المؤمنون
The Believers • 118 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1მორწმუნეებმა უკვე წარმატებას მიაღწიეს
2რომლებიც თავიანთ ლოცვებში მოკრძალებულნი არიან
3რომლებიც თავს არიდებენ ამაო საქმეს [ტოვებენ ყველა იმ საქმეს, სიტყვას და ფიქრს, რომლებიც არ მიგვიყვანს ალლაჰის კმაყოფილებამდე]
4რომლებიც განწმენდისთვის [თავის სულს და ქონებას] გასცემენ [იხდიან ზაქათს]
5რომლებიც იცავენ თავიანთ სასქესო ორგანოებს [მრუშობისგან და ყველა აკრძალული ქმედებებისგან]
6გარდა თავიანთი ცოლებისა და იმ ქალებისა, რომლებიც მათ მარჯვენას უპყრიათ [მონები] ჭეშმარიტად, ისინი არ არიან გასაკიცხნი
7ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი არიან ზღვარს გადასულნი
8რომლებიც იცავენ მათ მინდობილს და [ასრულებენ] თავიანთ შეთანხმებებს.
9რომლებიც ფრთხილად იცავენ თავიანთ ლოცვებს
10სწორედ ისინი არიან მემკვიდრენი
11რომლებიც დაიმკვიდრებენ ფირდაუსს [სამოთხის უმაღლეს საფეხურს] და იქ ისინი სამუდამოდ დარჩებიან
12ჩვენ უკვე შევქმენით ადამიანი [ადამი] თიხის არსისგან [თიხისგან, რომელიც ყველა მიწის ადგილიდან არის აღებული]
13შემდეგ მისი შთამომავალი [ადამის შვილი] მოვათავსეთ წვეთი [მამაკაცის თესლი] უსაფრთხო ადგილას [დედის საშვილოსნოში]
14შემდეგ ამ წვეთიდან შევქმენით სისხლის შედედება, შემდეგ ამ შედედებიდან შევქმენით ხორცის ნაჭერი, შემდეგ ამ ხორცის ნაჭრიდან შევქმენით ძვლები, და შემდეგ ძვლებს მოვავლეთ ხორცით. მერე კი გავზარდეთ იგი როგორც სხვა [ახალი] ქმნილება [ჩავბერეთ მასში სული]. კურთხეულია ალლაჰი საუკეთესო შემქმნელი
15მერე ჭეშმარიტად, თქვენ [ო, ადამიანებო] ამის შემდეგ [განვითარების ეტაპების გავლისა და სიცოცხლის ვადის ამოწურვის შემდეგ] უეჭველად მოკვდებით
16შემდეგ კი, ჭეშმარიტად, თქვენ [ო, ადამიანებო] აღდგომის დღეს კვლავ აღდგებით
17შემდეგ, ჩვენ გავაჩინეთ თქვენს ზემოთ შვიდი გზა [შვიდი ცა, რომლებიც ერთმანეთის ზემოთ არის განლაგებული] და არ ვყოფილვართ ქმნილების მიმართ უგულისხმონი
18და გარდმოვავლინეთ ციდან წყალი განსაზღვრული რაოდენობით, განვათავსეთ იგი მიწაზე და შეგვიძლია მისი გაქრობაც.
19და ამ [წყლით] გაგიზარდეთ ბაღები ფინიკის ხეებისა და ვაზისა [ყურძენის] თქვენთვისაა მათში მრავალი ნაყოფი, და მათ [ნაყოფებს] თქვენ ჭამთ.
20და ხე, რომელიც იზრდება სინას მთაზე, იძლევა ზეთს და საღებავს მჭამელთათვის
21თქვენთვის საქონელში შეგონებაა. ჩვენ გარწყულებთ იმით, რაც მათ მუცლებშია [რძე]. თქვენ მათში გაქვთ მრავალი სარგებელი და მათგან იკვებებით
22და მათით [სამგზავრო ცხოველებით], და ხომალდებით გადაადგილდებით
23[ადრე] წარვაგზავნეთ [შუამავალი] ნუჰი თავის ხალხთან. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო, თაყვანი ეცით მხოლოდ ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა. ნუთუ არ შეგეშინდებათ?
24თქვეს დიდებულებმა იმათგან, ვინც გახდნენ ურწმუნონი: ეს [ნუჰი] მხოლოდ კაცია თქვენი მსგავსი, რომელსაც სურს, რომ თქვენზე აღმატებული იყოს. ხოლო ალლაჰს რომ ენებებინა, გარდმოავლენდა ანგელოზებს, ამაზე კი ჩვენი წინაპრებისგან არაფერი გვსმენია.
25ეს [ნუჰი] მხოლოდ შეშლილი ადამიანია, დაე, დაელოდეთ მას ცოტა ხანს
26მან [ნუჰმა] თქვა: ო, ღმერთო, დამეხმარე [ჩემი ერის წინააღმდეგ], რადგან მათ, ცრუდ შემრაცხეს, [როცა მივუტანე ის, რითაც შენ გამომიგზავნე მათთან]!
27და ჩვენ შთავაგონეთ მას [ნუჰს]: განამზადე კიდობანი [გემი] ჩვენი თვალთახედვის ქვეშ [ჩვენი დაცვის ქვეშ] და ჩვენი შთაგონებით [როგორც ჩვენ გიბრძანებთ]. როდესაც მოვა ჩვენი ბრძანება [შენი ერის ურწმუნოების გამო დასასჯელად] და გადმოხეთქავს წყალი თონედან [რაც წარღვნის დაწყების ნიშანი იქნება], მაშინ შეიყვანე მასში [გემში] თითოეული სახეობიდან წყვილი და შენი ოჯახი [შენი შვილები და ცოლი], გარდა იმათისა, ვისზეც უკვე განესაზღვრა ჩემი სიტყვა [სასჯელისთვის მათი ურწმუნოების გამო] [გარდა შენი ცოლისა და შვილისა]. და ნუ დამიწყებ ლაპარაკს იმათ [გადარჩენაზე], ვინც ბოროტება ჩაიდინა: ეშმარიტად, ისინი იქნებიან ჩაძირულნი.
28როცა ახვალთ ხომალდზე შენ [ო,ნუჰ] და ისინი, ვინც შენთან არიან, თქვი: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიხსნა უსამართლო [ურწმუნო] ხალხისგან
29და თქვი [ო, ნუჰ]: ღმერთო ჩემო, ჩამომიყვანე [ხომალდიდან] დალოცვილ ადგილას. შენ საუკეთესო დამსახლებელი ხარ.
30ჭეშმარიტად, ამაში [ამ ამბავში] არის სასწაულები [მიუთითებელი ალლაჰის ძლიერებაზე, მის სიბრძნესა და იმაზე, რომ აუცილებელია მისი რწმენა და მხოლოდ მასზე მორჩილება], და ჭეშმარიტად, ჩვენ ვცდით [ჩვენ მონებს, როცა ვუგზავნით მათ შუამავლებს რათა, გამოვლინდეს მორწმუნე ან ურწმუნო].
31მერე კი, ჩვენ [შუამავალი ნუჰის ხალხის] შემდეგ მოვიყვანეთ სხვა თაობა.
32და წარვაგზავნეთ მათში შუამავლები მათგანვე - რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ, არ გყავთ თქვენ სხვა ღვთაება მის გარდა. და განა არ გეშინიათ[ანუ იქონიეთ ალლაჰის შიში]?
33და თქვა [ცნობილმა] საზოგადოებამ მისივე თემიდან რომელთაც არ ირწმუნეს, და ცრუდაც შერაცხეს საიქიოს შეხვედრა, და რომელთაც ვუბოძეთ კეთილდღეობა ამ ქვეყნად ეს სხვა არავინაა, თუ არა კაცი თქვენი მსგავსი, რომელიც ჭამს იმას, რასაც თქვენ ჭამთ
34ხოლო თუ დაემორჩილებით კაცს, თქვენს მსგავსს [ჰუდს] [და თაყვანს სცემთ მხოლოდ ერთადერთ ალლაჰს], წაგებულნი იქნებით
35განა [ჰუდი] გპირდებათ იგი, რომ როცა მოკვდებით და მტვრად და ძვლებად იქცევით, რომ აღდგენილ იქნებით [თქვენივე საფლავებიდან ცოცხლები [აღდგენილები] იქნებით]?
36შორსაა, შორსაა ის, რაც აღგეთქვათ! [ო, ადამიანებო] [მიცვალებულთა აღდგომა]
37ეს სიცოცხლე არაფერია გარდა ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებისა. ვკვდებით[ცოცხლები] და ვცოცხლობთ[ანუ იბადებიან და ცოცხლობენ სხვები] და არ ვიქნებით აღდგენილნიო.
38ეს [ჰუდი] მხოლოდ ადამიანია, რომელმაც მოიფიქრა ალლაჰზე სიცრუე და ჩვენ მისი არა გვჯერა
39მან [ნუჰმა] თქვა: ო, ღმერთო, დამეხმარე [ჩემი ერის წინააღმდეგ], რადგან მათ, უარმყვეს მე, [როცა მივუტანე ის, რითაც შენ გამომიგზავნე მათთან]!
40თქვა მან [ალლაჰმა]: ცოტა ხნის შემდეგ ისინი [ეს ურწმუნონი] აუცილებლად იქნებიან მონანიებულნი.
41და შეიპყრო [ადიელი ურწმუნოები] ისინი საშინელმა ხმამ და ვაქციეთ ისინი ნიაღვრით მიმოფანტულ ნამსხვერევებად. დაე მოიშთონ [ურწმუნონი] უსამართლონი
42მერე ავღზარდეთ მათ შემდგომ სხვა თაობები.
43ვერცერთი ერი ვერ გაუსწრებს საკუთარი [ცხოვრების] დროს და ვერც გადაავადებს.
44მერე წარვაგზავნეთ შუამავლები ერთმანეთის კვალდაკვალ. ხოლო როცა კი რომელიმე თემთან მიდიოდა შუამავალი, ცრუდ რაცხავდნენ მას. და მივაყოლეთ ისინი ერთმანეთს და ვაქციეთ იგავებად. დაე მოიშთოს ურწმუნო ხალხი
45შემდეგ ჩვენ მოვავლინეთ [შუამავალი] მუსა და მისი ძმა [შუამავალი] ჰარუნი ჩვენი სასწაულებით [ცხრა სასწაულით] და მკაფიო მტკიცებულებით.
46ფარაონთან და მის წარჩინებულებთან. მათ კი თავი განიდიდეს, რამეთუ იყვნენ ამპარტავანი ხალხი [სხვებზე აღმატებულად თვლიდნენ თავს].
47და თქვეს: როგორ ვირწმუნოთ ორი ადამიანის, ჩვენი მსგავსის მაშინ, როცა მათ ხალხი [ისრაელის ხალხი] ჩვენი გვემონება
48და მათ უარყვეს ეს ორი [მუსა და ჰარუნი], და საბოლოოდ აღმოჩნდნენ განადგურებულთა შორის [ალლაჰის სასჯელით]
49და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას წიგნი [თორა], რათა ეგების [ისრაელის ხალხს] ეხელმძღვანელად [მისით]
50და დავადგინეთ მარიამის ძე [შუამავალი ისა] და დედამისი სასწაულებად და დავასახლეთ მაღლობზე, სადაც წყარო მოედინებოდა.
51ჰეი, შუამავლებო! ჭამეთ [ის საჭმელი, რაც არის] კეთილი [დაშვებული] და აკეთეთ მართალი საქმეები. ჭეშმარიტად, მე ვიცი, რასაც თქვენ აკეთებთ
52ჭეშმარიტად, თქვენი ეს რელიგია, [ო, შუამავლებო] ერთი და იგივე რელიგიაა [ისლამი] და მე თქვენი ღმერთი ვარ, ჩემი გეშინოდეთ
53ხოლო მათ [ადამიანებმა] გაყვეს თავიანთი საქმე [ერთიანი რწმენა] ნაწილებად [დაიყვნენ რწმენაში], ყოველა ჯგუფმა გაიხარა იმით, რაც აქვს [ფიქრობს, რომ მხოლოდ ისინი არიან ჭეშმარიტებაზე, ხოლო სხვები გზააბნევაში]
54და დატოვე [ო, შუამავალო] ისინი თავიანთ სიბეცეში [მათ გზააბნევაში], განსაზღვრულ ვადამდე.
55განა ფიქრობენ [ეს ურწმუნონი], რომ იმ ქონებითა და ძეებით, რითაც ჩვენ ვეხმარებით
56[ანუ, ნუთუ ისინი ფიქრობენ, რომ] ჩვენ ვჩქარობთ მათთვის სიკეთეებით [იმით, რაც მათ დაიმსახურეს]? პირიქით ეს არის გამოცდა და საცდური მათთვის, ხოლო ისინი ვერ გრძნობენ ამას.
57ჭეშმარიტად, ისინი, ვინც თავიანთი უფლის შიშით ძრწიან
58და მათ, ვისაც მტკიცედ სწამთ თავიანთი უფლის სასწაულების [ყურანის აიათების] [და მოქმედებენ მათ შესაბამისად]
59და მათ, რომელნიც თავიანთ უფალს არ უდგენენ თანაზიარს [მხოლოდ ერთ ალლაჰს ემსახურებიან და მხოლოდ მას თაყვანს სცემენ].
60და რომლებიც გასცემენ გასაცემს [ზაქათს, მოწყალებას] და მათ გულები უცახცახებთ იმით, რომ თავიანთ ღმერთთან იქნებიან დაბრუნებულნი [შიშობენ, რომ მათი საქმეები არ იქნება მიღებული ალლაჰის მიერ და ფიქრობენ, რომ ეს საქმეები არ ეყოფათ სასჯელისგან გადასარჩენად]
61სწორედ ისინი ასწრებენ ერთმანეთს სიკეთისაკენ და ამაში მოწინავენი არიან
62და ჩვენ არ ვაკისრებთ არცერთ სულს იმაზე მეტს, რაც შეუძლია. ჩვენთანაა წიგნი [სადაც ანგელოზებმა ჩაწერეს ჩვენი მონის საქმეები], რომელიც ამბობს სიმართლეს, მათ მიმართ [ალლაჰის მონების მიმართ] და ისინი არ დაიჩაგრებიან
63პირიქით, მათი [ურწმუნოთა] გულები სიბნელეშია [სიღრმისეულ უმეცრებაში და სიბნელეში] ამისგან [წიგნისგან სადაც მათი ქმედებებია, და ყურანისგან], და მათ აქვთ [სხვა] საქმეებიც [სხვა ცოდვები] ამის გარდა [ურწმუნოებასთან ერთად], რომლებსაც ჩადიან.
64როცა ჩვენ დავსჯით მათგან ფუფუნებაში მყოფთ სასჯელით, აი მაშინ დაიწყებენ ისინი გოდებას [შველის თხოვნით].
65ნუ მოთქვამთ! დღეს თქვენ არ მოგეცემათ ჩვენგან დახმარება.
66თქვენ გეკითხებოდათ ჩვენი სასწაულები [ყურანის აიათები], მაშინ უკუიქეცით ქუსლებზე შემდგარი
67ამპარტავნობდით მისი [ქააბის] გამო [ფიქრობდით, რომ ვერავინ დაგამარცხებთ, რადგან აკრძალული მიწის მექქის მკვიდრნი ხართ] და ღამეებს ატარებდით ბილწ, უსარგებლო საუბარში. ჭეშმარიტება კი [მიტოვებული] გქონდათ
68ნუთუ ეს [ურწმუნონი] არ უფიქრდებიან ამ სიტყვას [ყურანზე] ? ან ებოძათ ის, რაც არ ჰბოძებია მათ წინაპრებს?
69ან არ იცნობდნენ თავიანთ შუამავალს [მუჰამმადს], რომ უარყვეს იგი?
70ანდა ამბობენ, რომ ის [მუჰამმადი] სულელია? პირიქით, ის მივიდა მათთან ჭეშმარიტებით, თუმცა უმეტეს მათგანს ჭეშმარიტება სძულს
71ჭეშმარიტება მათ სურვილებს რომ აჰყოლოდა, გაფუჭდებოდა ცანი, დედამიწა და ის, ვინც მათშია. მაგრამ ჩვენ მივუტანეთ მათ [მექქელებს] შეგონება, რომელიც მათვე ეხება [ყურანი, სადაც მათზეა საუბარი], თუმცა ისინი ამ შეგონებისგან [ყურანისგან] ზურგს იქცევენ.
72ნუთუ სთხოვ [ო, შუამავალო] მათ [ურწმუნოებს] საფასურს, როცა შენი ღმერთის ჯილდო უკეთესია და სწორედ იგი არის საუკეთესო საზრდოს მიმნიჭებელი
73და ნამდვილად, შენ [ო, მუჰამმად] მოუწოდებ მათ [შენს ერს და სხვებსაც] სწორ გზაზე [ჭეშმარიტ რწმენაზე ისლამზე].
74ხოლო ისინი, რომელთაც არ სწამთ საიქიო [აღსდგომის, განსჯის. ჯოჯოხეთის და სამოთხის], ამ გზისგან გადახრილნი არიან
75და რომც წყალობა მოგვეღო მათზე [მექქას მრავალღმერთიანებზე] და აგვეშორებინა მათთვის ის ზარალი, რაც დამართნიათ, მაინც ჯიუტად ჩარჩებოდნენ თავიანთ ურჩობაში, ბრმად მოხეტიალენი [ურწმუნოებაში]
76ჩვენ შევიპყარით ისინი [მრავალღმერთიანები] სასჯელით [გვალვითა და შიმშილით], მაგრამ ისინი არ დამორჩილდნენ თავიანთ ღმერთს და არც შეევედრეს
77ვიდრე გავხსნიდით მათდამი [მრავალღმერთიანებისადმი] მკაცრსასჯელიან კარიბჭეს [მარადიულ ცხოვრებაში]. მაშინ ისინი სასოწარკვეთაში ჩავარდნენ
78მხოლოდ ის [ალლაჰია], რომელმაც მოგცათ ყურთასმენა, მხედველობა და გული [აზროვნება]. და რა მცირეა თქვენი [ო, ურწმუნოებო] მადლიერება
79და [მხოლოდ] იგი [ალლაჰი] არის ის, ვინც შეგქმნათ მიწაზე, და მასთანვე იქნებით შეკრებილნი [სასჯელის დღეს].
80ისაა მხოლოდ [ალლაჰი], ვინც აცოცხლებს და აკვდინებს. მას ეკუთვნის მონაცვლეობა დღისა და ღამისა. განა გონს არ მოუხმობთ
81თუმცა, მათ [ურწმუნოებმა] იგივე თქვეს, რაც თქვეს პირველებმა [ადრე მცხოვრებმა ურწმუნოებმა]
82თქვეს: [ნუთუ ეს შესაძლებელია] როცა მოვკვდებით და მიწად და ძვლებად ვიქცევით, განა ნამდვილად ავღსდგებით?
83აღვგვეთქვა ჩვენ და ჩვენს წინაპრებსაც უწინ [ყველაფერი ის, რასაც გვიყვები შენ ო, მუჰამმად]. ეს არაფერია, უწინდელთა ზღაპრების გარდაო
84უთხარი [ო, შუამავალო] [მრავალღმერთიანებს, რომელთაც არ სწამთ აღდგომის და ალლაჰის სასჯელის]: ვისია ქვეყანა და ის, რაც მასზეა, თუ იცით?!
85გეტყვიან [მრავალღმერთიანები]: ალლაჰისა! უთხარი: განა ვერ შეიგონებთ?
86ჰკითხე [ო, შუამავალო]: ვინ არის ღმერთი შვიდი ზეცისა და დიდებული ტახტრევანის?
87იტყვიან [მრავალღმერთიანები]: ალლაჰი[ალლაჰის კუთვნილებაა]! უთხარი: განა არ გეშინიათ?
88უთხარი [მათ] [ო, შუამავალო]: ვინ არის ის, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის დამცველი და ვინ არის, რომლისგანაც ვერავინ ვერავის დაიცავს [მისი სასჯელისგან] თუ იცით?
89იტყვიან [მრავალღმერთიანები]: ალლაჰის! უთხარი: მაშ როგორ ჯადოვდებით [ტყუვდებით]
90თუმცა, ჩვენ მივუტანეთ მათ [ამ ურწმუნოებს] ჭეშმარიტება [ყურანი] [მოციქულის მოვლინებით], და ჭეშმარიტად, ისინი ცრუობენ [თავიანთ სიტყვებში და თავიანთ მოწოდებაში].
91არ აუყვანია ალლაჰს არავინ შვილად, და არავინაა [სხვა] ღვთაება მასთან ერთად. ასე რომ ყოფილიყო, ყოველი ღვთაება წაიღებდა იმას, რაც მან შექმნა და ამაღლდებოდნენ ერთიმეორეზე [ერთმანეთს დაამარცხებდნენ.] დიდებულია ალლაჰი იმაზე, რასაც [მრავალღმერთიანები] მიაწერენ [თანამოზიარეს და შვილს]!
92მცოდნეა დაფარულისა და ცხადისა. დიდებულია იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ [მას]
93თქვი [ო, შუამავალო]: ღმერთო ჩემო, თუ მიჩვენებ იმას, რაც მათ აღეთქვათ
94ღმერთო ჩემო, არ ჰქმნა მე უსამართლო ხალხთა შორის.
95და ჩვენ შეგვიძლია ის, რომ გიჩვენოთ [ო, შუამავალო] [სასჯელი], რაც მათ [მრვალღმერთიანებს] აღვუთქვით
96უარყავი ის სიავე [ო, შუამავალო] იმით, რაც უკეთესია. ჩვენ უკეთ ვიცით ის, რასაც ისინი [მრავალღმერთიანები] მოგვაწერენ
97და თქვი [ო, შუამავალო]: ღმერთო, შენ მოგეკედლები ეშმაკთა ცდუნებისგან.
98და შენ შეგეფარები [დასაცავად] ღმერთო, რომ არ მოევლინონ ჩემთან!
99და როცა სიკვდილი მიუახლოვდება რომელიმე მათგანს [მრავალღმერთიანებს], ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან [ამ ქვეყნად]
100რათა ვაკეთო კეთილი საქმე, რომელიც მივატოვე [შეიძლება ვირწმუნო და მორჩილი გავხდე შენი], მაგრამ არა! ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც ამბობს [არავითარი სარგებელი არ მოაქვს მისთვის ამ სიტყვას]. და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!
101და როცა ჩაიბერება საყვირში [როცა დადგება განკითხვის დღე] და აღარ იქნება ნათესაობა მათ შორის იმ დღეს და ერთმანეთს არ მოიკითხავენ
102და ვისი სასწორიც [ალლაჰთან ანგარიშის გაწევის დროს] გადაწონის, ისინი ნეტარ იქნებიან
103ხოლო [ღმერთის წინაშე ანგარიშისას] ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება, სწორედ ისინი არიან, რომელთაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს, ჯოჯოხეთში იქნებიან მარადიულად
104ცეცხლი წვავს მათ სახეებს, და ისინი არიან მასში უსახოდ [სახის კანის სრული დამწვრობის გამო]
105[მათ ეთქმებათ] განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები [ყურანიდან], თქვენ კი მათ ცრუდ რაცხავდით?
106[ისინი] იტყვიან [განკითხვის დღეს]: ღმერთო ჩვენო, გვძლია ჩვენივე წარწყმენდილობამ და ვიყავით გზააბნეული ხალხი
107ღმერთო ჩვენო, გაგვიყვანე აქედან [ჯოჯოხეთიდან] და თუ კიდევ დავუბრუნდებით [ურწმუნოებასა და ცოდვებში], მაშინ ვიქნებით უსამართლონიო
108[ის] ეტყვის [მათ]: ეყარეთ მასში [ჯოჯოხეთში] და ნუ დამელაპარაკებით [და ამის შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ ალლაჰის მიმართ შევედრებას და აღარ ექნებათ არანაირი იმედი]!
109ჭეშმარიტად, ჩემი მსახურების ერთი ნაწილი ამბობდა: ღმერთო ჩვენო ვირწმუნეთ! მოგვიტევე ჩვენ და შეგვიწყალე, რამეთუ შენა ხარ შემწყალებელთაგან საუკეთესო
110და თქვენ [ო, ურწმუნენნო] კი მასხრად აიგდეთ ისინი ისე, რომ ამან ჩემი ხსოვნაც კი დაგავიწყათ მაშინ, როცა მათზე იცინოდით
111ჭეშმარიტად, მე [ალლაჰმა] დავაჯილდოვე ისინი [მორწმუნენი] დღეს იმისათვის, რომ მოითმინეს და ისინი ნეტარნი არიან
112[ალლაჰის] ეტყვის [ჯოჯოხეთის მკვიდრთ]: რამდენ ხანს დაჰყავით დედამიწაზე?
113მიუგებენ: ერთი დღე, ან დღის მონაკვეთი. და ჰკითხე მათ, ვინც ითვლიდა [ანგელოზები, რომლებიც უზენაესმა ალლაჰის მიერ დანიშნულნი არიან ადამიანთა საქმის აღსარიცხვად]
114[ალლაჰი] ეტყვის [მათ]: არ დარჩენილხართ, მცირე ხნის გარდა, რომ იცოდეთ თქვენ
115ნუთუ გეგონათ, რომ ჩვენ ტყუილუბრალოდ შეგქმენით და ჩემს წინაშე დაბრუნებულნი არ იქნებით [ღმრთის წინაშე ანგარიშისა და სამაგიეროს მისაღებად]?
116უზენაესია ალლაჰი ჭეშმარიტი მეუფე, არ არსებობს ღვთაება მის გარდა, იგია ღმერთი კეთილშობილი ტახტრევანისა [ტახტი წარმოადგენს ყველაზე უდიდეს ქმნილებას]
117და ის, ვინც უხმობს [ლოცულობს] ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას, და ამის მტკიცებულება არ გააჩნია... მისი ანგარიში მხოლოდ მისი ღმერთის წინაშეა [განკითხის დღეს]. უეჭველად, ნეტარ არ იქნებიან ურწმუნონი [განკითხვის დღეს]
118და თქვი [ო, შუამავალო]: ღმერთო ჩემო, მომიტევე და შემიწყალე. ჭეშმარიტად, შენა ხარ შემწყალებელთაგან საუკეთესო.