1] , იცის თქვენი ფარულიც და ცხადიც, ასევე იცის, რასაც თქვენ მოიხვეჭთ.
4მათ თავიანთი ღმერთის აიათთაგან/სასწაულთაგან, რა აიათიც/სასწაულიც მიუვიდათ, ყველასგან პირი იქციეს.
5მართლაც ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება, როდესაც მათ მიუვიდათ, თუმცა შემდეგ მიუვათ ამბავი იმისა, რასაც აბუჩად იგდებდნენ.
6ნუთუ ვერ ხედავენ, თუ რამდენი თაობა გაგვინადგურებია მათზე ადრე, რომლებსაც ამქვეყნად ისეთი საშუალებები ვუბოძეთ, რაც თქვენთვის არ გვიბოძებია; ზეციდან უხვი ნალექი ჩამოვუვლინეთ და მდინარეები დავადგინეთ მათ ქვემოთ მდენი, შემდეგ თავიანთი ცოდვების გამო გავანადგურეთ და მათ შემდეგ სხვა თაობა გავაჩინეთ.
7თუნდაც ფურცელზე დაწერილი წიგნი ჩამოგვევლინა შენთვის და თავიანთი ხელებით შეხებულიყვნენ, მაინც იტყოდნენ ისინი, – ვინც არ ირწმუნეს, – რომ ეს მხოლოდ აშკარა ჯადოაო.[1]
8მათ თქვეს: ნუთუ ანგელოზი არ უნდა ჩამოვლენილიყო მასთან? მასთან რომ ანგელოზი ჩამოგვევლინა, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა მათი საქმე და შემდეგ აღარც ედროვებოდათ[1] .
9თუნდაც ანგელოზად დაგვედგინა იგი, უთუოდ კაცად დავადგენდით[1] და მაინც იგივე მდგომარეობაში აღმოვაჩენდით, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფებიან.[2]
10უეჭველად, შენზე ადრეც აიგდეს მასხრად შუამავლები, შემდეგ ვინც მათ დასცინოდნენ, – იმითვე იქმნენ შეპყრობილი, რისთვისაც დასცინოდნენ.[1]
11უთხარი: ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს.
12უთხარი: ვისია ის, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე? უპასუხე: ალლაჰისაა, მან მოწყალეობა თავის ვალად სცნო. ვფიცავ, რომ ის მართლაც შეგკრებთ განკითხვის დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის. ხოლო რომელთაც საკუთარ სულებს ავნეს (ურწმუნოებით), ისინი მაინც არ ირწმუნებენ.
13მისია ყოველი, რაც მკვიდრობს ღამით და დღისით; და ისაა ყოვლისმსმენელი, ყოვლისმცოდნე.
14უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ავირჩევ მფარველად – გამჩენისა ცათა და დედამიწის? და იგია დამპურებელი, ხოლო თვითონ არ საჭიროებს დაპურებას. უთხარი: ჭეშმარიტად, მე მებრძანა, რომ პირველი ვიყო, ვინც დაემორჩილა და არ იყო წარმართთაგანიო.
15უთხარი: ჭეშმარიტად, მე ვშიშობ, რომ თუ ვეურჩები ჩემს ღმერთს, თავს დამატყდება უდიდესი დღის სასჯელი.
16იმ დღეს, ვინც იქნება მისგან[1] განრიდებული, მას (ალლაჰი) მართლაც შეიწყალებს და ეს იქნება ცხადი წარმატება.
17თუკი ალლაჰმა უკეთურება შეგამთხვია, მის გარდა ვერავინ აგარიდებს; ხოლო თუკი სიკეთე შეგამთხვია, იგია ყოვლის შემძლე.[1]
18ის არის ძლევამოსილი, თავის მსახურებზე ყოვლად ამაღლებული და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
19უთხარი: რომელია ყველაზე დიდი მოწმობა? ასევე, უთხარი, რომ ჩემ და თქვენ შორის ალლაჰია მოწმე[1] , და ეს ყურანი ზეშთამეგონა, რათა მისით გაგაფრთხილოთ თქვენ და ისინი, ვისთანაც მიაღწევს.[2] თქვენ მართლაც ამოწმებთ, რომ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებებიც არსებობს?[3] უთხარი: მე არ ვამოწმებ! უთხარი: ჭეშმარიტად, ის ერთადერთი ღმერთია და უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც უთანაზიარებთ!
20ვისაც წიგნი ვუბოძეთ, ისე იცნობენ მას (მუჰამმედს), როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. რომელთაც თავიანთი სულები წარიწყმიდეს, ისინი არ ირწმუნებენ.
21მაშ, ვინაა იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუეს თხზავს[1] ალლაჰზე ან ცრუდ მიიჩნევს მის აიათებს? უეჭველად, ვერ გადარჩებიან უსამართლონი.
22იმ დღეს მათ ყველას ერთად შევყრით და ვეტყვით მათ, რომლებიც უთანაზიარებდნენ: სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომლებიც თქვენ მომიჩინეთ?[1]
23შემდეგ სხვა ვერაფერს მოიმიზეზებენ, გარდა იმისა, რომ იტყვიან: ჩვენს ღმერთს, ალლაჰს ვფიცავთ, რომ ჩვენ არ ვიყავით წარმართები!
24ნახე, როგორ ცრუობენ საკუთარ სულთა წინააღმდეგ და განუდგნენ მათ, რასაც თხზავდნენ[1] (ღმერთებად რაცხავდნენ).
25და მათგან არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ, მაგრამ მათ გულებს საბურველი გადავაფარეთ, რათა ვერ გაიგონ, ყურებშიც სიმძიმე დავუგუბეთ: თუნდაც ყველა აიათი/სასწაული იხილონ, მაინც რომ არ ირწმუნონ[1] ; უფრო მეტიც, შენთან თუ მოვლენ ისინი, ვინც არ ირწმუნეს, კამათს დაგიწყებენ და იტყვიან : უეჭველად, ეს მხოლოდ წინაპართა ზღაპრებიაო.
26ამგვარად, ისინი მისგან სხვებს აბრკოლებენ და თვითონაც შორდებიან მას; ასე მხოლოდ საკუთარ სულებს ანადგურებენ და ვერც კი ხვდებიან.
27ნეტავ გენახა, როდესაც ცეცხლის წინაშე დააყენებენ და იტყვიან: ,,ოჰ, ნეტავ უკან დავბრუნდებოდეთ და ცრუდ აღარ შევრაცხავდეთ ჩვენი ღმერთის აიათებს და ვიქნებოდეთ მორწმუნეთაგანი''.
28არა! მათ უკვე გაეცხადათ იგი, რასაც მანამდე[1] მალავდნენ; რომც დააბრუნონ, ეგენი მაინც იმას დაუბრუნდებიან, რაც ეკრძალებოდათ. უეჭველად, ეგენი მატყუარები არიან.
29და თქვეს: ჩვენი სიცოცხლე მხოლოდ ამქვეყნიურია და არც მკვდრეთით აღვდგებით ჩვენ.
30ნეტავ გენახა, როდესაც თავიანთი ღმერთის წინაშე დააყენებენ და ეტყვის: განა ეს არ არის ჭეშმარიტება?[1] ისინი ეტყვიან: დიახ, ჩვენს ღმერთს ვფიცავთ. ისიც ეტყვის: მაშ, იგემეთ სასჯელი იმის, რასაც უარყოფდით.
31მართლაც წაწყმედილან ისინი, რომელნიც ცრუდ თვლიდნენ ალლაჰთან შეხვედრას, ვიდრე არ მოუსწრებდათ ჟამი უეცრად და არ იტყოდნენ: „ვაი, ჩვენდა, იმ დაუდევრობის გამო, რაც იქ ჩავიდინეთ!“ – თანაც ზურგით ეზიდებიან თავიანთ ცოდვებს. რაოდენ ცუდია იგი, რაც მათ უტვირთავთ!
32თამაშისა და გართობის გარდა სხვა არაფერია წუთისოფელი; ხოლო ისქვეყანა უმჯობესია მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?
33რათქმაუნდა ვიცით, რომ დიდად გამწუხრებს, რასაც ისინი (შენ შესახებ) ამბობენ. მაგრამ, ჭეშმარიტებაა, რომ (სინამდვილეში) შენ კი არ გრაცხავენ ცრუდ, არამედ ალლაჰის აიათებს უარყოფენ უსამართლონი[1]
34უეჭველად, შენამდეც ცრუდ შერაცხულან შუამავალნი, მათ კი მოთმინება გამოუჩენიათ ცრუდ შერაცხვისა და შევიწროების წინაშე, ვიდრე ჩვენი შეწევნა არ მიუვიდათ. არ არსებობს შემცვლელი ალლაჰის სიტყვებისა. ჭეშმარიტად, შენ მოგივიდა ამბავი შუამავალთა.
35თუ გიმძიმს მათგან შენ მიმართ ზურგის შექცევა, მაშინ ეცადე, თუ გძალუძს, ხვრელი იპოვო მიწის სიღრმეებისკენ ან კიბე - ზეცით აღმართული, რათა მათ სასწაული მიუტანო. ალლაჰს რომ ენება, აუცილებლად შეკრებდა მათ ჭეშმარიტ გზაზე. ასე რომ, ნუ იქნები უმეცართაგანი![1]
36(შენს მოწოდებას) ყურად იღებენ მხოლოდ ისინი, რომელნიც ისმენენ; ხოლო მკვდრებს ალლაჰი აღადგენს მკვდრეთით და შემდეგ მასთან იქნებიან მიბრუნებულნი.[1]
37და თქვეს: განა ერთი სასწაულიც არ უნდა ჩამოვლენილიყო მასზე მისივე ღმერთისგან? უთხარი: ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს, რომ სასწაული ჩამოავლინოს, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.[1]
38არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ცხოველი; ან ფრინველი, რომელიც თავისი ფრთებით დაფრინავს, - რომ თქვენ მსგავსად თემებად არ იყვნენ (დაყოფილი). ჩვენ წიგნში არაფერი გამოგვრჩენია, შემდეგ თავიანთი ღმერთის წინაშე იქნენ შეკრებილნი.
39ხოლო რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვეი აიათები, - ყრუნი და მუნჯნი არიან ბნელეთში.[1] ალლაჰი, ვისაც ინებებს, მას ააცდენს (სწორი) გზიდან და ვისაც ინებებს, მას დააყენებს სწორ გზაზე.
40უთხარი: აბა მითხარით, თუკი ალლაჰის სასჯელი გეწიათ ან (ქვეყნიერების დაქცევის) ჟამი დაგიდგათ, მაინც სხვას დაუწყებთ ვედრებას, ნაცვლად ალლაჰისა, – თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი?
41არა, - მხოლოდ მას შეევედრებით, და თუ ინებებს, გიხსნით იმ მდგომარეობიდან, რისთვისაც მას ევედრებით და დაივიწყებთ იმათ, რასაც უთანაზიარებდით.
42ჭეშმარიტად, შენამდე ჩვენ სხვადასხვა ხალხთან წარვგზავეთ შუამავლები და შევიპყარით ისინი სირთულეებითა და უბედურებებით[1] , – რომ იქნებ თავდამცირებით შევედრებულიყვნენ.
43მაშინ ხომ მაინც უნდა შემვედრებოდნენ თავდამცირებით, – როდესაც ჩვენგან სირთულე ეწვიათ? თუმცა გულები გაუქვავდათ და სატანამ მოუკაზმა იგი, რასაც სჩადიოდნენ.
44როდესაც დაივიწყეს იგი, რითაც იყვნენ შეგონებული[1] , მაშინ გავუხსენით ყველაფრის კარები; და როცა გაიხარეს იმით, რაც მათ მიეცათ, – მოულოდნელად შევიპყარით და მაშინვე გახდნენ იმედგაცრუებული.
45ასე ამოიძირკვა იმ ხალხის მოდგმა, ვინც უსამართლობას ეწეოდა; ქება-დიდება ალლაჰს, - ღმერთს სამყაროთა.
46უთხარი: როგორ ფიქრობთ, ალლაჰმა რომ სმენა და მხედველობა წაგართვათ და ბეჭედი დაგასვათ გულებზე, - რომელი ღვთაება დაგიბრუნებთ მას, გარდა ალლაჰისა? შეხედე რა ნაირ-ნაირად ვმარტავთ აიათებს, შემდეგ კი მაინც პირს იბრუნებენ ეგენი.
47უთხარი: როგორ ფიქრობთ, უეცრად ან აშკარად რომ ალლაჰის სასჯელი გეწვიოთ, განა უსამართლო ხალხის გარდა ვინმე სხვა დაიღუპება?!
48არ წარვგზავნით ჩვენ შუამავლებს, თუ არა მახარობლებლად და გამფრთხილებლებლად, ხოლო ვინც ირწმუნა და გამოასწორა (ძველი ურწმუნოება), – მათთვის არც შიში იქნება და არც დამწუხრება.[1]
49ხოლო მათ, რომელთაც ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები/სასწაულები, სწორედ მათ შეეხებათ სასჯელი იმისა, რასაც ზღვარგადასულობდნენ.
50უთხარი: მე თქვენ არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საუნჯენი, არც უხილავის შესახებ ვიცი და არც იმას გეუბნებით, რომ მე ვარ ანგელოზი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემევლინება. უთხარი: განა თანასწორია ბრმა და მხედველი?[1] ნუთუ არ დაფიქრდებით?
51და მისით[1] გააფრთხილე ისინი, რომელთაც ეშინიათ, რომ შეკრება მოუწევთ თავიანთი ღმერთის წინაშე და მის გარდა არც დამხმარე ეყოლებათ და არც ქომაგი, – იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ.
52და არ განდევნო ისინი, რომლებიც დილა-საღამ თავიანთ ღმერთს ევედრებიან და მისი (კმაყოფილი) სახე სურთ. მათი ანგარიშიდან შენ არაფერი დაგეკისრება და არც მათ დაეკისრებათ შენი ანგარიშიდან რამე. თუკი განდევნი მათ, მაშინ შენ იქნები უსამართლოთაგანი.[1]
53ამგვარად, გამოვცადეთ ზოგიერთი მათგანი ზოგიერთით,[1] რომ ეთქვათ: ნუთუ ჩვენ შორის ალლაჰმა მხოლოდ ამათ მიჰმადლა სიკეთე? განა ალლაჰი უკეთ არ უწყის მადლიერთ?
54და როცა მოვლენ შენთან ისინი, რომელთაც სწამთ ჩვენი აიათები/სასწაულები, უთხარი: მშვიდობა თქვენდა! თქვენმა ღმერთმა საკუთარ თავს მოწყალება დაუწერა. ამგვარად, ვინც უკეთურებას იქმს უვიცობით, მერე კი მოინანიებს და შემდეგ გამოსწორდება, - ჭეშმარიტად, იგი უსაზღვროდ მპატიებელია, მოწყალეა!
55ასე დაწვრილებით განვმარტავთ აიათებს, - ცოდვილთა გზა რომ გამოაშკარავდეს.
56უთხარი: უეჭველად, ამეკრძალა მე, თაყვანი ვცე იმათ, რასაც თქვენ ევედრებით, ნაცვლად ალლაჰისა. უთხარი: არ ავუყვები თქვენს გემოვნებას, რადგან ნამდვილად ავცდები ჭეშმარიტ გზას და მე არ ვიქნები სწორ გზაზე მდგომთაგანი.
57უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემი ღმერთისგან მოვლენილ ცხად მტკიცებულებებს ვეყრდნობი, თქვენ კი მას უარყოფთ; მე არ ვფლობ იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ.[1] გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ის მოგითხრობთ ჭეშმარიტების შესახებ და იგია კარგი განმცალკევებელი.[2]
58უთხარი: მე რომ ვფლობდე იმას, რასაც თქვენ ჩქარობთ, მაშინ უთუოდ გადაწყდებოდა საქმე ჩემსა და თქვენს შორის, ხოლო ალლაჰმა უკეთ იცის უსამართლონი.
59და მასთანაა უხილავის გასაღებნი,[1] მის გარდა იგი არავინ იცის, მან იცის, რაცაა ხმელეთზე და ზღვაში, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდება ისე, რომ მან არ იცოდეს. ერთი მარცვალიც კი არ არსებობს დედამიწის ჯურღმულებში, – არც ნედლი და არც ხმელი, – რომ ცხად წიგნში არ იყოს გაცხადებული.[2]
60და იგია, რომელიც გაკვდინებთ ღამით და იცის, რასაც მოიხვეჭთ დღისით, შემდეგ აღგადგენთ მასში, რათა აღსრულდეს აჯალი[1] განსაზღვრული, შემდეგ - მასთანაა თქვენი მისაქციელი, მერე კი გაუწყებთ, რასაც თქვენ აკეთებდით.
61იგი ზეაღმატებულია თავის მსახურებზე და მცველებს (ანგელოზებს) აგზავნის თქვენთან; ხოლო ვისაც სიკვდილი ეწვევა, - მას მოაკვდინებენ ჩვენი წარგზავნილები და ისინი (თავიანთ საქმეში) ნაკლს არ დაუშვებენ.
62შემდეგ ალლაჰს დაუბრუნდებიან – თავიანთ ნამდვილ ბატონ-პატრონს. გახსოვდეთ რომ, მას ეკუთვნის მსჯავრი და ისაა უსწრაფესი განმკითხველი.
63უთხარი: ვინ გიხსნით ხმელეთისა და ზღვის სიბნელეებიდან, როცა გულის სიღრმეში, თავდამცირებით შეევედრებით: ვფიცავთ, თუკი გვიხსნი აქედან, უსათუოდ ვიქნებით მადლიერთაგანი.
64- უთხარი: ალლაჰი გიხსნით იმისგან და ყველა სხვა სადარდებლისგან, შემდეგ კი თქვენ მას მაინც უთანაზიარებთ.
65უთხარი: იგი ძლევამოსილია, სასჯელი მოგივლინოთ ზემოდან ან თქვენს ფეხთა ქვემოდან, ან კიდევ მხარეებად გაქციოთ[1] და თქვენმა ერთმა ნაწილმა იგემოს მეორის ძალადობა. შეხედე, რა დაწვრილებით ვმარტავთ აიათებს, იქნებ (ასე მაინც) გაიგონ.
66შენმა ხალხმა ცრუდ მიიჩნია იგი,[1] არადა ის არის ჭეშმარიტება. უთხარი: მე არ ვარ თქვენი მეთვალყურე.[2]
67ყველა ამბავს განსაზღვრული დრო აქვს (აღსრულებისა) და ამას შემდგომში შეიტყობთ.[1]
68როცა დაინახავ, რომ დამცინავად საუბრობენ ჩვენი აიათების შესახებ (რომლებიც ჩამოგევლინა ), მაშინვე გაეცალე მათ, – ვიდრე სხვა სიტყვით არ დაკავებულან. ხოლო თუკი სატანამ დაგავიწყა, მაშინ გახსენებისთანავე გაერიდე ამ უსამართლო ხალხთან დაჯდომას.
69ხოლო მათ, რომელნიც ღვთისმოშიშობენ, არაფერი მოეკითხებათ იმათი ანგარიშიდან; მათზე მხოლოდ შეგონებაა – იქნებ ღვთისმოშიშობა გამოიჩინონ.[1]
70მოშორდი მათ, რომლებიც ხუმრობით და გართობით ეკიდებიან თავიანთ სარწმუნოებას და ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას უცდუნებია! და მისით[1] შეაგონე, რომ არ დაღუპოს სული თავისი მონაპოვრით; რომ არ გააჩნია მას არც დამხმარე და არც ქომაგი, გარდა ალლაჰისა. ყველანაირი გამოსასყიდიც რომ გაიღოს, - არ მიიღება ის მისგან. სწორედ ეგენი არიან, ვინც თავიანთი მონაპოვრით დაიღუპნენ, მათთვისაა მდუღარე სასმელი და მწარე სასჯელი – იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
71უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვას ვევედროთ, რომელიც ვერას გვარგებს და ვერც გვავნებს[1] , და უკან მივბრუნდეთ, ჩვენივე ქუსლების მიმართულებით, მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დაგვაკვალიანა? იმის მსგავსად, ვინც გააბრიყვეს სატანებმა და დატოვეს ქვეყნად თავგზააბნეული, თანაც მათ ჰყავთ მეგობრები, რომლებიც ჭეშმარიტი გზისკენ უხმობენ: მოდით ჩვენთანო.[2] უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი და ჩვენ გვებრძანა, რომ სამყაროთა ღმერთს ვმორჩილებდეთ“.
72ასევე (გვებრძანა), შევასრულოთ ნამაზი და მის (ალლაჰის ) მიმართ რიდი ვიქონიოთ. იგია, რომლის წინაშეც იქნებით აღდგენილი.
73და იგია, რომელმაც ცანი და დედამიწა გააჩინა ჭეშმარიტებით და იმ დღეს იტყვის: „იყავ“, და ისიც უმალვე იქმნება, – ჭეშმარიტებაა მისი სიტყვა. მისია მეუფება იმ დღისა, როცა ბუკში ჩაიბერება[1] , მცოდნეა ხილულისა და უხილავისა, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
74აკი იბრაჰიმმა თავის მამას, აზარს უთხრა: ნუთუ კერპებს აღიარებ ღმერთებად!? უეჭველად, ვხედავ, რომ შენ და შენი ხალხი ხართ აშკარა გზააცდენილობაში.
75ამგვარად ვაჩვენეთ იბრაჰიმს ცათა და ქვეყნიერების მეუფება, რათა ყოფილიყო გულდაჯერებულ მორწმუნეთაგანი.
76- ღამით, როდესაც იგი ბინდმა გარემოიცვა და ვარსკვლავი დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“; ხოლო როდესაც გაქრა, დასძინა: მე არ მიყვარს ის, რაც ქრება.[1]
77და როცა ამომავალი მთვარე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი“, ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: თუკი ჩემმა ღმერთმა არ დამაკვალიანა ჭეშმარიტი გზისკენ, უსათუოდ მე ვიქნები გზასაცდენილ ხალხთაგანი.
78ხოლო როცა ამომავალი მზე დაინახა, თქვა: „ესაა ჩემი ღმერთი, ეს უფრო დიდია“; ხოლო როგორც კი ჩავიდა, მან თქვა: ო, ჩემო ხალხო! ჭეშმარიტად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ უთანაზიარებთ!
79ჭეშმარიტად, მე სახე ვიბრუნე ჰანიფად[1] იმისკენ, რომელმაც შექმნა ცანი და დედამიწა, და მე არ ვარ წარმართთაგანი.
80და შეედავა მისი ხალხი, მან კი უთხრა: ნუთუ ალლაჰის შესახებ მეცილებით, როცა მან დამაკვალინა ჭეშმარიტ გზაზე? მე არ მეშინია იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ მას, გარდა იმისა, თუკი ჩემმა ღმერთმა ინება რამე.[1] ჩემი ღმერთი ყოველივეს ცოდნით გარემოიცავს, ნუთუ არ გაიაზრებთ?
81და როგორ უნდა მეშინოდეს იმის, რასაც თქვენ უთანაზიარებთ (ალლაჰს ), მაშინ, როცა თქვენ არ გეშინიათ, რომ ალლაჰს უთანაზიარებდეთ იმას, რის შესახებაც თქვენთვის არანაირი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? და ამ ორი მხრიდან რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას[1] , თუ იცით?
82მათთვის, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა,[1] სწორედ მათთვისაა უსაფრთხოება და ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი.
83აი, ესაა ჩვენი მტკიცებულება, რომელიც იბრაჰიმს ვუბოძეთ თავისი ხალხის საწინაღმდეგოდ. ხარისხობრივად ვამაღლებთ მას, ვისაც ვინებებთ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.
84და ვუწყალობეთ მას ისჰაყი და ია’ყუბი, ორივე ჭეშმარიტ გზაზე დავაკვალიანეთ, ასევე, უფრო ადრე ნუჰიც დავაკვალიანეთ და მისი შთამომავლობიდან - დავუდი, სულეიმანი, აიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი. ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილისმქნელებს.
85ზექერია, იაჰია, ‘ისა და ილიასი, - ყველანი იყვნენ სათნოთაგანნი.
86ასევე, ისმა’ილი, იესე’ი, იუნუსი და ლუტი, - ყველა მათგანი გამოვარჩიეთ სამყაროთა წინაშე.
87ასევე ამოვარჩიეთ მათ მამათაგან, შთამომავალთაგან და ძმათაგან, და სწორ გზაზე დავაკვალიანეთ.
88ესაა ალლაჰის გზა - ჭეშმარიტი: მასზე თავის მსახურთაგან აკვალიანებს მათ, ვისაც ინებებს; ხოლო თუ მაინც უთანაზიარებენ, მაშინ უსათუოდ გაცამტვერდება, რასაც ისინი აკეთებდნენ.
89ეგენი[1] არიან, ვისაც ვუბოძეთ წიგნი, სიბრძნე და მაცნეობა. თუკი ისინი[2] უარყოფენ მას,[3] უსათუოდ, მას ისეთ ხალხს გადავაბარებთ, რომლებიც არ უარყოფენ.
90აი, ეგენი არიან, ვინც ალლაჰმა ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანა და შენც მათ ჭეშმარიტ გზას შეუდექი. უთხარი: იმის[1] სანაცვლოდ არ ვითხოვ თქვენგან გასამრჯელოს, არამედ ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის.[2]
91და მათ ვერ შეიცნეს ალლაჰი ყადრიანად, როგორც მას შეეფერება, როდესაც თქვეს: ალლაჰს ადამიანისთვის არაფერი ჩამოუვლენია. (შენც) უთხარი: მაშ, ვინ ჩამოავლინა წიგნი, – სინათლედა და ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანთათვის, – რომლითაც მუსა მოვიდა და რომელსაც ფურცლებზე წერთ, ნაწილი - გამოგაქვთ სააშკარაოზე, უმეტესს კი მალავთ?[1] და გესწავლათ[2] ის, რაც არ იცოდით – არც თქვენ და არც თქვნმა წინაპრებმა. უპასუხე - ალლაჰმაო (ჩამოავლინაო),[3] შემდეგ კი მიატოვე მათი ამაო საუბრით გართულნი.
92და ეს დალოცვილი წიგნი ჩამოვავლინეთ დამამოწმებლად იმისა, რაც იყო მასზე წინათ, ასევე ქალაქთა დედის[1] და მის გარშემო მყოფთა გასაფრთხილებლად. ხოლო ვისაც სწამთ საიქიო, მათ ესეც (ყურანიც) სწამთ და ისინი თავიანთ ნამაზსაც გულმოდგინედ იცავენ.
93და ვინ არის იმაზე დიდი უსამართლო, რომელმაც სიცრუე შეთხზა ალლაჰის შესახებ ან თქვა, რომ ვაჰი (ღვთიური შეტყობინება) მივიღეო; არადა მას არაფერი მიუღია; ასევე, ვინც თქვა: მეც ჩამოვავლენ იმის მსგავსს, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო. ნეტავ გენახა სულთმობრძავი უსამართლონი, როდესაც ანგელოზები ხელებგაწვდილნი ეუბნებიან: განუტევეთ სულები! დღეს მოგეზღვებათ სასჯელი დამამცირებელი, იმ უსამართლობისთვის, რასაც ალლაჰის შესახებ ამბობდით და მისი აიათების მიმართ მედიდურობდით!
94და ვფიცავ, ჩვენ წინაშე ისე ეულად მოხვედით, როგორც პირველად გაგაჩინეთ.[1] და ზურგსუკან მიგიტოვებიათ, რაც თქვენთვის გვიბოძებია,[2] ვეღარც თქვენს ქომაგებს ვხედავთ თქვენთან ერთად, რომლებიც, გჯეროდათ, რომ იყვნენ (ალლაჰის) თანაზიარნი. უკვე გაწყდა კავშირი თქვენ შორის და განდეგილა ის თქვენგან, რასაც ამტკიცებდით (უსაფუძვლოდ).
95ჭეშმარიტად, ალლაჰია მარცვლისა და კურკის გამპობ-გამღივებელი, ცოცხალი მკვდრისგან გამოჰყავს და ცოცხლისგანაც - მკვდარი. აი, ეს არის ალლაჰი და თქვენ როგორ განერიდებით?
96- გამღვივებელი ალიონისა, რომელმაც დაადგინა ღამე მოსასვენებლად, მზე და მთვარე კი (დროთა) გამოსათვლელად. ასეთია განგება ძლევამოსილის, ყოვლის მცოდნისა.
97და იგია, ვინც თქვენთვის დასხა ვარსკვლავები, რათა მათით გზა გაგეკვლიათ ხმელეთისა და ზღვის წყვდიადებში. უეჭველად, ჩვენ დაწვრილებით განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
98და იგია, რომელმაც შეგქმნათ ერთი სულისგან; შემდგომ (დაგიდგინათ) მოსაკალათებელი და მისაბარებელი.[1] უეჭველად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები – იმ ხალხისთვის, რომლებიც გამგებია.
99იგია, რომელმაც ზეციდან წყალი ჩამოავლინა; და აღმოვაცენეთ მისით ყველანაირი მცენარე, ამოვზარდეთ მისგან მწვანობი, იმისგან კი მარცვლები[1] - ერთმანეთზე ასხმული, ხოლო ფინიკის კოკრისგან - ჩამოკიდებული მტევნები, ასევე ყურძნის ბაღები, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსიც და განსხვავებულიც. შეხედეთ მის ნაყოფს, რომელიც ისხამს და მწიფდება. ჭეშმარიტად, ამ ყველაფერში მართლაც სასწაულებია მორწმუნე ხალხისთვის.
100და ალლაჰს ჯინები უთანაზიარეს, არადა მან გააჩინა ისინი; ასევე, უვიცად დასწამეს ძეები და ასულები. იგი ყოვლად უნაკლო და უზენაესია იმისგან, როგორადაც ახასიათებენ.
101- იგი ცათა და დედამიწის არაფრისგან შემქმნელია და შვილი საიდან ეყოლება, როდესაც ცოლი არ ჰყოლია? და მან გააჩინა ყველაფერი, იგია ყოვლის მცოდნე.
102იგია ალლაჰი – ღმერთი თქვენი, არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, ყოვლის გამჩენისა. მაშ, თაყვანი ეცით მას, - იგია ყოვლის მეთვალყურე.
103- ვერ შესწვდებიან იმას მზერანი,[1] თვითონ კი მწვდომია მზერათა, და ისაა ლმობიერი, ყოვლისმცოდნე.
104ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ თვალსაჩინო მტკიცებულებანი; ასე რომ, ვინც თვალს გაახელს - მისივე სულის სარგოდ, ხოლო ვინც წაუბრმავებს - მისდა საზიანოდ. და არ ვარ მე თქვენი მეთვალყურე.
105ამგვარად ვმარტავთ აიათებს ყოველმხრივ, ისინი კი მაინც იტყვიან: „გისწავლია“,[1] რათა ცხადგვეყო ხალხისთვის, რომლებმაც იციან.
106მიჰყევი იმას, რაც ზემოგევლინა შენი ღმერთისგან; არ არსებობს ღვთაება გარდა მისი, და ზურგი აქციე წარმართებს.
107ალლაჰს რომ ენება, არ უთანაზიარებდნენ, და შენ არც მცველად[1] დაგვიდგენიხარ და არც ვექილი ხარ მათი.
108და არ გალანძღოთ ისინი, ვისაც ალლაჰის ნაცვლად ევედრებიან, რადგან ისინიც ალლაჰს დაუწყებენ ლანძღვას – მტრობით, ცოდნის გარეშე. ასე მოვუკაზმეთ ყველა თემს თავიანთი საქმენი, შემდეგ თავიანთ ღმერთთანაა მათი მისაბრუნებელი და ის (ალლაჰი) აცნობებთ მათ იმის შესახებ, რასაც აკეთებდნენ.
109ალლაჰს იფიცებიან მთელი თავგამოდებით, რომ თუკი ერთი სასწაული მიევლინებათ, მაშინ აუცილებლად ირწმუნებენ მას. უთხარი: ჭეშმარიტად, სასწაულები ალლაჰის განკარგულებაშია, თქვენ (მორწმუნენო) კი არ იცით, რომ სასწაულები რომც მოვიდეს, ეგენი მაინც არ ირწმუნებენ!
110და შევაქცევთ მათ გულებსა და ხედვებს, როგორც არ ირწმუნეს თავდაპირველად[1] , და მივატოვებთ თავიანთ ზღვარგადასულობაში, თავგზააბნეულებს.
111ჩვენ რომ ანგელოზები ჩამოგვევლინა მათთვის ან მკვდრები დაგველაპარაკებინა, და მათ წინაშე შეგვეკრიბა ყოველივე, - ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, გარდა იმისა, თუკი ალლაჰი ინებებდა (რწმენას); მაგრამ მათი უმრავლესობა უვიცობს.
112ამგვარად, ყველა მაცნეს მივუჩინეთ მტრები - სატანები - ადამიანთა და ჯინთაგან,[1] რომლებიც ერთმანეთს ენამოკაზმულად შთააგონებენ მაცდურ სიტყვებს. შენს ღმერთს რომ ენება, ისინი ასე არ მოიქცეოდნენ. მაშ, მიატოვე ისინი და ისიც, რა სიცრუესაც თხზავენ.
113რათა გადაიხაროს მათი გულები, რომელთაც არ სწამთ ისქვეყანა, იჯერონ გული მისით და მოიხვეჭონ იგი, რასაც იხვეჭენ.
114(უთხარი:) განა, ალლაჰის გარდა სხვა მსაჯულის ძებნას დავიწყებ მაშინ, როცა იგია, ვინც დეტალურად განმარტებული წიგნი ჩამოავლინა თქვენთან? ხოლო რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, კარგად იციან, რომ იგი შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებითაა ჩამოვლენილი. მაშ, ნუ იქნები იმათგან, ვინც ორჭოფობს!
115და სიწრფელითა და სამართლით აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვები, არ არსებობს ამ სიტყვების შემცვლელი და იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
116და თუ დაჰყვები დედამიწაზე მყოფთა უმრავლესობას, ეგენი აგაცდენენ ალლაჰის გზას, რამეთუ მარტო ვარაუდს მისდევენ და მხოლოდ ცრუობენ.
117ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის, თუ ვინ აცდა მის გზას, და მან უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფნი.
118მაშ, მიირთვით ის (ხორცი), რაზეც (დაკვლისას) ნახსენებია ალლაჰის სახელი, - თუ ხართ მისი აიათების/სასწაულების მორწმუნენი.
119და რა გემართებათ, რომ არ მიირთმევთ იმას, რაზეც (დაკვლისას) ალლაჰის სახელია ნახსენები? მან ხომ დეტალურად განმარტა თქვენთვის (ის ყველაფერი), რაც აკრძალა,[1] გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისკენ გასაჭირი გიბიძგებდათ. ჭეშმარიტად, ბევრი თავიანთ გემოვნებაზე აყოლით და უცოდინრად, მართლაც სცდებიან სწორი გზიდან. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყველაზე კარგად იცნობს ზღვარგადასულებს.
120მაშ, მოეშვით ცოდვას, აშკარასაც და ფარულსაც! უეჭველად, ვინც ცოდვას იხვეჭავენ, დაისჯებიან იმისთვის, რასაც მოიხვეჭენ.
121და არ მიირთვათ ის, რაზეც (დაკვლისას) ალლაჰის სახელი არ ხსენებულა;[1] ჭეშმარიტად, მორჩილებისგან გასვლაა იგი. უეჭველად, სატანები შთააგონებენ თავიანთ მეგობრებს, რომ გეკამათონ;[2] ხოლო თუ დაჰყვებით, მაშინ წარმართები იქნებით თქვენც.[3]
122განა ის, ვინც (სულიერად) მკვდარი იყო და (რწმენით) გამოვაცოცხლეთ; გამოვაცოცხლეთ და მივმადლეთ ნათელი, რითაც ხალხში დაიარება, – მსგავსია იმისა, რომლის მაგალითიც ბნელეთში მყოფისას ჰგავს, საიდანაც არ არის გამომსვლელი? ამგვარად მოკაზმულა ურწმუნოთათვის ის, რასაც აკეთებენ.
123და ამგვარად, ყველა ქალაქში იქაური ბრალეულნი დავადგინეთ თავკაცებად, რათა ემზაკვრათ მასში, მაგრამ ვერავის უმზაკვრებენ, გარდა საკუთარი სულებისა, და ვერც კი აცნობიერებენ.
124და როცა აიათი მიუვიდათ, მათ თქვეს: არ ვირწმუნებთ მანამდე, სანამ არ მოგვეცემა იმის მსგავსი, რაც ალლაჰის შუამავლებს მიეცათ. უკეთ იცის ალლაჰმა, თუ ვის დააკისროს შუამავლური მისია, ბრალეულები კი ალლაჰის წინაშე დამცირებას და მის მკაცრ სასჯელს გადაეყრებიან, იმის გამო, რასაც მზაკვრობდნენ.
125ალლაჰი, ვის ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებასაც ინებებს, - გულს გაუხსნის მას ისლამისთვის;[1] ხოლო ვის გზააბნევასაც ინებებს, - ჩაახშობს მის გულს და შეავიწროვებს, თითქოს ზეცაში ადიოდეს.[2] ალლაჰი ასე მიუჩენს სიბილწეს მათ[3] , რომელთაც არ ირწმუნეს.
126და ესაა შენი ღმერთის სწორი გზა. ჭეშმარიტად, ჩვენ დეტალურად განვმარტეთ აიათები ხალხისთვის, რომელნიც გაიაზრებენ.
127მათთვისაა მშვიდობის სამკვიდრო ღმერთთან, და იგია შემწე იმისთვის, რასაც აკეთებდნენ.
128და ერთ დღეს ყველას ერთად შეჰყრის (და ეტყვის): ეი, ჯინთა კრებულო! მართლაც ბევრი აცდუნეთ ადამიანთაგან. და მათი მეგობრები ადამიანები იტყვიან: ღმერთო ჩვენო! სარგებელს ვღებულობდით ერთმანეთისგან და ამასობაში მოგვისწრო ჩვენმა აჯალმა, რომელიც დაგვიდგინე. უთხრა (ალლაჰმა): ცეცხლია თქვენი სამყოფელი, რომელშიც დარჩებით სამარადისოდ, – გარდა იმისა, რასაც ალლაჰი ინებებს. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ბრძენია, ყოვლისმცოდნე.
129ამგვარად დავაამხანაგებთ ზოგიერთ უსამართლოებს ზოგიერთებთან,[1] იმისთვის, რასაც მოიხვეჭდნენ.
130ეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოგსვლიათ შუამავლები თქვენივე წიაღიდან, რომლებიც გიკითხავდნენ ჩემს აიათებს და გაფრთხილებდნენ ამ დღის შეხვედრაზე? თქვეს: ვმოწმობთ ჩვენივე სულების წინააღმდეგ. ისინი ამქვეყნიურმა ცხოვრებამ აცდუნა და საკუთარი სულების წინააღმდეგ დაამოწმეს, რომ იყვნენ ურწმუნოები.
131ასეა, რადგანაც შენი ღმერთი არ არის ქალაქების უსამართლოდ დამაქცეველი ისე, რომ მისი მკვიდრი იყოს გაუფრთხილებელი.
132ყველას თავიანთი ნამოქმედარის შესაბამისი ხარისხები გააჩნიათ და შენი ღმერთი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც აკეთებენ.
133და ყოვლად მდიდარია ღმერთი შენი, უსაზღვროდ მოწყალე. თუკი ინებებს, წაგიყვანთ თქვენ და თქვენს შემდეგ ჩაანაცვლებს მათ, ვისაც ინებებს – როგორც თქვენ შეგქმნათ სხვა ხალხის შთამომავლად.
134ჭეშმარიტად, რაც აღგეთქვათ[1] , უთუოდ მოგეწევათ და ვერ აღუდგებით მას.
135უთხარი: ეი, ჩემო ხალხო! აკეთეთ ის, რაც გიკეთებიათ, უეჭველად, მეც ვიღწვი, და შემდეგში გაიგებთ, თუ ვისი იქნება იმიერსოფლის სასურველი შედეგი. ჭეშმარიტად, ვერ გადარჩებიან უსამართლონი.
136და დაუდგინეს წილი ალლაჰს, იმ მოსავლიდან და საქონლიდან, რაც მან გააჩინა, და თქვეს: „ეს ალლაჰისაა“, ეს კი „ჩვენი თანაზიარებისა“. რაც თავიანთი თანაზიარებისთვის ჰქონდათ გადადებული, იქიდან ალლაჰს არაფერი ხვდებოდა; ხოლო რაც ალლაჰისთვის ჰქონდათ განკუთვნილი, ისიც თანაზიარებს ხვდებოდათ.[1] რაოდენ ცუდია ის, რასაც განსჯიან!
137ამგვარად, თავიანთმა თანაზიარებმა[1] მრავალ წარმართს საკუთარი შვილების ხოცვა მოუკაზმეს, რათა გაენადგურებინათ ისინი და აემღვრიათ მათთვის თავიანთი რჯული. ალლაჰს რომ ენება, ამას არ იზამდნენ. მაშ, მიატოვე ისინი და ისიც, რასაც ცილისმწამებლობენ.
138და თქვეს: ხელშეუხებელია ესა და ეს საქონელი და მოსავალი, მას ვერავინ მიირთმევს, გარდა იმისა, ვისაც ვინებებთო; ასევე თქვეს პირუტყვზე, რომელთა ზურგებსაც ნაკრძალად თვლიდნენ, და საქონელზე, რომლებზეც (დაკვლისას) არ ახსენებდნენ ალლაჰის სახელს[1] . – ცილს სწამებდნენ და (ალლაჰი) დასჯის იმის გამო, რასაც ცილისმწამებლობდნენ.
139და თქვეს: რაცაა ამ საქონელთა მუცლებში, ის განკუთვნილია მხოლოდ ჩვენი კაცებისთვის და აკრძალული - ჩვენი ქალებისთვის, ხოლო თუკი მკვდარი აღმოჩნდება, მაშინ ყველანი მოზიარენი იქნებიან მასში.[1] ამგვარი შეფასებისა და ცილისმწამებლობის გამო დასჯის მათ (ალლაჰი); ჭეშმარიტად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნე.
140მართლაც წარწყმედილან ისინი, რომელთაც დახოცეს თავიანთი შვილები[1] უგუნურობითა და უცოდინრობით, და ალლაჰზე ცილისწამებით აკრძალეს ის, რაც ალლაჰმა უწყალობათ საზრდოდ; მართლაც გადავიდნენ სწორი გზიდან და არც იყვნენ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი.
141და იგია, ვინც შექმნა ბაღნარი - ძირს გართხმული და განურთხმელი, ფინიკი და ყანები - სხვადასხვაგვარი ნაყოფის მქონე, ზეთისხილი და ბროწეული - ერთმანეთის მსგავსი და განსხვავებული. მიირთვით მისი ნაყოფი, როცა მოისხამს, და გაიღეთ მისი წილი მოსავლის აღების დღეს[1] , და არც ფუჭად ხარჯოთ, ჭეშმარიტად, მას არ უყვარს ფუჭად მხარჯველნი.
142ასევე (გააჩინა) პირუტყვები - ტვირთმზიდად და საქვეშაგებოდ.[1] მიირთვით იქედან, რაც ალლაჰმა გიწყალობათ საზრდოდ, და არ გაუყვეთ სატანის ნაკვალევს! ჭეშმარიტად, ცხადი მტერია ის თქვენი.
143(წარმართთა მტკიცებით ხელშეუხებელი პირუტყვი) რვა წყვილია: ორი ცხვრის და ორიც თხის. ჰკითხე: ორი მამალი აგიკრძალათ, ორი დედალი[2] თუ ის, რასაც შეიცავს ორი მდედრის საშვილოსნოები? ცოდნით მიპასუხეთ, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ (თუ მართლები ხართ).
144ასევე, ორი აქლემის და ორიც ძროხის. ჰკითხე: ორი მამალი აგიკრძალათ, ორი დედალი,[1] თუ ის, რასაც შეიცავს ორი მდედრის საშვილოსნოები? თუ მომსწრენი იყავით (იმ ამბის), როდესაც ალლაჰმა ეს გიბრძანათ? მაშ, ვინღაა იმაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰის შესახებ სიცრუეს თხზავს, რათა აცდუნოს ხალხი უცოდინრობით?! ჭეშმარიტად, ალლაჰი უსამართლო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე.
145უთხარი: ჩემთვის ზეშთაგონებით ჩამოვლენილში ვერაფერს ვპოულობ აკრძალულს, რასაც მჭამელი მიირთმევს, გარდა მკვდარის ან დაღვრილი სისხლის, ანდაც ღორის ხორცისა, რომელიც, უეჭველად, სიბილწეა, ან კიდევ სისაძაგლისა, რომელიც ალლაჰის ნაცვლად სხვისთვის დაიკლა.[1] ხოლო ვინც იძულებული შეიქმნას, ოღონდ არ იურჩოს და არც გადაამეტოს, - ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელია.
146მათ კი, რომელნიც იუდეველნი არიან, ავუკრძალეთ ყოველი ჩლიქგაუყოფელი,[1] ხოლო ძროხისა და ცხვრისგან - ქონი ავუკრძალეთ[2] , – გარდა იმისა, რაც აქვს ზურგზე ან შიგნეულზე, ან კიდევ ძვალზე შერჩენილი. ასე მივუზღით თავიანთი ზღვარგადასულობისთვის და ჩვენ მართლაც მართლები ვართ.
147ხოლო თუკი ცრუდ შეგრაცხეს, მაშინ უთხარი: თქვენი ღმერთი უსაზღვროდ მოწყალეა, მაგრამ მისი სასჯელი შეუქცევადია ცოდვილი ხალხისგან.
148ასე იტყვიან ისინი, რომლებმაც უთანაზიარეს: ალლაჰს რომ ენება, არც ჩვენ ვუთანაზიარებდით და არც ჩვენი წინაპები, და არც არაფერს ავკრძალავდით. ამგვარადვე ცრუდ შერაცხეს იმათაც, ვინც იყვნენ მათზე ადრე, ვიდრე ჩვენი რისხვა არ იგემეს. უთხარი: განა თქვენ ფლობთ უტყუარ ცოდნას და შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ იგი? მაგრამ თქვენ მხოლოდ ვარაუდს ეყრდნობით და თქვენ მხოლოდ ცრუობთ.
149უთხარი: ალლაჰს კი მარწმუნებელი მტკიცებულება აქვს და რომ ენება, ყველა თქვენგანს დააკვალიანებდა ჭეშმარიტ გზაზე.
150უთხარი: მოიყვანეთ თქვენი მოწმენი, რომლებიც დაამოწმებენ, რომ ალლაჰმა აკრძალა ეს! ხოლო თუკი (ცრუდ) დაამოწმებენ, შენ არ დაამოწმო მათთან ერთად და არ დაჰყვე მათ გემოვნებას, რომლებმაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, და იმათ, რომელთაც არ სწამთ იმქვეყნისა, და ისინი თავიანთ ღმეღთს სხვებს უთანაბრებენ.
151უთხარი: მოდით, წაგიკითხოთ, რაც თქვენმა ღმერთმა აგიკრძალათ: - ის, რომ არაფერი უთანაზიაროთ მას, სიკეთე გამოიჩინოთ მშობელთა მიმართ და არ დახოცოთ შვილები სიღარიბის გამო, – ჩვენ გაპურებთ თქვენც და მათაც; ასევე ის, რომ არ მიუახლოვდეთ ავზნეობას – არც აშკარას და არც ფარულს; არც სული მოაკვდინოთ, რაც ალლაჰმა აკრძალა, – გარდა სამართლის აღდგენისა.[1] აი, ამათ გიბრძანებთ (ღმერთი), იქნებ გონს მოეგოთ.
152და არ მიუახლოვდეთ ობლის ქონებას, გარდა საუკეთესო ფორმით (მიახლოებისა), - ისიც მანამ, ვიდრე სრულწლოვნებას მიაღწევდეს; და სამართლიანად უერთგულეთ საზომსა და საწონს.[1] არცერთ სულს არ ვატვირთავთ, იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. როდესაც საუბრობთ, იყავით სამართლიანნი – თუნდაც თქვენივე ნათესავების წინააღმდეგ, და ერთგულად დაიცავით ალლაჰის აღთქმა. ამას გიბრძანებს თქვენ, იქნებ გაიაზროთ და არ დაივიწყოთ.
153და უეჭველად, ესაა ჩემი გზა - ჭეშმარიტი; მაშ, მიჰყევით მას და ნუ გაჰყვებით სხვა გზებს, თორემ დაგანაწევრებს თქვენ მისი გზიდან. ეს გიანდერძათ თქვენ, იქნებ რიდი გქონდეთ.[1]
154შემდეგ წიგნი ვუბოძეთ მუსას სრულობად – იმ სიკეთის გამო, რაც ჰქმნა, ყოველი საქმის განმარტებად, ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და წყალობად, – რომ იქნებ ერწმუნათ თავიანთ ღმერთთან შეხვედრა.[1]
155და ეს წიგნი (ყურანი), ჩვენს მიერ ჩამოვლენილი, დალოცვილია. მაშ მიჰყევით მას და რიდი გამოიჩინეთ - იქნებ შეწყალებულიყავით.
156- რომ არ თქვათ: ჩვენამდე ორ ჯგუფზე[1] ჩამოევლინა წიგნი, ხოლო ჩვენ მოკლებულნი ვიყავით მათ სწავლებას.
157ან არ გეთქვათ: ნეტავ ჩვენაც ჩამოგვვლენოდა წიგნი, მაშინ უთუოდ მათზე უკეთ დავადგებოდით ჭეშმარიტ გზას. დიახაც, თქვენი ღმერთისგან მოგივიდათ ცხადი მტკიცებულება, ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი და მწყალობელი. ხოლო ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰის აიათები/სასწაულები ცრუდ შერაცხა და განერიდა/განარიდა მას. მძიმე სასჯელით დავსჯით მათ, რომლებიც განერიდებიან/განარიდებენ ჩვენს აიათებს/სასწაულებს – იმის გამო, რასაც განერიდებოდნენ/განარიდებდნენ.
158ნუთუ მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ანგელოზები მივიდნენ მათთან, ან შენი ღმერთი მივიდეს, ან კიდევ შენი ღმერთის ზოგიერთი სასწაულები მიუვიდეთ? იმ დღეს, როცა შენი ღმერთის ზოგიერთი სასწაულები[1] მოევლინებათ, რწმენა არ არგებს სულს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან არანაირი სიკეთე არ მოუხვეჭავს თავისი რწმენის სასარგებლოდ.[2] უთხარი: მაშ დაელოდეთ, ჩვენც მომლოდინენი ვართ!
159უეჭველად, რომელთაც დაანაწევრეს თავიანთი რჯული და იქცნენ ჯგუფებად,[1] შენ მათთან არაფერი გაქვს საერთო. ჭეშმარიტად, მათი საქმე ალლაჰზეა, აცნობებს მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ.
160ვინც (ჩვენ წინაშე) სიკეთით წარდგება, მიერგება ათმაგად, ხოლო ვინც უკეთურებით წარდგება, მას მხოლოდ შესაბამისად მიეზღვება[1] , და არ შეეხებათ უსამართლობა.[2]
161უთხარი: ჭეშმარიტად, მე ჩემმა ღმერთმა სწორ გზაზე დამაკვალიანა, - მტკიცე სარწმუნოებაზე – ჰანიფი[1] იბრაჰიმის რჯულზე, და ის არ იყო წარმართთაგანი.
162უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემი ნამაზიც, ყურბანიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც სამყაროთა ღმერთს - ალლაჰს ეკუთვნის.
163მას არ ჰყავს (არავითარი) თანაზიარი, ეს მებრძანა[1] მე და მე ვარ პირველი მორჩილთაგანი/მუსლიმთაგანი.[2]
164უთხარი: განა ალლაჰის გარდა სხვა ღმერთი ვეძიო, როდესაც ის არის ღმერთი ყოვლისა? რასაც ყოველი სული მოიხვეჭს, მხოლოდ მასზეა იგი, და არცერთი ცოდვილი არ იტვირთავს სხვის ცოდვას.[1] ბოლოს თქვენს ღმერთთანაა თქვენი მისაქციელი და ის გამცნობთ იმის შესახებ, რაზეც ცილობდით.
165და იგია, რომელმაც მონაცვლეებად დაგადგინათ დედამიწაზე (თქვენზე ადრე მყოფების), ასევე ზოგიერთი თქვენგანი, ზოგიერთთან შედარებით რამდენიმე საფეხურით აამაღლა, რათა გამოეცადეთ იმით, რაც თქვენთვის უბოძებია. უეჭველად, შენი ღმეღთი მსწრაფლსასჯელიანია და ჭეშმარიტად, იგი მართლაც უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.