الشورى
The Consultation • 53 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ჰაა მიიმ
2'აინ, სიინ, ყააფ
3ასე შთაგაგონებს შენ და მათ, რომელნიც შენამდე იყვნენ, ალლაჰი, ძლევამოსილი, ბრძენი.
4მხოლოდ მას ეკუთვნის ყოველივე ცაში და დედამიწაზე; და ის უზენაესი, დიდებულია!
5ლამისაა ცანი გაიპოს მათ ზემოდან. ხოლო ანგელოზები ადიდებენ თავიანთ ღმერთს ქებით და შენდობას სთხოვენ მათთვის, ვინც დედამიწაზეა. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
6ხოლო მათ, რომელთაც მის გარდა მფარველები გაიჩინეს, ალლაჰია მათზე ზედამხედველი. და შენ მათზე პასუხისმგებელი არ ხარ.
7და ამგვარად [როგორც წინა წინასწარმეტყველებს], შენც შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) ყურანი, არაბულ ენაზე, რათა შეახსენო ქალაქთა დედას [მექქას] და მის გარშემო მცხოვრებთ, და გააფრთხილო შეკრების დღის შესახებ, რომელშიც ეჭვი არ არის. (და როდესაც ყველა არსება შეგროვდება) ზოგი (იქნება) სამოთხეში [მორწმუნეები], ზოგი კი (იქნება) ცეცხლის ალში [ჯოჯოხეთში].
8და ალლაჰს რომ ენება, მათ ერთ საზოგადოებად აქცევდა [ყველა ადამიანი ერთ რწმენას იზიარებდა], მაგრამ თავის წყალობაში [რწმენაში] შეჰყავს, ვინც მას(ალლაჰს) სურს. და უსამართლოებს [ურწმუნოებს] არც მფარველი ჰყავთ და არც შემწე!
9ნუთუ მათ მის გარდა სხვა მფარველები გაიჩინეს? მაგრამ ალლაჰია ჭეშმარიტი მფარველი. ის აცოცხლებს მკვდრებს და ის ყოვლისშემძლეა.
10და ყველაფერი, რაშიც თქვენ ვერ თანხმდებით, გადაწყვეტა (უნდა ეძებოთ) ალლაჰთან. აი ის ალლაჰი(რომელსაც ის თვისებები აქვს) არის ჩემი უფალი, მას მივენდე(მასზეა ჩემი იმედები ყველაფერში) და მას ვუბრუნდები მონანიებით.
11ცათა და მიწის შემოქმედი! მან შეგიქმნათ მეუღლეები თქვენგანვე და წყვილები პირუტყვთაგან. ამით ის გაგამრავლებთ(და გაცხოვრებთ). არავინ არის მისი მსგავსი! და ის არის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხილველი!
12მას ეკუთვნის ცათა და მიწის გასაღებნი. იგი უხვად ანიჭებს სარჩოს, ვისაც ინებებს, და ამცირებს (წილს) (ვისაც მოისურვებს).. უეჭველად, მან ყოველივე იცის.
13მან დაგიდგინათ თქვენ რჯულად ის, რაც უბრძანა ნუჰს, და რაც შენ შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) და რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ისას, რომ: "დაიცავით რწმენა და ნუ გაიყოფით მასში". მძიმეა წარმართთათვის ის, რისკენაც მათ მოუწოდებ. ალლაჰი ირჩევს თავისთვის, ინებებს ვისაც, და თავისკენ გზას უჩვენებს მას, ვინც ინანიებს.
14და გაიყვეს მათ (სხვადასხვა რელიგიებად და მაზჰაბებად) მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვიდა მათთან ცოდნა (ალლაჰისგან), მხოლოდ ურთიერთშორის ბოროტი შურით. და რომ არა სიტყვა, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული შენი უფლის მიერ განსაზღვრული ვადით, მათ შორის განაჩენი იქნებოდა გამოტანილი. და მართლაც, ისინი, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს წიგნი [თორა და სახარება] მათ შემდეგ [იმათ შემდეგ, რომლებმაც უთანხმოება შეიტანეს სიმართლეში], – ისინი ნამდვილად იმყოფებიან ამის მიმართ გონებასაბნეველ ეჭვში.
15ამიტომ მოუწოდე (ალლაჰის მსახურთ) ამისკენ [ჭეშმარიტი რწმენისკენ] (ო, შუამავალო) და მიჰყევი სწორ გზას, როგორც გიბრძანეს, და არ გაჰყვე მათ ვნებებს და თქვი: "მე მწამს იმისა, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა წერილში [ყველა იმ წიგნში, რომელიც ალლაჰმა თავის შუამავალთ გამოუცხადა]. და მე მებრძანა, რომ სამართლიანი ვიყო თქვენ შორის! ალლაჰი ჩვენი უფალია და თქვენი უფალი; ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვს, თქვენ კი — თქვენი საქმეები. ჩვენსა და თქვენ შორის არანაირი მტკიცებულება არ არის [თქვენთან კამათი უაზროა] (მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტება ცხადი გახდა). ალლაჰი (ყველას) შეგვკრებს (აღდგომის დღეს) (და სამართლიანად განგვსჯის). და მასთანაა დაბრუნება!"
16ხოლო ისინი, რომელნიც დავობენ ალლაჰის შესახებ, მას შემდეგ, რაც მას(ისლამს) უპასუხეს(მიიღეს ისლამი), მათი არგუმენტები უფლის წინაშე უსარგებლოა და მათზე რისხვაა (ალლაჰისგან) (ამქვეყნად), და მათთვის მწარე სასჯელია [ჯოჯოხეთი]!
17ღმერთია ის, რომელმაც გარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებით და სასწორი. და რა იცი (ო, შუამავალო), იქნებ საათი [განკითხვის დღე] (უკვე) ახლოსაა!
18მის დაჩქარებას ითხოვენ ისინი, ვისაც მისი არ სწამთ, ხოლო მორწმუნეებს კი ეშინიათ მისი და იციან, რომ ის ჭეშმარიტებაა. უეჭველად, ისინი, ვინც (აღდგომის)საათზე დავობენ, შორეულ ცდომილებაში არიან.
19ალლაჰი ლმობიერია თავის მონათა მიმართ. იგი სარჩოს უბოძებს, ვისაც ინებებს. და იგია ყოვლადძლიერი, ძლევამოსილი.
20ვისაც იმქვეყნიური მოსავალი სურს, ჩვენ გავუმრავლებთ მას თავის მოსავალს. ხოლო ვისაც ამქვეყნიური მოსავალი სურს, ჩვენ მივცემთ მას იქიდან, და იმქვეყნად მას წილი არ ექნება
21ან იქნებ მათ ჰყავთ თანაზიარნი, რომლებიც მათთვის რელიგიაში დაადგინეს ის, რაც ალლაჰმა არ დაუშვა? და რომ არა სიტყვა დაყოფის შესახებ, მათ შორის უკვე იქნებოდა გადაწყვეტილი. ნამდვილად, უსამართლოებს მტკივნეული სასჯელი ელით!
22იხილავ უსამართლოებს შეძრწუნებულთ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, და ის ეწევათ მათ. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, სამოთხის ბაღებში იქნებიან. მათთვისაა, რასაც ინებებენ თავიანთი ღმერთის წინაშე. აი, ესაა უდიდესი წყალობა.
23ეს არის ის, რითაც ახარებს ალლაჰი თავის მონებს, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს. უთხარი: "მე არ გთხოვთ ამისთვის საზღაურს, გარდა სიყვარულისა ახლობლების მიმართ". და ვინც სიკეთეს ჩაიდენს, ჩვენ მას სიკეთეს გავუმრავლებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია, მადლიერია.
24ან ისინი იტყვიან: "მან [მუჰამმადმა] ალლაჰის შესახებ სიცრუე შეთხზა!" ალლაჰს რომ ენება, შენს გულს დაგილუქავდა, და ალლაჰი გაანადგურებდა სიცრუეს და თავისი სიტყვებით დაადასტურებდა ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტად, მან იცის, რა არის (მისი) ქმნილებების გულებში!
25ის არის, რომელიც იღებს მონანიებას თავის მსახურთაგან და პატიობს ცოდვებს და იცის, რასაც თქვენ სჩადიხართ
26და პასუხობს (ალლაჰი)მათ, რომლებმაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, და იგი თავისი სიუხვიდან დაუმატებს მათ(თავის წყალობას). ხოლო ურწმუნოებს —მათთვის იქნება მკაცრი სასჯელი [ჯოჯოხეთი].
27ალლაჰს რომ თავისი მსახურებისთვის სარჩო გაემრავლებინა [მიეცა მათთვის საჭიროზე მეტი], ისინი უეჭველად ჩაიდენდნენ ბოროტ საქმეებს დედამიწაზე, მაგრამ ის ამცირებს [სარჩოს] განსაზღვრულ ზომამდე, როგორც მას სურს [ზოგიერთს მდიდარს ხდის, ზოგიერთს კი — ღარიბს]: (რადგან) ნამდვილად, იგი ყოვლისმცოდნეა [იცის, რა არის მათთვის სასიკეთო], და ყოვლისმხედველია თავისი მსახურების მიმართ!
28და მხოლოდ ის [ალლაჰი] არის, ვინც წვიმას მოუვლენს, მას შემდეგ როცა ისინი (მის მოსვლაზე) სასოწარკვეთილნი არიან, და გაავრცელებს თავის წყალობას. და ის არის მფარველი, საქებარი!
29და მისი ნიშნებიდან არის ცათა და მიწათა შექმნა და იმ ცხოველთა შექმნა, რომლებიც მან მათში გაფანტა. და მას ძალუძს მათი (სიკვდილის შემდეგ, სამსჯავრო დღეს წარდგენისათვის) შეკრება, როცა მოისურვებს!
30და რაც განსაცდელი გეწიათ, თქვენივე ხელით ნამოქმედარის გამოა, და ის ბევრს პატიობს.
31და თქვენ ვერ შეასუსტებთ (ალლაჰის ძალას) დედამიწაზე [ვერ გაექცევით მის სასჯელს], და არ გყავთ მფარველი და არც დამხმარე
32და მის ნიშანთაგანია ზღვაში მთებივით მოცურავე ხომალდები.
33თუ ინებებს, დააწყნარებს ქარს და ისინი გაჩერდებიან მის(ზღვის) ზურგზე. ჭეშმარიტად, ამაშია ნიშნები ყოველი მომთმენისა და მადლიერისთვის.
34ანდა დაღუპავს [დაახრჩობს] მათ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, და (ასევე) ის ბევრს პატიობს.
35დაე იცოდნენ იმათ, ვინც ჩვენს ნიშნებს ედავება (ყალბი არგუმენტებით), რომ მათთვის (ალლაჰის სასჯელისგან) თავის დაღწევის გზა არ არსებობს!
36რაც კი რამ გებოძათ, ამქვეყნიური ცხოვრების საზრდოა. ხოლო ის, რაც ალლაჰთანაა, უკეთესია და მარადიული მათთვის, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ ღმერთს ენდობიან.
37და რომელნიც ერიდებიან დიდ ცოდვებსა და საძაგელ საქმეებს, და როდესაც განრისხდებიან (ვინმეზე), პატიობენ
38და რომელთაც უპასუხეს თავიანთ უფალს და აღავლინეს ლოცვა, და რომელთა საქმეებიც ურთიერთშორის თათბირით წყდება, და იმისგან, რაც ჩვენ ვუბოძეთ, გაიღებენ.
39და ისინი, ვინც თავდასხმისას საპასუხო ზომებს იღებენ (და ზღვარს არ სცდებიან).
40და ბოროტების საზღაური მსგავსი ბოროტებაა. ხოლო ვინც აპატიებს და მორიგდება, მისი საზღაური ალლაჰზეა. უეჭველად, მას არ უყვარს უსამართლონი.
41და ნამდვილად, ვინც (თავს დამტყდარი უსამართლობის შემდეგ) შურს იძიებს, ასეთ ადამიანზე არ არის საყვედური.
42გზა [გამოსწორებისა] მხოლოდ მათთვისაა, ვინც ადამიანებს აწყენინებს და დედამიწაზე უსამართლოდ ბოროტ საქმეებს სჩადის. ასეთებს მტკივნეული სასჯელი მოელის (განკითხვის დღეს)!
43ხოლო ვინც მოითმენს და აპატიებს, უეჭველად, ეს უდიდეს საქმეთაგანია
44და ვისაც გზააბნეულად აქცევს ალლაჰი, მისთვის არ იქნება მფარველი მის შემდგომ. და შენ იხილავ უსამართლოებს, როცა იხილავენ სასჯელს, იტყვიან: "ნუთუ არ არსებობს უკან დასაბრუნებელი რაიმე გზა?"
45და შენ (ო, შუამავალო) იხილავ მათ წარდგენილთ მის(ჯოჯოხეთის ცეცხლის) წინაშე, დახრილთ სირცხვილისგან, დაბლა რომ უყურებენ (შიშისგან). და მორწმუნენი იტყვიან: "ჭეშმარიტად, დაზარალებულნი ისინი არიან, რომლებმაც საშინელ დღეს საკუთარ თავს და თავიანთ ოჯახებს (ჯოჯოხეთში შესვლით) ზიანი მიაყენეს!" ჰო, ჭეშმარიტად, უსამართლოები მუდმივ სასჯელში (ჯოჯოხეთში) იქნებიან!
46და მათ არ ეყოლებათ მფარველები, რომლებიც დაეხმარებოდნენ (ალლაჰის სასჯელისგან გაქცევაში) ალლაჰის გარდა. და ვისაც ალლაჰი (ამქვეყნად) გზას აუბნევს (თავისი ურწმუნოებისა და უზნეობის გამო), მისთვის (ამქვეყნად ჭეშმარიტებისა და იმქვეყნად სამოთხეში მოხვედრის) გზა არ იქნება!
47უპასუხეთ თქვენს უფალს (ო, ურწმუნოებო), სანამ დადგება ის დღე [განკითხვის დღე], რომლისგანაც უკან დასახევი გზა არ არის ალლაჰისგან. იმ დღეს (განკითხვის დღეს) არც თავშესაფარი გექნებათ (ალლაჰის სასჯელისგან) და არც თქვენი დანაშაულების უარყოფას შეძლებთ!
48მაგრამ თუ ისინი ზურგს შეგაქცევენ, მაშინ ჩვენ არ გაგაგზავნეთ შენ (ო, შუამავალო) მათ მეურვედ (რომელიც მათ ქმედებებს დაიცავდა და შემდეგ ალლაჰისგან მათ გამო ანგარიშს ჩააბარებდა). შენი მოვალეობა მხოლოდ გზავნილის მიტანაა. და ნამდვილად, როდესაც ჩვენ ადამიანს ჩვენი წყალობის გემოს ვასინჯავთ (სიმდიდრისა და სხვა სიკეთეების მინიჭებით), ის მასზე ხარობს, ხოლო თუ მას ზიანი [სიღარიბე, ავადმყოფობა და სხვა] შეემთხვევა იმის გამო, რაც მისმა ხელებმა მოიმოქმედა, მაშინ ადამიანი უმადურია (თვლის თავის უბედურებებს და ავიწყდება ალლაჰის მიერ ბოძებული წყალობანი).
49ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის მეუფება. ის ქმნის, რასაც ინებებს. ვისაც ინებებს, უბოძებს ქალიშვილებს, და ვისაც ინებებს, უბოძებს ვაჟიშვილებს.
50ან ერთად უბოძებს მათ ვაჟებსა და ქალებს, და ვისაც ინებებს, უშვილოდ ტოვებს. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლეა.
51და ალლაჰს არ უსაუბრია კაცთან, გარდა (მხოლოდ) ზეშთაგონების მეშვეობით (რომელიც მას გარდმოევლინა ზეშთაგონებით სინამდვილეში ან სიზმარში), ან ფარდის მიღმა (როდესაც კაცმა ის გაიგონა, მაგრამ ვერ იხილა), ან გაგზავნა შუამავალი [ჯაბრაილ ანგელოზი], (რომელმაც) მისი(ალლაჰის) ნებით [ადამიანს] აუწყა ის, რაც ინება(ალლაჰმა). ჭეშმარიტად, იგი ამაღლებული, ბრძენია!
52და აი, ასე შთაგაგონეთ შენ სული(ყურანი) ჩვენი ბრძანებით. შენ არ იცოდი, რა იყო წიგნი და არც რწმენა, მაგრამ ჩვენ იგი(ყურანი) ვქმენით სინათლედ, რომლითაც ვადგენთ სწორ გზაზე ჩვენს მონათაგან იმას, ვისაც ვინებებთ. და უეჭველად, შენ მიუთითებ სწორ გზაზე.
53ალლაჰის გზაზე, რომელსაც ეკუთვნის ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაც მიწაზეა. უეჭველად, ალლაჰთან ბრუნდება ყოველი საქმე