التغابن
The Mutual Disillusion • 18 ayahs • Medinan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და ყოველივე, რაც მიწაზეა. მისია მეუფება და მისია ქება-დიდება. და იგი ყოვლისშემძლეა.
2ის — ალლაჰია, რომელმაც თქვენ (ო, ადამიანებო) (არარსებობიდან) შეგქმნათ; თქვენ შორის არიან ურწმუნონი და თქვენ შორის არიან მორწმუნენიც. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ (და ამის მიხედვით მოგაგებთ).
3მან ჭეშმარიტებით შექმნა ცანი და მიწა (და ყველაფერი, რაც მათშია), [თავისი სიბრძნისა და განსაზღვრული მიზნის შესაბამისად]; თქვენ (ო, ადამიანებო ადამიანური) სახე მოგანიჭათ და საუკეთესო ფორმა მისცა [ადამიანი ბევრ სხვა ქმნილებაზე უფრო ლამაზად შექმნა]. და მასთან არის დაბრუნება (სასჯელისა და ანგარიშის დღეზე).
4მან იცის, რაც არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და იცის, რასაც მალავთ და რასაც აცხადებთ. და ალლაჰმა იცის, რაც გულებშია(კარგი განზრახვა იქნება თუ ცუდი).
5განა არ მოსულა თქვენამდე ამბავი იმათი, ვინც უწინ უარყო? და იგემეს თავიანთი საქმის სიმძიმე და მათთვისაა მწარე სასჯელი.
6ეს იმიტომ, რომ მათთან თავიანთი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით მოდიოდნენ, მაგრამ მათ თქვეს: "ადამიანმა უნდა დაგვადგინოს სწორ გზაზე?!" მათ უარყვეს და ზურგი აქციეს. ალლაჰს კი მათი რწმენა არ სჭირდება — რადგან ალლაჰი მდიდარია და ქების ღირსი.
7ურწმუნონი ამტკიცებენ, რომ ისინი არასდროს არ იქნებიან აღსდგენილნი. უთხარი: "პირიქით! ვფიცავ ჩემს ღმერთს, თქვენ უეჭველად აღსდგენილნი იქნებით, შემდეგ კი გეუწყებათ, რაც ჩაიდინეთ. და ეს ალლაჰისთვის იოლია".
8მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი, მისი შუამავალი და სინათლე (ყურანი), რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ. და ალლაჰი უწყის, რასაც თქვენ აკეთებთ.
9(გახსოვდეთ) ის დღე, როცა ის შეგკრებთ თქვენ ყველას საერთო შეკრების დღისთვის [სამსჯავროს დღე] — ეს არის თვითმოტყუების გამჟღავნების დღე. [ამ დღეს ურწმუნონი მიხვდებიან, რამდენად მოიტყუეს თავი]. და ვინც ირწმუნებს ალლაჰს და კეთილ საქმეებს აღასრულებს, ის (ალლაჰი) გაასუფთავებს მას მისი ცუდი საქმეებისგან და შეიყვანს ბაღებში (სამოთხეში), რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინება, და ისინი იქ დარჩებიან მარად, სამუდამოდ. ეს არის უდიდესი წარმატება!
10ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი სასწაულები (აიათები), აი, ისინი იქნებიან ცეცხლის მკვიდრნი და დარჩებიან იქ მარადჟამს. რა საშინელი დაბრუნების ადგილია იგი!
11რაც არ უნდა უბედურება მოხდეს, ის მხოლოდ ალლაჰის ნებით ხდება. და ვინც ირწმუნა ალლაჰი, მის გულს ის (ალლაჰი) წარმართავს და ალლაჰმა ყველაფერი იცის.
12და დაემორჩილეთ ალლაჰს (ყველაფერში, რასაც იგი ბრძანებს და კრძალავს) და დაემორჩილეთ შუამავალს (იმაში, რასაც მას თქვენამდე მოაქვს თავისი უფლისგან). ხოლო თუ ზურგს შეაქცევთ (ალლაჰისა და მისი შუამავლისადმი მორჩილებას), მაშ იცოდეთ, რომ ჩვენს შუამავალს ეკისრება მხოლოდ ნათლად გადმოცემა.
13ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. დაე, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნენი.
14ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტად, თქვენს მეუღლეთა და შვილთა შორის არიან თქვენი მტრები, მაშ, ერიდეთ მათ. და თუ აპატიებთ, თვალს დახუჭავთ და მიუტევებთ, მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
15თქვენი ქონება და თქვენი შვილები მხოლოდ გამოცდაა, ხოლო ალლაჰთანაა დიადი საზღაური.
16მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა, რამდენადაც შეძლებთ, და ისმინეთ, და დაემორჩილეთ, და გაიღეთ სიკეთე თქვენივე სულებისთვის. და ვინც დაცული იქნება საკუთარი სულის სიძუნწისგან, სწორედ ისინი არიან ნეტარნი.
17თუ თქვენ ალლაჰს ასესხებთ კეთილ სესხს, ის გაგიორმაგებთ მას და შეგინდობთ თქვენ. და ალლაჰი მადლიერია, შემწყნარებელია.
18დაფარულისა და ცხადის მცოდნე, ძლევამოსილი, ბრძენი.