النحل
The Bee • 128 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1მოვიდა ალლაჰის ბრძანება, ნუ დააჩქარებთ მას; დიდება მას! მაღლაა იგი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ.
2გარდმოავლენს თავისი ბრძანებით ანგელოზებს სულით [გამოცხადებით], ვისზეც ინებებს თავის მსახურთაგან, რათა გააფრთხილონ[ხალხი], რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, ამიტომ გეშინოდეთ ჩემი[ემორჩილეთ ჩემს ბრძანებებს და აკრძალვებს].
3გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. ამაღლებულია იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ.
4მან (ალლაჰმა) შექმნა ადამიანი წვეთისგან (სპერმისგან) და აი, იგი – აშკარად პრეტენზიულია, [ჯიუტად დაობს] (ამტკიცებს, რომ აღდგომა შეუძლებელია)!
5და პირუტყვიც მან (ალლაჰმა) შექმნა; თქვენთვის (ო, ხალხო) მასში [პირუტყვში] (არის) სითბო [მის ბეწვში] და (სხვა) სარგებელია [რძეში და ტყავის გამოყენებაში], და მათით იკვებებით.
6და თქვენთვის მათში [პირუტყვში] არის სილამაზე, როდესაც საღამოობით [ასვენებთ]მათ და როდესაც [დილით] უშვებთ [საძოვარზე].
7და ზიდავენ თქვენს ტვირთს ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ვერ მიაღწევდით, უდიდესი წვალების გარეშე. უეჭველად, თქვენი ღმერთი მართლაც შემწყნარებელი, მწყალობელია.
8და გააჩინა ცხენები, ჯორები და ვირები, რათა ამხედრდეთ მათზე და სამშვენისად. და ქმნის იმას, რაც თქვენ არ იცით
9ალლაჰზეა (ვალდებულება) (ხალხისთვის განმარტოს) სწორი გზა [პირდაპირი გზა] (რათა ისინი ჭეშმარიტ გზაზე იყვნენ). მაგრამ (ასევე) არსებობს (გზები), რომლებიც გადაუხვევენ მას [პირდაპირი გზიდან]. და თუ ის[ალლაჰი ]ისურვებდა, უეჭველად წარუძღვებოდა ჭეშმარიტ გზაზე თქვენ ყველას [გახდიდა მორწმუნეებად]
10იგია, რომელმაც ზეციდან წყალი ჩამოავლინა; მისგან გაქვთ სასმელი [წყალი] და (ის აღმოაცენს) მისგან (მცენარეებსა და) ხეებს, სადაც თქვენ მწყემსავთ (თქვენს პირუტყვს).
11მისით აღმოგიცენებთ ყანებს, ზეთისხილს, ფინიკს, ყურძენს და ყოველგვარ ნაყოფს. ჭეშმარიტად, ამაში მართლაც სასწაულია მოაზროვნე ხალხისთვის.
12და დაგიმორჩილათ ღამე და დღე, მზე და მთვარე. და ვარსკვლავებიც დამორჩილებულნი არიან მისი ბრძანებით. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია გონიერი ხალხისთვის.
13და (ასევე დაგიმორჩილათ) ის, რაც თქვენთვის შექმნა მიწაზე სხვადასხვა ფერებში [ცხოველები, ნაყოფი და სასარგებლო წიაღები]. რა თქმა უნდა, ამაში [ფერების მრავალფეროვნებასა და სარგებლის სიუხვეში] — უეჭველად არის ნიშანი [ცხადი მტკიცებულება] იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიგონებენ (გაფრთხილებებს)!
14და იგია, ვინც დაგიმორჩილათ ზღვა, რათა მისგან ჭამოთ ნედლი ხორცი და მოიპოვოთ სამკაული, რომელსაც ატარებთ; და შენ ხედავ გემებს, რომლებიც კვეთენ მას [ზღვის ზედაპირს], და რათა თქვენ მიიღოთ მისი წყალობისაგან[ყველა სასარგებლო რამ რაც კი გემის მფლობელს დეუძლია გააკეთოს], რათა თქვენ იყოთ მადლიერნი [უზენაესის) (მისი დიდი წყალობებისათვის თქვენზე]!
15და მან დაადგინა მიწაზე მტკიცე [მთები], რათა ის არ შეირყეს (თქვენთან ერთად), და (მან შექმნა მასზე) მდინარეები და გზები, რათა თქვენ შეძლოთ (ამ გზებით) მიჰყვეთ სწორ გზას (იმ ადგილებისკენ, საითკენაც მიდიხართ).
16და (ასევე მან შექმნა) ნიშნები (რომლებიც გზებზეა, და რომლითაც თქვენ განსაზღვრავთ გზას), ხოლო ვარსკვლავით [ვარსკვლავებით] ისინი პოულობენ გზას (ღამით).
17განა შემოქმედი[ამ ყველაფრისა] იმის მსგავსია, ვინც არ ქმნის? ნუთუ არ დაფიქრდებით[ალლაჰის სიდიადეზე და მის ყოვლის შემძლეობაზე, და იმას რომ მისი თანასწორები არ არიან ცრუ ღმერთები რომელნიც არაფერს არ ქმნიან]?!
18და თუ დაითვლით ალლაჰის წყალობას, ვერ აღრიცხავთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია!
19ხოლო ალლაჰმა იცის ყველაფერი, რასაც მალავთ და რასაც ავლენთ [ის, რასაც აშკარად აკეთებთ].
20ხოლო მათ, რომელთაც ისინი [მრავალღმერთიანები] ალლაჰის გარდა ევედრებიან, არაფერი შეუქმნიათ, არამედ თვითონ არიან შექმნილნი [ცრუ ღვთაებები ] .
21[ყალბი ღმერთები] – ისინი მკვდარნი არიან, არ არიან ცოცხლები და მათ არ იციან, როდის აღდგებიან [ისინი, ვინც თაყვანს სცემდნენ მათ].
22ღმერთი თქვენი – ერთი ღმერთია. ხოლო ისინი, ვისაც არ სწამთ საიქიოსი, მათი გულები უარმყოფელია და ისინი ამპარტავნები არიან.
23ეჭვგარეშეა, რომ ალლაჰმა იცის, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ. ჭეშმარიტად, მას [ალლაჰს] არ უყვარს ამპარტავნები.
24და როდესაც ეკითხებიან მათ [მრავალღმერთიანებს] [ყურანის შესახებ]: «რა გარდმოავლინა თქვენმა უფალმა?» – ისინი პასუხობენ: «[გამოგონილი] ლეგენდები ძველი ხალხების!»
25(და თქვეს ეს სიცრუე), რათა იტვირთონ თავიანთი ტვირთები [ცოდვები] სრულად აღდგომის დღეს და ტვირთები [ცოდვები] მათი, ვინც მათ შეცდომაში შეიყვანეს [თავიანთი მიმდევრები] ყოველგვარი (ცოდნის) გარეშე. რა ამაზრზენია ის, რასაც ისინი იტვირთავენ!
26უკვე ხრიკებს აწყობდნენ (თავიანთი წინასწარმეტყველების წინააღმდეგ) ისინი (ურწმუნონი), რომლებიც მათამდე იყვნენ [ამ მრავალღმერთიანებამდე], და ალლაჰმა მოგლიჯა მათი შენობა საფუძვლიდან. და დაეცა მათ ზემოდან სახურავი, და მოაღწია მათ სასჯელმა იქიდან, საიდანაც ისინი არც კი გრძნობდნენ [ვერც კი მოელოდნენ].
27შემდეგ, აღდგომის დღეს, მათ შეარცხვენს და ეტყვის: «სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომელთა გამოც ურჩობას იჩენდით?» იტყვიან ცოდნის მქონენი: «ჭეშმარიტად, სირცხვილი და ბოროტება ამ დღეს ურწმუნოთა თავსაა».
28ისინი, რომელთაც მიიბარებენ ანგელოზები, [იმ მდგომარეობაში] როცა თავიანთი სულების მიმართ უსამართლონი არიან [თავიანთი ურწმუნოებით], [სიკვდილის დანახვისას] მორჩილებას გამოხატავენ [და იტყვიან]: «ჩვენ არანაირ ბოროტებას არ ჩავდიოდით». [მათ ეტყვიან]: «პირიქით! ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც თქვენ სჩადიოდით».
29«შედით ჯოჯოხეთის კარიბჭეებში, სადაც მარადჟამს დარჩებით! რა საზარელია ამპარტავანთა სამყოფელი!»
30და შეეკითხებიან ღვთისმოშიშთ: «რა გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმა?» მიუგებენ: «სიკეთე». კეთილისმქმნელთათვის ამქვეყნად სიკეთეა, ხოლო იმქვეყნიური სამყოფელი უკეთესია. და რაოდენ მშვენიერია სამყოფელი ღვთისმოშიშთა.
31ედემის სამოთხეები, რომელშიც შევლენ, რომელთა ქვეშაც მიედინებიან მდინარენი; იქ ექნებათ, რასაც ინებებენ. ასე მიაგებს საზღაურს ალლაჰი ღვთისმოშიშთ.
32იმ კეთილებს [ურწმუნოებისგან სუფთა], რომელთაც ანგელოზები მიიბარებენ, ეტყვიან: «მშვიდობა თქვენ! შედით სამოთხეში იმის გამო, რასაც აკეთებდით».
33ნუთუ მხოლოდ იმას ელოდებიან [ეს კერპთაყვანისმცემლები], რომ ანგელოზები მივიდნენ მათთან[რათა სულები ახადონ მათ ცემით], ან შენი ღმერთის ბრძანება მოვიდეს[მრავალღმერთიანთა გასანადგურებლად]? ასევე მოიქცნენ ისინი, ვინც მათზე უწინ იყვნენ[მექელ ურწმონოებზე წინ]. და ალლაჰი უსამართლოდ არ მოქცევია მათ[როცა მათ უბედურებ დაატეხა თავს მათი განადგურებით], არამედ თავიანთ თავს ექცეოდნენ უსამართლოდ.
34და მათ თავს დაატყდათ თავიანთი ნამოქმედარის სიავე და იმითვე იქმნენ შეპყრობილნი [სასჯელით რომლისაც არ სწამდათ], რასაც აბუჩად იგდებდნენ.
35და თქვეს მრავალღმერთიანებმა: "თუ ალლაჰს მოესურვებოდა, არც ჩვენ და არც ჩვენი მამები მის გარდა არაფერს არ ვცემდით თაყვანს, და მისი ნებართვის გარეშე არაფერს არ ავკრძალავდით". სწორედ ასე იქცეოდნენ ისინი, ვინც მათამდე[მექელ ურწმონოების წინ ] იყვნენ. ნუთუ მოციქულებს ეკისრებათ რამე სხვა, გარდა ნათელი უწყების გადმოცემისა?
36და ჩვენ უკვეა მივავლინეთ ყოველი თემისათვის (ვინც იყო ადრე) (თავისი) მოციქული (მივეცით მას ბრძანება, რომ ეთქვა მათთვის): «თაყვანი სცეთ (მხოლოდ ერთ) ალლაჰს და ერიდეთ ცრუ ღვთაებებს [ტაღუთს] [ნუ სცემთ თაყვანს კერპებს, მკვდრებს და არავის და არაფერს, გარდა ალლაჰისა]». და მათ შორის იყვნენ ისინი, ვისაც ალლაჰმა წარუძღვა (ჭეშმარიტ გზაზე), და მათ შორის იყვნენ ისინი, ვისაც დაეწერა გზა შეცდომისა [ვინც აჩვენეს ქედმაღლობა და ზურგი უბრუნეს ჭეშმარიტებას]. მაშ, იმოგზაურეთ მიწაზე და შეხედეთ [მიიღეთ შეგონება], როგორი იყო დასასრული [რა სასჯელი მოუწია] სიცრუის მომგონებლებს!
37შენ რომც ეცადო მათ სწორ გზაზე დაყენებას [ო, მოციქულო], ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ის აუბნევს გზას, და მათ არ ეყოლებათ შემწეები.
38და დაიფიცეს ალლაჰს მათ [მრავალღმერთიანებმა] ყველაზე ძლიერი ფიცით, რომ ალლაჰი არ აღადგენს იმას, ვინც მოკვდა. პირიქით, (ის აღადგენს მკვდრებს) თავისი ჭეშმარიტი აღთქმის მიხედვით, მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის.
39რათა ცხადად განუმარტოს მათ ის, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ და რათა იცოდნენ მათ, ვინც არ ირწმუნეს, რომ ისინი მატყუარები იყვნენ.
40ჩვენი სიტყვა (იმისთვის, რომ შევქმნათ) რაიმე, როცა ჩვენ ვინებებთ (რომ) ის (შეიქმნას), არის მხოლოდ ის, რომ ვამბობთ მას (ერთჯერ): «იყავ» – და ის (მაშინვე) იქმნება [მოხდება].
41ხოლო ისინი, ვინც გადასახლდნენ ალლაჰის გზაზე, მას შემდეგ, რაც ჩაგრულ იქნენ, უეჭველად, ჩვენ მათ ვუბოძებთ კეთილ სამყოფელს ამქვეყნად; ხოლო იმქვეყნიური საზღაური უფრო დიდია, რომ იცოდნენ
42[ალლაჰისთვის გადასახლებულნი ისინი არიან] რომლებმაც მოითმინეს და რომლებიც საკუთარ უფალს ეყრდნობიან [სრულიად მასზე იმედოვნებენ].
43და შენამდე (ო, მოციქულო) ჩვენ მივავლინეთ (წინათ არსებულ თემებს) მხოლოდ მამაკაცები (და არა ქალები ან ანგელოზები), რომლებსაც ვაძლევდით გამოცხადებას. ჰკითხეთ (ო, მრავალღმერთიანებო) შეგონების ადამიანებს [მათ, ვისაც აქვს ცოდნა თორადან და ინჯილიდან], თუ თქვენ თვითონ არ იცით (ამის შესახებ).
44[წარმოვაგზავნეთ წინა მოციქულები] ცხადი მტკიცებულებებითა და წერილებით. და გარდმოგივლინეთ შენ შეხსენება [ყურანი], რათა განუმარტო ხალხს ის, რაც გარდმოევლინათ მათ[რათა ყურანი განუმარტო ხალხს ყურანითვე], და ეგების ისინი დაფიქრდნენ.
45ნუთუ დარწმუნებულნი არიან ისინი, რომლებიც აწყობდნენ ბოროტ ინტრიგებს (მოციქულის წინააღმდეგ), რომ ალლაჰი არ აიძულებს მიწას შთანთქას ისინი, ან არ მოაწევს მათ სასჯელი იქიდან, საიდანაც ისინი არც გრძნობენ [ვერ ელიან]?
46ან შეიპყროს ისინი მათი მიმოსვლისას, და ისინი ვერასგზით ვერ დააღწევენ თავს.
47ან შეიპყრობს მათ შიშის ჟამს, რამეთუ, ჭეშმარიტად, თქვენი უფალი ლმობიერია, მწყალობელია[და არ ჩქარობს საჯელით, ეგების მოინანიონ, და გახდნენ მორწმუნენი].
48ნუთუ არ უნახავთ მათ [უღმერთოებს], რომ იმას, რასაც ალლაჰი ქმნის [მთებს, ხეებს…], მათი ჩრდილი გადაიხრება (ერთი დროის განმავლობაში) მარჯვნივ და (სხვა დროის განმავლობაში) მარცხნივ, დამხობილნი [საჯდაზე] და მორჩილნი ალლაჰის წინაშე?
49ალლაჰის წინაშე ქედს იხრის ცაში არსებული ყოველივე და მიწაზე ყოველი მოძრავი არსება [ცხოველი], და ანგელოზნიც; და ისინი არ ამპარტავნობენ.
50ეშინიათ [ანგელოზებს[ თავიანთი უფლის, რომელიც მათ ზემოთაა, და აკეთებენ იმას, რაც მათ ებრძანათ۩
51და თქვა ალლაჰმა: «არ გაიჩინოთ ორი ღვთაება; ჭეშმარიტად, იგია ერთადერთი ღვთაება, და ამიტომ მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ!»
52და მას [ალლაჰს] ეკუთვნის ის, რაც ცაშია და მიწაზე [ის არის ყველაფრის შემოქმედი, მფლობელი და ღმერთი], და მისია (მას უნდა ეძღვნებოდეს) თაყვანისცემა განუწყვეტლად. ნუთუ ვინმესგან, ალლაჰის გარდა, შეგეშინდებათ?
53და როგორი წყალობაც არ უნდა გქონდეთ (იქნება ეს რწმენა, ჯანმრთელობა, სიუხვე, შვილები,…), (ეს) – (მხოლოდ) ალლაჰისგანაა. შემდეგ, როდესაც უბედურება [სენი, შიმშილი,…] შეგეხებათ, მაშინ (მხოლოდ) მას მიმართავთ მუდარით (ტირილით).
54შემდეგ კი, როცა უბედურებას მოგაშირებთ, მაშინ თქვენგან ნაწილი [ხელახლა] თავიანთ უფალს თანაზიარს უჩენენ.
55იმისთვის, რომ უარყონ (აღიარება) იმისა, რაც ჩვენ მივეცით მათ. (ჯერ-ჯერობით) ისარგებლეთ (ამ წუთისოფლით), მერე კი შეიტყობთ (თქვენი ურწმუნოების შედეგს)!
56და იმას, რაც არ იციან, წილს უნაწილებენ იმისგან, რითიც ჩვენ ვასაზრდოეთ. ალლაჰს ვფიცავ, აუცილებლად მოგეკითხებათ [განკითხვის დღეს] იმის გამო, რასაც თხზავდით [ალლაჰის წინააღმდეგ].
57და ისინი [ურწმუნონი] ალლაჰს მიაწერენ ქალიშვილებს [ამბობენ, რომ ანგელოზები თითქოს ალლაჰის ქალიშვილები არიან]. უზენაესია ის [ალლაჰი არის ამაღლებული იმათზე, რასაც ისინი მის შესახებ ამბობენ]! ხოლო მათთვის იმას, რასაც ისინი (საკუთარ თავზე) ისურვებენ [მათთვის ასულები სირცხვილია, და საკუთარ თავს ძეებს მიაწერენ].
58და როცა რომელიმე მათგანს ასულს ახარებენ, სახე უშავდება და ის მწუხარებით ივსება[რაც ალლაჰს აკადრეს, თავისთვის სასირცხვილოდ მიიჩნიეს]
59იმალება ხალხისგან იმ სევდის გამო, რითაც გაახარეს [ახალი ამბით, რომ მას ქალიშვილი შეეძინა]: შეინარჩუნოს ეს [ის, რითაც გაახარეს] დამცირებით [შერცხვენილად იგრძნოს თავი თავის თანამოძმეებს შორის] თუ დამალოს [დამარხოს] იგი (ცოცხალი) მიწაში? ო, რა ამაზრზენად მსჯელობენ ისინი (ალლაჰს ქალიშვილებს მიაწერენ, ხოლო საკუთარ თავს ძეებს)!
60ვისაც არ სწამს საიქიო ცხოვრების, (მათთვის არის) ცუდი აღწერა, ხოლო ალლაჰს ეკუთვნის უმაღლესი აღწერა ცაში და მიწაზე [ის არის ამაღლებული ყველაფერზე თავისი არსებით, თავისი სახელებითა და აღწერილობებით]. და ის არის დიდებული და ბრძენი!
61თუ ალლაჰი შეიპყრობდა ადამიანებს [ურწმუნოებსა და ურჩებს] მათი ბოროტების გამო [ურწმუნოებისა და ალლაჰზე ცრუ ამბების შეთხზვის გამო], მაშინ არ დატოვებდა მასზე [მიწაზე] არც ერთ ცხოველს [ურწმუნოს]. მაგრამ ის აძლევს მათ გადავადებას გარკვეულ ვადამდე. ხოლო როცა მოვა მათი ვადა (რომელიც ალლაჰმა განუსაზღვრა), ისინი ვერ დაიგვიანებენ (ამ ვადაზე) არც ერთი საათით [არ მიეცემათ გადავადება] და ვერ დააჩქარებენ (ვადას ერთი საათითაც კი) [ის არ დადგება უფრო ადრე, ვიდრე დადგენილია].
62და ისინი ალლაჰს მიაწერენ იმას, რასაც თვითონ სძულთ [ქალიშვილებს], და მათი ენები აღწერენ [ამბობენ] სიცრუეს, რომ მათთვის (მზად არის) საუკეთესო [მშვენიერი დასასრული]. უეჭველად, მათთვისაა (მზად არის) ცეცხლი. და ისინი იქ მიტოვებულნი [დავიწყებულნი] იქნებიან!
63ვფიცავ ალლაჰს, ნამდვილად ჩვენ გავგზავნეთ (წინასწარმეტყველები და მოციქულები) თემებთან, რომლებიც შენამდე იყვნენ (ო, მუჰამმად), და სატანამ შეულამაზა მათ მათი საქმეები [ურწმუნოება, მრავალღმერთიანობა და მოციქულებთან მტრობა]. და ის [სატანა] არის მათი მფარველი დღეს [ამქვეყნად], ხოლო მათთვისაა (საუკუნო ცხოვრებაში) მტანჯველი სასჯელი!
64და არ გარდმოგვივლენია შენზე წიგნი, თუ არა იმისთვის, რომ განუმარტო მათ ის, რაზეც იდავეს, და ხელმძღვანელობად და წყალობად მორწმუნე ხალხისთვის.
65და ალლაჰმა გარდამოავლინა ციდან წყალი, და გააცოცხლა მასით [წყლით] მიწა მას შემდეგ, რაც იგი მკვდარი იყო. ჭეშმარიტად, ამაში უეჭველად სასწაულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ისმენენ (და შემდეგ ფიქრობენ, ემორჩილებიან ალლაჰს და უფრთხილდებიან მის სასჯელს)!
66და, ჭეშმარიტად, თქვენთვის თქვენს პირუტყვებში ერთმნიშვნელოვნად არის შეგონება. ჩვენ გასმევთ იმიდან, რაც მათ მუცლებში წარმოიქმნება, შიგთავსსა და სისხლს შორის, – რძეს სუფთას, სასიამოვნოს მსმელთათვის.
67და ფინიკისა და ვაზის ნაყოფისგან იღებთ [აკეთებთ] მათრობელა სასმელს და კეთილ საზრდოს. ჭეშმარიტად, ამაში მართლაც სასწაულია გონიერი ხალხისთვის.
68და შთააგონა შენმა უფალმა ფუტკარს: «დაიდე საცხოვრებელი მთებში, ხეებსა და იმაში, რასაც ისინი [ადამიანები] აშენებენ».
69შემდეგ იკვებე ყველანაირი ნაყოფით და იარე შენი უფლის გზებზე მორჩილად[ისე რომ გზები შენთვის ადვილი სავალი იქნება]. მათი [ფუტკრების] მუცლებიდან გამოდის სხვადასხვა ფერის სასმელი, რომელშიც განკურნებაა ხალხისთვის. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია მოაზროვნე ხალხისთვის.
70ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ, შემდეგ კი მოგაკვდინებთ. და თქვენს შორის არიან ისეთნიც, ვისაც დააბრუნებენ უძლურ ცხოვრებაში [ღრმა სიბერეში], რათა აღარ იცოდეს [მას შემდეგ რაც ჰქონდა (ახალგაზრდობისას) გარკვეული ცოდნა] არაფერი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლეა
71და ალლაჰმა მიანიჭა უპირატესობა ზოგიერთ თქვენგანს სხვებზე (სასიცოცხლო) საზრდოში [ზოგი გაამდიდრა, ხოლო სხვები გააღარიბა; ზოგი მფლობელი გახადა, ხოლო სხვები მონებად აქცია]. და სწორედ ისინი, ვისაც უპირატესობა მიენიჭათ, არ აბრუნებენ საკუთარ საზრდოს [არ აძლევენ იმას, რაც ალლაჰმა უბოძა მათ] მათ, ვინც დაიპყრო მათმა მარჯვენაა [საკუთარ მონებს], რომ ისინი (შემდეგ) ამაში გათანაბრებულიყვნენ [სიმდიდრეში]. ნუთუ ისინი უარყოფენ ალლაჰის [მათთვის ნაბოძებ] წყალობას?[ანუ როგორც ბატონს არ უყვარს, რომ მონა წილში ჰყავდეს, ალლაჰსაც არ ჰყავს მოწილე]
72და ალლაჰმა შექმნა თქვენთვის მეუღლეები თქვენგანვე და გიბოძათ თქვენი მეუღლეებისგან შვილები და შვილიშვილნი და დაგაპურათ სიკეთენით. ნუთუ სიცრუეს [ურწმუნოებას] ირწმუნებენ, ხოლო ალლაჰის წყალობას [ნამდვილ რწმენას] უარყოფენ?!
73და ისინი [მრავალღმერთიანები] თაყვანს სცემენ ალლაჰის გარდა იმას [კერპებსა და სხვა ცრუ ღვთაებებს], რაც არაფრით არ ფლობს მათთვის (სასიცოცხლო) საზრდოს (იმისათვის, რომ მისცენ მათ) ზეციდან [არ შეუძლიათ წვიმის მოვლენა] და მიწიდან [არ შეუძლიათ ნათესი გაზარდონ], და არ ძალუძთ მათ (არაფრის გაკეთება) (თუნდაც რომ მოისურვონ).
74(ჰე, ადამიანებო,) ნუ უტოლებთ ალლაჰს [ნუ აყენებთ მას რომელიმე მის ქმნილებასთან თანასწორად] (მსახურებითა და თაყვანისცემით მასთან ერთად). ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის (რასაც თქვენ აკეთებთ), ხოლო თქვენ არ იცით (რა ცოდვას სჩადიხართ ამით და რა სასჯელი გეკუთვნით ამის გამო)!
75ალლაჰს იგავად მოჰყავს მონა, რომელიც სხვის საკუთრებაშია და არაფრის ძალა არ შესწევს[უფლება შეზღუდული], და ის, ვისაც ჩვენ ვუბოძეთ კეთილი სარჩო, საიდანაც იგი ხარჯავს ფარულად და ცხადად. განა თანასწორნი არიან? ქება-დიდება ალლაჰს! მაგრამ მათგან უმეტესობამ არ იცის.
76და ალლაჰს მოჰყავს იგავი ორ კაცზე: ერთი მათგანი მუნჯია, რომელსაც არაფერი ძალუძს და ტვირთად აწევს თავის პატრონს; სადაც არ უნდა გაგზავნოს, სიკეთეს არ მოიტანს. განა თანასწორია იგი იმასთან, ვინც სამართლიანობას ბრძანებს და თავადაც სწორ გზაზე დგას?
77ალლაჰს ეკუთვნის დაფარული [ცოდნა] ზეცაში და მიწაზე. ხოლო შეკითხვა საათის შესახებ [როდის დადგება სამსჯავროს დღე] – (ის მოხდება ისეთივე სისწრაფით,) როგორც თვალის დახამხამება, ან კიდევ უფრო ახლოს [უფრო სწრაფად]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოველი საქმის ძალმოსილია
78ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენ დედათა მუცლებიდან მაშინ, როცა არაფერი გაგეგებოდათ, მან კი მოგცათ სმენა, მხედველობა და გულნი, რათა ეგების მადლიერნი იყოთ.
79ნუთუ ისინი [ურწმუნონი] ვერ ხედავენ ფრინველებს, (რომლებიც) დამორჩილებულნი არიან (ალლაჰის მიერ ) (იმისათვის, რომ იფრინონ) ციურ ჰაერში? არავინ იკავებს მათ (ჰაერში), გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ამაში უდაოდ, სასწაულებია მორწმუნე ხალხისთვის!
80და ალლაჰმა შეგიქმნათ თქვენთვის თქვენს სახლებში სამყოფელი [ადგილი, სადაც ისვენებთ თქვენს ოჯახთან ერთად]. და (აგრეთვე) მან შეგიქმნათ თქვენთვის პირუტყვის ტყავებიდან სახლები [კარვები და ბანაკის საცხოვრებლები], რომლებიც იოლია თქვენთვის (რათა გადაიტანოთ ისინი) თქვენი გასვლის დღეს (გზაში) და თქვენი გაჩერების დღეს. (და მოგიმზადათ მან თქვენთვის) მათი მატყლიდან, მათი ბალნიდან და მათი ბეწვიდან (სასარგებლო) ნივთები [ტანსაცმელი, საწოლი, სამკაული…] და სარგებლობა (ამით) განსაზღვრული დროის განმავლობაში [მანამ, სანამ ისინი არ გაცვდება].
81და ალლაჰმა გაგიჩინათ ჩრდილები იმისგან, რაც შექმნა [ხეებიდან,მთებიდან..], და გაგიჩინათ მთებში თავშესაფრები, და გაგიჩინათ სამოსელი, რომელიც გიცავთ სიცხისგან და მოგიმზადათ თქვენთვის სამოსელი [სამხედრო ჯავშნები], რომელიც გიცავთ თქვენივე [ადამიანური] რისხვისგან. ამგვარად სრულყოფს იგი თავის წყალობას თქვენადმი, ეგების თქვენ დაემორჩილოთ.
82ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა [ო, მოციქულო] მხოლოდ ცხადი გზავნილის მიტანაა [მათამდე].
83ისინი [მრავალღმერთიანები] ცნობენ (უამრავ) წყალობას ალლაჰისას, ხოლო შემდეგ უარყოფენ მას, და მათი უმრავლესობა ურწმუნონი არიან [კვდებიან ურწმუნოებად].
84და იმ დღეს [სასჯელის დღეს] ჩვენ გამოვგზავნით [გამოვიყვანთ] ყოველი თემიდან მოწმედ [მათ შუამავალს], (რომელიც დაამოწმებს მათ მორწმუნეთა რწმენას და ურწმუნოთა ურწმუნოებას). შემდეგ კი არ მიეცემა ნებართვა იმათ, ვინც გახდა ურწმუნო, (რათა თავის იმართლოს) და არ მოითხოვენ მათგან გამართლებას [რათა რამე გააკეთონ მათი უფლის კმაყოფილებისათვის].
85და როცა იხილავენ ისინი, რომლებმაც ჩაიდინეს უსამართლობა [ურწმუნოება], ალლაჰის სასჯელს (მარადიულ ცხოვრებაში), ის არ შეემსუბუქებათ მათთვის და არ მიეცემათ მათ გადავადება (სასჯელის).
86და როცა იხილავენ ისინი, რომლებმაც ჩაიდინეს მრავალღმერთიანობა, თავიანთ თანამონაწილეებს [ცრუ ღვთაებებს], იტყვიან: «მოგვხედე, უფალო! აი – ჩვენი თანამონაწილეები [ღმერთები], რომელთაც ვუხმობდით [ვეთაყვანებოდით] შენს გარდა». მაგრამ ისინი [ღმერთებად მიჩნეულნი] მოისროლებენ მათ [მრავალღმერთიანებს] სიტყვას (და ეტყვიან): «ჭეშმარიტად, თქვენ – უეჭველად, მატყუარები ხართ!» (ვინაიდან ჩვენ არ გიბრძანებდით, რომ თაყვანი გეცათ ჩვენთვის ალლაჰთან ერთად და არც ვამტკიცებდით, რომ ჩვენ ვიმსახურებდით თაყვანისცემას)
87იმ დღეს ისინი ალლაჰს მორჩილებას გამოუცხადებენ და გაუქრებათ ყოველივე, რასაც თხზავდნენ.
88ვინც არ ირწმუნეს და (სხვებსაც) აბრკოლებდნენ ალლაჰის გზაზე, სასჯელს სასჯელზე დავუმატებთ, რადგანაც უკეთურებას სჩადიოდნენ.
89და იმ დღეს [სასჯელის დღეს], როდესაც ჩვენ გამოვგზავნით ყოველი თემისათვის მოწმედ (რომელიც დაამოწმებს მათ სასარგებლოდ, თუ მათ ირწმუნეს, და) მათ წინააღმდეგ (თუ ისინი გახდნენ ურწმუნონი) რომელიც იქნება მათგანვე [ეს იქნება მათთან გამოგზავნილი წინასწარმეტყველი], და მოგიყვანთ შენ (ო, მუჰამმედ) მოწმედ მათზე [შენი თემის]. და ჩვენ გარდმოგივლინეთ წიგნი [ყურანი], რათა განუმარტო ყველაფერი და იყოს მართალი გზამკვლევი, წყალობა და სასიხარულო უწყება მორჩილთათვის (იმის შესახებ, რომ მათ მოელით კეთილი დასასრული).
90ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგიწოდებთ სამართლიანობას, სიკეთესა და ქველმოქმედებას ახლობელთა მიმართ, და გიკრძალავთ მრუშობას, გასაკიცხ ქმედებასა და შურს, ის შეგაგონებთ თქვენ, რათა გახსოვდეთ (ალლაჰის ბრძანებები) (და შეასრულოთ ისინი)!
91და მტკიცედ შეასრულეთ აღთქმა ალლაჰთან, როცა თქვენ (ჰეი, ადამიანებო) იგი დადეთ, და ნუ დაარღვევთ ფიცებს მას შემდეგ, რაც მათ დაადასტურებთ, ვინაიდან თქვენ ალლაჰი გაიხადეთ თქვენს ზედამხედველად. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც თქვენ აკეთებთ!
92და (თქვენი აღთქმების დარღვევით) ნუ იქნებით იმ (გონებაშეზღუდულ) ქალივით, რომელმაც დაშალა [გახსნა] თავისი ძაფი მას შემდეგ, რაც ის მტკიცე ქსოვილად იყო შეკრული, აქცევდით რა თქვენს ფიცებს მოტყუებად ერთმანეთშორის, (როდესაც) ერთი ჯგუფი უფრო მრავალრიცხოვანია ვიდრე მეორე [როდესაც ეყრდნობიან თავიანთ სიმრავლეს]. ალლაჰი მხოლოდ გამოგცდით ამით [ბრძანებით, რომ დაიცვათ აღთქმები], და აუცილებლად განგიმარტავთ თქვენ აღდგომის დღეს იმას, რაზეც თქვენ სხვადასხვაგვარად ფიქრობდით (დედამიწაზე ცხოვრებაში).
93და რომ ალლაჰს ესურვა, ჭეშმარიტად, ერთ თემად გაგხდიდათ [ერთიან რწმენაზე და ერთსა და იმავე კანონზე]. თუმცა, იგი აცილებს გზიდან, ვისაც ისურვებს [ვინც ურწმუნოებას აირჩევს] და წარუძღვება სწორ გზაზე, ვისაც ისურვებს [ვინც რწმენას აირჩევს]. და თქვენ (ყველანი), უეჭველად, (სასჯელის დღეს) გამოეკითხებით იმაზე, რასაც სჩადიოდით.
94და ნუ გამოიყენებთ თქვენს ფიცებს ერთმანეთის მოსატყუებლად, თორემ დაგიცდებათ ფეხი გამყარების შემდეგ და იგემებთ ბოროტებას იმის გამო, რომ (ხალხს) აცდენდით ალლაჰის გზიდან; და თქვენთვისაა სასჯელი უდიდესი.
95და ნუ იყიდით ალლაჰთან დადებულ აღთქმით უმნიშვნელო ფასს [ნუ გაცვლით ათქმას, ფიცს, ხელშეკრულებას დროებით მიწიერ სარგებელზე]! ჭეშმარიტად, ის, რაც ალლაჰთანაა, უკეთესია თქვენთვის, თქვენ რომ იცოდეთ!
96რაც თქვენთანაა, წარმავალია, ხოლო რაც ალლაჰთანაა, მარადიულია. და ჩვენ, უეჭველად, მივაგებთ მათ, ვინც ითმენდა, მათ საზღაურს საუკეთესოდ იმაზე, რასაც აკეთებდნენ.
97ვინც კარგი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ.
98და როცა წაიკითხავ ყურანს შეეფარე ალლაჰს ქვით ჩაქოლილი სატანისგან [მისი ბოროტებისგან].
99ჭეშმარიტად, მას [სატანას] არ აქვს ძალაუფლება მათზე, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ ღმერთს მიენდობიან.
100ჭეშმარიტად, მისი [სატანის] ძალაუფლება მხოლოდ იმათზეა, ვინც აირჩია იგი მფარველად და ვინც მის გამო არიან მრავალღმერთიანნი.
101და როდესაც ჩვენ ვცვლით (ყურანში) ერთ აიათს მეორით (როდესაც გაუქმდება ერთი აიათის კითხვა ან დებულება), – ხოლო ჭეშმარიტად ალლაჰმა უკეთ იცის, რას ავლენს [მან იცის, რა არის უკეთესი მისი მონებისთვის], – ისინი [ურწმუნონი] ამბობენ: «შენ (ო, მუჰამმად) მხოლოდ მომგონებელი ხარ (რომელიც იგონებს იმას, რაც ალლაჰს არ უთქვამს)!» (მაგრამ) მათმა უმრავლესობამ არ იცის[ალლაჰმა კი იცის ამ ცვლილების მიზეზი და სიბრძნე]!
102უთხარი: ჩამოავლინა იგი წმინდა სულმა შენი უფლისგან ჭეშმარიტებით, მორწმუნეთა განსამტკიცებლად, ხელმძღვანელობად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის.
103და ჩვენ უკვე ვიცით, რომ ისინი [მრავალღმერთიანები] ამბობენ: «მართლაც, მას [მოციქულს] ასწავლის (ყურანს) (მხოლოდ) (ჩვეულებრივი) ადამიანი». თუმცა, ენა იმისა (ადამიანისა), ვისზეც ისინი [მრავალღმერთიანები] მიუთითებენ, უცხოა [არაბული არ არის], ხოლო ეს [ყურანის ენა] – ცხადი არაბული ენაა.
104ჭეშმარიტად, მათ, ვისაც არ სწამთ ალლაჰის აიათები, ალლაჰი არ უწინამძღვრებს და მათთვისაა მწარე სასჯელი.
105სიცრუეს მხოლოდ ისინი თხზავენ, რომელთაც არ სწამთ ალლაჰის აიათები, და სწორედ ისინი არიან ცრუმეტყველნი.[და არა მუჰამედი ალლაჰის მოციქული]
106ვინც უარყოფს ალლაჰს, მას შემდეგ, რაც ირწმუნა, – გარდა იმისა, ვინც იძულებული იყო, გული კი რწმენით ჰქონდა დამშვიდებული, – ხოლო ვინც ურწმუნოებას გაუხსნის გულს, მათზეა ალლაჰის რისხვა და მათთვისაა დიდი სასჯელი.
107ეს იმიტომ, რომ მათ ამქვეყნიური ცხოვრება ამჯობინეს იმქვეყნიურს და რომ ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე ურწმუნო ხალხს.
108აი, ისინი, რომელთა გულები, სმენა და მხედველობა დაბეჭდა ალლაჰმა; და სწორედ ისინი არიან უგულისყურონი.
109ეჭვგარეშეა, რომ საიქიოში სწორედ ისინი იქნებიან წაგებულნი.
110შემდეგ, ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მათთვის, ვინც გადასახლდენენ მას შემდეგ, რაც გამოიცადნენ [გადაიტანეს წამება] (მრავალღმერთიანთა მხრიდან), შემდეგ იბრძოლეს და მოითმინეს, – ჭეშმარიტად, შენი უფალი ამის შემდგომ უსაზღვროდ მპატიებელი, მწყალობელია.
111იმ დღეს, როცა ყოველი სული მოვა და საკუთარ თავს გამოესარჩლება, და სრულად მიეზღვება ყოველ სულს, რაც უქმნია, და მათ არ შეეხებათ უსამართლობა.
112და ალლაჰს მოჰყავს მაგალითად სოფელი (ანუ მექქა), რომელიც იყო უსაფრთხო, მშვიდი; მოდიოდა მასთან მისი საზრდო უსაფრთხოდ [უხვად და იოლად] ყველა მხრიდან, მაგრამ ისინი [ამ სოფლის მცხოვრებნი] არ ცნობდნენ ალლაჰის წყალობებს (რომლითაც ის ანიჭებდა მათ) (უთანაზიარებდნენ ალლაჰს თანამონაწილეებს და არ გამოხატავდნენ მადლიერებას ), და მაშინ ალლაჰმა დააგემოვნებინა მას [მექქას მცხოვრებთ] შიმშილის სამოსი და შიში (იმის გამო, რომ მათ ქარავნებზე, რომლებიც მიდიოდნენ შამში, ალლაჰის მოციქულის რაზმები დაესხმებოდნენ თავს) იმის გამო, რასაც ისინი [მექქელები] სჩადიოდნენ [მათი ურწმუნოებისა და მტრობის გამო].
113უეჭველად, მათ მიუვიდათ შუამავალი მათგანვე, მაგრამ მათ ცრუდ შერაცხეს იგი, და მოიცვა ისინი სასჯელმა [შიმშილმა, შიშმა, მათი წინამძღოლების დაღუპვამ ბადრში…], და იყვნენ ისინი უსამართლონი (თავიანთივე თავების მიმართ).
114მაშ, მიირთვით იქიდან, რაც ჰალალ და სუფთა საზრდოდ გიწყალობათ ალლაჰმა და მადლიერნი იყავით ალლაჰის წყალობისა, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით.
115მან თქვენთვის აკრძალა მხოლოდ ლეში [ის ცხოველი, რომელიც მოკვდა და არაა დაკლული], და (ცხოველიდან გამოღვრილი) სისხლი, და ღორის ხორცი, და იმ ცხოველის ხორცი, (რომელიც) დაკლულია ალლაჰის გარდა სხვისთვის. ხოლო ვინც იძულებული გახდება (შიმშილის დროს, რათა არ მოკვდეს), სურვილისა და ზედმეტობის გარეშე [არ განიცდის სიამოვნებას და არ ნაყრდება], – მაშინ (ჭეშმარიტად) ალლაჰი მპატიობელი და მოწყალეა!
116და ნუ იტყვით იმაზე, რასაც თქვენი ენები აღწერს, სიცრუეს: «ეს [რაც ალლაჰმა აკრძალა] – ნებადართულია, ხოლო ეს [რაც ალლაჰმა ნებადართული გახადა] – აკრძალულია», რათა (ამით) ალლაჰზე სიცრუე მოიგონოთ. ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ალლაჰზე იგონებს სიცრუეს, ვერ მიაღწევენ წარმატებას (არც ამქვეყნად და არც მარადიულ ცხოვრებაში)!
117(ეს არის მხოლოდ) მცირე სარგებლობა (ამქვეყნიურ ცხოვრებაში), ხოლო მათთვის (მარადიულ ცხოვრებაში) (მომზადებულია) მტანჯველი სასჯელი.
118და მათ, ვინც გახდა იუდეველი, ჩვენ ავუკრძალეთ ის, რაც უკვე გიამბეთ შენ (ო, მოციქულო) ადრე[ იხ. სუურათ ალ-ან'აამ:146]. და არ მოვქცეულვართ ჩვენ უსამართლოდ მათ მიმართ, არამედ ისინი თვითონ მოიქცნენ უსამართლოდ თავიანთივე თავების მიმართ (ურწმუნოებითა და ბოროტებით, რითაც დაიმსახურეს ეს აკრძალვა).
119შემდეგ, ჭეშმარიტად, შენი ღმერთი იმათთვის, რომელთაც უმეცრებით ჩაიდინეს უკეთურება, მერე კი მოინანიეს ამის შემდგომ და გამოასწორეს, - ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ამის შემდგომ უსაზღვროდ მპატიებელი, მწყალობელია.
120ჭეშმარიტად, იბრაჰიმი იყო წინამძღოლი, ღვთისმოშიში [სრულიად დამორჩილებული და მორჩილი] ალლაჰის წინაშე, ჰანიფი [ერთიღმერთის მორწმუნე], და არ ყოფილა იგი მრავალღმერთიანთაგან.
121მადლიერი მისი წყალობებისთვის; მან აირჩია იგი (რათა ყოფილიყო ერთ-ერთი მოციქულთაგანი) და დააგინა იგი სწორ გზაზე.
122და ვუბოძეთ მას ამქვეყნად სიკეთე, და ჭეშმარიტად, იგი საიქიოს მართალთაგან იქნება.
123შემდგომ ზეშთაგაგონეთ შენ[მოციქული მუჰამმად სალლალლააჰუ ალეიჰი ვასალლამ]: რომ გაჰყოლოდი ჰანიფი იბრაჰიმის რელიგიას, და იგი არ ყოფილა წარმართთაგანი.
124შაბათი განისაზღვრა მხოლოდ მათთვის [იუდეველთათვის], რომლებმაც უთანხმოება გამოავლინეს მასთან დაკავშირებით (და აირჩიეს ეს დღე პარასკევის ნაცვლად). და, ჭეშმარიტად, შენი უფალი განიკითხავს მათ აღდგომის დღეს იმასთან დაკავშირებით, რაშიც [რწმენის საკითხებში] ისინი განასხვავდნენ.
125მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კეთილი შეგონებით, და ეკამათე მათ იმით, რაც უკეთესია [რბილად და კეთილგანწყობით]. ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის, თუ ვინ აცდა მის გზას, და მან უკეთ უწყის ჭეშმარიტ გზაზე მყოფნი.
126და თუ სამაგიეროს მიაგებთ, მიაგეთ იმის მსგავსად, რითაც დაისაჯეთ. ხოლო თუ მოითმენთ, ეს უთუოდ უკეთესია მომთმენთათვის.
127მოითმინე და შენი მოთმინება მხოლოდ ალლაჰისგანაა. ნუ დამწუხრდები მათ გამო და ნურც შევიწროვდები იმისგან, რასაც ისინი მზაკვრობენ.
128ჭეშმარიტად, ალლაჰი იმათთანაა, ვისაც ღმერთისა ეშინოდათ, და ვინც არიან სიკეთისმქნელნი.