الكهف
The Cave • 110 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1[ყოველი] ქება ალლაჰს, რომელმაც გარდამოავლინა თავის მონაზე [შუამავალ მუჰამმადზე] წიგნი [ყურანი] და არ უქმნია მასში [ამ წიგნში] არანაირი სიმრუდე [გადახვევა ჭეშმარიტებისგან].
2სწორად [წიგნად, რომელშიც არ არის წინააღმდეგობები და გამორჩენა], რათა გააფრთხილოს (ურწმუნონი) ჩვენი დიდი რისხვის შესახებ [ალლაჰის მკაცრი სასჯელის შესახებ], და გაახაროს მორწმუნენი, რომლებიც კეთილ საქმეს სჩადიან, იმით, რომ მათთვის მზად არის კარგი საზღაური [სამოთხე]
3სადაც ისინი დარჩებიან სამუდამოდ.
4და რათა გააფრთხილოს ისინი [მრავალღმერთიანები], რომელთაც თქვეს: ალლაჰმა აიყვანა თავისთვის შვილი [ვაჟი ან ქალიშვილები].
5არ აქვთ მათ [მრავალღმერთიანებს] ამის შესახებ არანაირი ცოდნა, და არც მათ მამებს [წინაპრებს], [რომლებსაც ბრმად მისდევენ] [არ ჰქონიათ მსგავსი ცოდნა]. რა მძიმეა ეს სიტყვა, რომელიც გამოდის მათი პირიდან! ისინი არ ამბობენ არაფერს გარდა სიცრუისა!
6ნუთუ შენ [ო, შუამავალო] მზად ხარ, რომ თავი დაიღუპო მწუხარებით მათ გამო [შენი ხალხის გამო], რადგან იმათ არ ირწმუნეს ეს შეგონება [ყურანი]?
7ნამდვილად, ჩვენ ვქმენით ის, რაც მიწაზეა [ცხოველები, მცენარეები, წიაღისეული და სხვა], მისი სამკაულად, რათა გამოვცადოთ ისინი [ადამიანები] ვინ არის მათგან უკეთესი საქმეებით [უფრო მორჩილი ალლაჰისა].
8და (ამ ქვეყნის დასასრულს) ჩვენ ნამდვილად ვაქცევთ იმას, [რაც მიწაზეა] ბრტყელ ველად, სრულიად უტყეოდ და უმცენაროდ
9ან შენ [ო, შუამავალო] გგონია, რომ გამოქვაბულის ხალხი და დაფისა [სადაც მათი სახელები იყო დაწერილი] იყო ყველაზე საოცარი ჩვენ სასწაულებს შორის? [მაგრამ ცათა, მიწისა და იმის შექმნა, რაც მათშია უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე ეს ამბავი]
10აი, [ერთ დღეს] მორწმუნე ჭაბუკებმა [თავიანთი ხალხის მხრიდან მრავალღმერთიანობის იძულებისა და საცდურის შიშით] შეაფარეს თავი გამოქვაბულს და თქვეს: უფალო ჩვენო! მოგვმადლე შენგან წყალობა [გაგვაძლიერე მისით და დაგვიფარე ბოროტებისგან], და გვიჩვენე ჩვენს საქმეში სისწორე [გაგვიმარტივე გზა, რომელიც მიგვიყვანს ისეთი საქმეების შესრულებამდე, რომლებიც შენ გიყვარს, და ჩვენ გავხდებით ისინი, ვინც სწორ გზას მიჰყვებიან]
11და ჩვენ დავლუქეთ მათი ყურები [ჩავაგდეთ ღრმა ძილში] გამოქვაბულში მრავალი წლებით
12შემდეგ გამოვაღვიძეთ ისინი, რათა გაგვეგო, რომელი ჯგუფი [ერთმანეთთან ამათ შესახებ დავაში მყოფი] უკეთ გამოითვლიდა რამდენი წელი დაჰყვეს [გამოქვაბულში]
13აჰა, გიამბობთ შენ [ო, შუამავალო] მათ ამბავს ჭეშმარიტებით. ისინი იყვნენ ჭაბუკები [გამოქვაბულის მცხოვრებნი], რომელთაც ირწმუნეს თავისი ღმერთი; ხოლო ჩვენ მივუმატეთ მათ ჭეშმარიტი გზა.[მათ შევმატეთ რწმენა და სიმტკიცე ჭეშმარიტებაზე]
14და სიმტკიცე მოვავლინეთ მათ გულებზე [რწმენით] [და ისინი განმტკიცდნენ მასში [ჭეშმარიტებაში], როცა ფეხზე წამოდგნენ [ურწმუნო მმართველის წინაშე, რომელიც საყვედურობდა მათ იმის გამო, რომ კერპებს თაყვანს არ სცემდნენ), და თქვეს (ამ ჭაბუკებმა]: ჩვენი ღმერთი [ის ერთადერთია, ვისაც ჩვენ თაყვანს ვცემთ და ის] ცათა და ქვეყნის ღმერთია! ჩვენ არ მოვუხმობთ მის გარდა არავის [ არ ვუქმნით მას თანაზიარს თაყვანისცემაში]. [და თუ რაიმე სხვას ვიტყოდით, მაშინ გამოვიდოდა, რომ] ჩვენ ვთქვით გადაჭარბებული და ჭეშმარიტებისგან შორს მყოფი.
15[შემდეგ თქვეს მათ ერთმანეთში]: ამ ჩვენმა ხალხმა დაიდგინა მის გარდა ღვთაებები [გახდნენ მრავალღმერთიანები]. რატომ არ მოიტანეს მათთვის ცხადი მტკიცებულება [ღმერთებად აღიარებულთა შესახებ] [თითქოს ისინი ღირსნი არიან თაყვანისცემისა]? და ვინ არის იმაზე უსამართლო [ცოდვილი][ყველაზე ბოროტი ადამიანი] [ვიდრე] , ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავს?
16რაკიღა გაემიჯნეთ მათ [თქვენი ხალხისგან] და იმას [კერპებს], რასაც ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა, მაშ თავი შეაფარეთ გამოქვაბულს [რათა თაყვანი ეცეთ მხოლოდ ერთადერთი ალლაჰისთვის], მოგმადლით ღმერთი თავის წყალობას და დაგიდგენთ თქვენს საქმეში წინამძღოლს. [გაამარტივებს მათთვის საზრდოს მოპოვებას ამ გამოქვაბულში] [და ალლაჰმა მოავლინა მათზე ღრმა ძილი და დაიცვა ისინი].
17და შენ [ო შემყურებელო] დაინახავ, რომ მზე როდესაც ამოდის გადაიხრება გამოქვაბულის ხალხის მარჯვენა მხარეს და როცა ჩადის - მარცხენა მხარეს. ისინი კი მის შუაში [გამოქვაბულში] იყვნენ. ეს [ის, რაც ასე იქნა გაკეთებული] არის ალლაჰის ერთი სასწაულთაგანი. და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე [მიანიჭებს რწმენასა და მორჩილებას], ის ჭეშმარიტი გზით წავა, ხოლო ვისაც გზას აუბნევს [დატოვებს მას შეწევნის გარეშე, მის შემდეგ რაც იგი თავად აირჩევს ამას], შენ ვერ უპოვი მას შემწეს [დამხმარეს]
18და შენ [ო, შემყურებელო] მათ მღვიძარედ მიიჩნევ, მაშინ, როცა ისინი [გამოქვაბულის ჭაბუკები] [ნამდვილად] მძინარენი იყვნენ. ვაბრუნებდით მათ მარჯვნივ და მარცხნივ; ხოლო მათი ძაღლი თათებწაწვდილი იწვა ზღურბლზე. ისინი რომ დაგენახა, პირს იბრუნებდი მათგან შეშინებული
19ამგვარად აღვადგინეთ [გავაღვიძეთ] ისინი [იმავე სახით, როგორებიც იყვნენ.], რათა ერთურთისათვის ეკითხათ [იმაზე, რამდენ ხანს იმყოფებოდნენ ისინი გამოქვაბულში]. თქვა ვიღაცამ მათგან, რამდენხანს შევყოვნდითო?! თქვეს: ერთ დღეს ან დღის რაღაც მონაკვეთიო. [სხვებმა კი] თქვეს: თქვენმა ღმერთმა უკეთ იცის, რამდენხანს შეყოვნდით, გაგზავნეთ ერთი თქვენგანი ამ თქვენი ფულით ქალაქში. შეხედოს [ქალაქის მცხოვრებთაგან], ვისი საჭმელიც უფრო სუფთაა და მოგიტანოთ სარჩო მისგან. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინოს და თქვენი არსებობა არ აგრძნობინოს არავის
20ვინაიდან, თუ ისინი შეგამჩნევენ, ქვებით ჩაგქოლავენ (სასიკვდილოდ) ან ძალით შეგაქცევენ თავიანთ რწმენაზე [მრავალღმერთიანობაზე], და მაშინ [თუ ამას დაემორჩილებით] ვეღარასოდეს მიაღწევთ წარმატებას [სამოთხეში ვერ შეხვალთ].
21ამგვარად ვაცნობეთ [იმ ჭაბუკებზე] მათ [იმ ხალხისთვის, ვინც მათ დროში ცხოვრობდა], რათა გაეგოთ, რომ ალლაჰის აღთქმა [აღდგომის დღეზე] ჭეშმარიტია, და რომ საათში [სამსჯავროს დღის დადგომა] ეჭვი არ არის. და ისინი კამათობდნენ ერთმანეთში მათი მდგომარეობის შესახებ. და თქვეს: ააგეთ მათ თავსზემოთ[ ამ გამოქვაბულის] შენობა [ტაძარი] [რათა მან დაფაროს ისინი] [და თავი დაანებეთ ამ ჭაბუკებს, რადგან] მათი ღმერთი მათ ყველაზე უკეთ იცნობსო. თქვეს იმათ, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს მათ საქმეში: უსათუოდ ავაგებთ მათ თავსზემოთ სალოცავსო(მეჩეთს).
22იტყვიან ისინი [იმ ჭაბუკებზე დავაში მყოფნი] : სამნი იყვნენ, მეოთხე ძაღლიო. და იტყვიან: ხუთნი იყვნენ, მეექვსე კი მათი ძაღლიო. არგუმენტის გარეშე. და ამბობენ: შვიდნი იყვნენ, ხოლო მერვე მათი ძაღლიაო. უთხარი [ო, შუამავალო]: ჩემმა ღმერთმა უკეთ იცის მათი რიცხვი, მათ კი არაფერი არ იციან, მცირედის გარდა(მათ შესახებ მხოლოდ ცოტამ იცის). და ნუ იკამათებ მათ შესახებ, გარდა ცხადად, და მათ შესახებ მათგან არავის შეეკითხო
23და არ თქვა რაიმეს შესახებ [რაიმე საქმის შესახებ]: „ნამდვილად, ხვალ მას გავაკეთებო
24გარდა იმისა, რასაც ინებებს ალლაჰი. და გაიხსენე შენი ღმერთი როცა [რაიმე] დაგავიწყდება და თქვი: ეგებ, მიწინამძღვროს ჩემმა ღმერთმა სიმართლესთან უფრო ახლოს, ვიდრე ეს არის.
25და ისინი [ჭაბუკები] დარჩნენ თავიანთ გამოქვაბულში (ძილში მყოფნი) სამასი წლის განმავლობაში და დაამატეს კიდევ ცხრა წელი.
26უთხარი [ო, შუამავალო]: ალლაჰმა უკეთ იცის, რამდენ ხანს დაჰყვეს. მას ეკუთვნის ცოდნა დაფარული ცათა და ქვეყნისა. როგორ ხედავს იგი და როგორ ესმის! მათ არა ჰყავთ მის გარდა მფარველი და იგი არავის ჩაიზიარებს საკუთარ მსჯავრში
27და წაიკითხე [ო, შუამავალო] ის, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთის წიგნიდან [ყურანიდან]. არ არსებობს შემცვლელი მისი სიტყვისა და ვერავის იპოვი მის გარდა შემფარებელს.
28დაიმორჩილე შენი სული მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან [მზის ამოსვლიდან] საღამომდე [მზის ჩასვლამდე], და ილტვიან მისი წყალობისკენ. და არ აარიდო თვალი [ღვთის მსახურებს რათა მდიდარ ურწმუნოთა მიმართ გამოიჩინო ყურადღება] მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსენებისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ის ისედაც, თავის საქმეში ზღვარს გადასულა
29და თქვი: ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ვისაც სურს, ირწმუნებს, და ვისაც სურს, არ ირწმუნებს! ჭეშმარიტად, გავუმზადეთ უსამართლოებს ცეცხლი, რომელიც გარემოიცავს მათ. თუკი შველას ითხოვენ, მიეშველებიან ადუღებული ზეთის მსგავსი წყლით რომელიც წვავს სახეებს. რა საძაგელი სასმელია და რა ავი თავშესაფარი [ჯოჯოხეთი]
30რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, ჭეშმარიტად, არ დავუკარგავთ საზღაურს იმათ, ვინც კარგი საქმე აკეთა.
31სწორედ მათთვისაა [გამზადებული] სამოთხის ბაღები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. შეიმკობენ იქ ოქროს სამკაულებს და შეიმოსავენ აბრეშუმისა და მწვანე ატლასის სამოსს. წამოწოლილნი იქნებიან სავარძლებზე. რა მშვენიერი ჯილდოა და რა მშვენიერი თავშესაფარია [სამოთხე].
32და მოუყევი მათ [ო, შუამავალო] [შენს ხალხში მყოფ ურწმუნოებს] იგავი [მაგალითი] ორი კაცის შესახებ [რომლებიც ერთ-ერთი ძველი თემიდან იყვნენ ერთი მორწმუნე იყო, მეორე კი ურწმუნო]. ჩვენ ვჰქმენით ერთ-ერთ მათგანის (ურწმუნოს) ორი ვენახი, გარშემოვარტყით ისინი პალმის ხეებით და მათ შორის ნათესით.
33ორივე ბაღმა გამოიღო თავისი ნაყოფი და არაფერი გაუფუჭდათ [ნაყოფიდან]. და ჩვენ გავატარეთ მათ შორის [ამ ორ ბაღს შორის] მდინარე [რომ ბაღების და ნათესების მორწყვა მარტივად შესძლებოდათ]
34და ჰქონდა მას [ამ ორი ბაღის მფლობელს] ნაყოფი (და სხვა სიმდიდრეც), და მან უთხრა თავის თანამგზავრს [მორწმუნეს], რომელსაც ესაუბრებოდა: მე მეტი ქონება მაქვს, ვიდრე შენ, და ხალხითაც (დამხმარეებით) ძლიერი ვარ შენზე
35და შევიდა იგი [ბაღის მფლობელი] თავის ბაღში, თვითონვე თავის თავს უსამართლოდ მოქცეული [იმით, რომ არ სწამდა აღდგომის და ეპარებოდა ეჭვი სამსჯავროს დღის დადგომაში], და თქვა [ნაყოფით აღფრთოვანებულმა]: არ ვფიქრობ, რომ ეს [ბაღი] ოდესმე განადგურდება
36და არ ვფიქრობ, რომ საათი [სამსჯავროს დღე] დადგება. და თუ მაინც დავუბრუნდები ჩემს უფალს [როგორც შენ [მორწმუნე] ამტკიცებ], მაშინ, უეჭველად, მე ვპოვებ (ალლაჰთან) უკეთესს, ვიდრე ეს [ბაღი], დაბრუნების შემდეგ
37უთხრა მას [ბაღის მფლობელს] მისმა [მორწმუნე] თანამგზავრმა, მასთან საუბრისას: ნუთუ შენ ურწმუნოებას გამოხატავ იმაში, ვინც შეგქმნა მიწისგან, შემდეგ წვეთისგან [თესლის სითხისგან], მერე კი გაგასწორა და შეგქმნა სრულყოფილ ადამიანად? [ამრიგად, ვინც შეგქმნა თავდაპირველად, მა ძალუძს, კვლავ შეგქმნას აღდგომის დროსაც]
38მაგრამ იგი, ალლაჰი ჩემი ღმერთია. და მე არ დავუდგენ თანაზიარად ჩემს ღმერთს არავის
39ჰოდა, რატომ არ თქვი, როცა შენს ბაღში შედიოდი [რომელიც ასე გახარებდა]: ეს — ის არის, რაც ალლაჰმა ისურვა [რომ მქონოდა] არ არსებობს ძალა (მისი მოპოვებისა) გარდა ალლაჰისა [მხოლოდ მისი შეწევნით]! თუკი შენ მხედავ მე შენზე ღარიბად, [როგორც] ქონებით, ასევე შვილებით,
40ეგების ჩემმა ღმერთმა მე მიბოძოს უკეთესი შენს ბაღზე და მოავლინოს მასზე ზეციდან მრისხანება, დაიქცეს ბრტყელ და გლუვ ადგილად [გაიგივდეს მიწასთან, და აღარაფერი აღარ ამოვიდეს მასზე]
41ან კი მისი [ბაღის] წყალი ჩაიძირება მიწის სიღრმეში, და შენ ვეღარ შეძლებ მისი მოძებნასაც კი.
42და (სწორად აღმოჩნდა ის, რაც მორწმუნემ თქვა) მისი [ურწმუნოს] ნაყოფი(შემოსავალი) განადგურებამ მოიცვა, და ხელების ქნევა დაიწყო [მწუხარებით] იმ ხარჯისათვის რაც გაიღო[თავის] ბაღისთვის, ახლა კი ის [ბაღი] დაცარიელდა საფუძვლიანად [დაემხო საყრდენი, რომელიც ვაზს ეჭირა], და ამბობს (ყოფილი ბაღის მფლობელი): ნეტავ, არავინ დამედგინა თანაზიარად ჩემი ღმერთისათვისო.
43და არ ჰყავდა მას ადამიანები (ვინც აქამდე ეამაყებოდა), ვინც დაეხმარებოდა მას (ალლაჰის სასჯელისგან თავის დაღწევაში), ალლაჰის გარდა, და თვითონაც ვერ შეძლო დახმარება საკუთარ თავზე
44იქ(იმ მდგომარეობაში) დახმარება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ჭეშმარიტს (მხოლოდ მას შეუძლია შეწევნა). იგი არის საუკეთესო, როგორც ჯილდოს მიმნიჭებელი, და საუკეთესო, როგორც საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი [საკუთარი მორწმუნე მონებისთვის, რომლებსაც იგი თავის მფარველობაში იღებს]
45და მოუყევი მათ [ო, შუამავალო] [ხალხს] მაგალითი ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ, ის ჰგავს წყალს, რომელიც ჩვენ ზეციდან გარდმოვავლინეთ [წვიმის სახით] ამ წყალს შეერწყა მიწის მცენარეულობა და ამოიზარდა, და მალე ის იქცა გამომშრალ, მტვრად ქცეულ ბალახად, რომელსაც ქარი აქეთ-იქით ფანტავს. ნამდვილად, ალლაჰი ყოველი საქმის ზედამხედველი და ყოვლისშემძლეა.
46ქონება და შვილები სამშვენისია მიწიერი ცხოვრების, ხოლო წარუვალი კეთილი საქმენი უკეთესია შენი ღმერთის წინაშე საზღაურით და უკეთესია იმედით!
47და (გაიხსენე) ის დღე [სამსჯავროს დღე], როცა ჩვენ გადავძრავთ მთებს თავიანთ ადგილებიდან, და შენ იხილავ მიწას გაშლილად [გამჭვირვალედ, სადაც ყველაფერი ნათლად ჩანს], და ჩვენ შევკრებთ მათ [პირველთ და უკანასკნელთ] (განკითხვის ადგილზე) და არავის არ დავტოვებთ მათგან.
48და წარსდგებიან შენი ღმერთის წინაშე მწკრივებად . ვფიცავ, მოხვედით ჩემთან ისეთნი, როგორც გაგაჩინეთ თავდაპირველად. თქვენ კი ამბობდით, რომ არ აღვასრულებდით თქვენზე აღთქმულს. და წარსდგებიან ისინი შენი უფლის წინაშე მწკრივებად. [და ურწმუნოებს ეთქმებათ:]აი, თქვენ მოხვედით ჩვენს წინაშე [ სამაგიეროს მისაღებად], ზუსტად ისე, როგორც შეგქმენით პირველად დაუცველნი, შიშველნი და უპოვარნი, უშვილოები. თქვენ კი [ამქვეყნად] ამტკიცებდით რომ ჩვენ არ განვსაზღვრავდით თქვენთვის ვადას/ ადგილს [აღდგომის, საზღაურისა და სამაგიეროს დღისათვის].
49დაიდება წიგნი და ნახავ ცოდვილებს შეშინებულთ იმისაგან, რაც მასშია, და იტყვიან: სიმწარე ჩვენდა, ეს რა წიგნია, არაფერია გამოტოვებული, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია. და ნახავენ იმას, რაც გააკეთეს დადებულს მათ წინაშე, და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ
50და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის! სეჯდე აღასრულეს, იბლისის გარდა. იგი იყო ჯინთაგანი, არ შეასრულა თავისი ღმერთის ბრძანება. ნუთუ დაიდგენთ მას და მის შთამომავლობას მეგობრებად ჩემს მაგივრად, მაშინ, როცა ისინი თქვენი მტრები არიან? და უსამართლოთათვის რა ცუდი არჩევანია!
51არ ამიყვანია მე ისინი [იბლისი და მისი შთამომავლობა] მოწმეებად [ან თანამონაწილეებად] ცათა და მიწის შექმნისას, და არც მათი თავიანთი თავის შექმნისას. და არ დამიდგენია გზააბნეულნი თანაშემწეებად.
52და იმ დღეს ეტყვის: მოუხმეთ ჩემს თანაზიარებს, რომლებზედაც ამტკიცებდით [თითქოს ისინი ღირსნი არიან თაყვანისცემისა], მოუხმობენ, მაგრამ ისინი არ უპასუხებენ და დავადგენთ მათ შორის წარწყმედას.
53დაინახავენ ცოდვილები [ურწმუნონი] ცეცხლს და იფიქრებენ, რომ იქ იქნებიან ჩაგდებულნი. და ვერ ჰპოვებენ იქიდან გამომყვანს [ისინი იქიდან უკვე ვეღარასოდეს გამოვლენ.]
54ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ამ ყურანში ყველა სახის მაგალითები [რათა ისინი მიჰყოლოდნენ მათ] [რათა მათგან მიეღოთ შეგონება და ერწმუნათ], მაგრამ ადამიანი ყველაზე მეტად [ყველა ქმნილებაზე მეტად] მიდრეკილია დავისა და შეწინააღმდეგებისკენ!
55და ხალხს არ აბრკოლებდა არაფერი იმისგან, რომ ერწმუნათ და ეთხოვათ თავიანთი უფლის მიტევება, მას შემდეგ რაც მათთან მოვიდა მართალი გზის მაჩვენებელი [ყურანი], გარდა იმისა, რომ ისინი ელოდნენ ან წარსულ თემებზე მოსულ სასჯელის მაგალითს [რაც დაცინვით სთხოვეს შუამავალს], ან რომ მათ დაატყდებოდათ სასჯელი პირდაპირ თვალწინ.
56და არ წარმოგვიგზავნია შუამავლები, თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად. და სიცრუით წინაღუდგნენ ისინი [დაობენ სიცრუეზე დაფუძნებული არგუმენტებით], რომელთაც არ ირწმუნეს, რათა ამაოექმნათ მისით ჭეშმარიტება. და მასხრად იგდებდბენ ჩემს სასწაულებს და იმას, რითაც შეაგონებდნენ.
57და ვინ არის იმაზე უსამართლო [ცოდვილი], ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის სასწაულები, მან კი ზურგი აქცია მათ და დაივიწყა ის, რაც გაამზადეს მისმა ხელებმა? ჩვენ დავადგინეთ მათ გულებზე საბურველნი, რათა ვერ გაიაზრონ იგი და მათ ყურებში - სიყრუე. და თუ მათ ჭეშმარიტი გზისკენ მოუხმობენ, სწორ გზას მაინც არ დაადგებიან არასოდეს.
58და შენი ღმერთი [ო, შუამავალო] მპატიებელია, წყალობის მფლობელი. რომ დაესაჯა ისინი იმისათვის, რაც მოიხვეჭეს, დაუჩქარებდა სასჯელს, მაგრამ მათ დათქმული დრო აქვთ [განსჯის დღე] და ვერ იპოვიან მისგან თავშესაფარს
59და ეს სოფლები დავღუპეთ იმისათვის, რომ უსამართლოდ მოიქცნენ და დავადგინეთ ჟამი მათი აღსასრულისა [რომელიც, როცა დგებოდა, ალლაჰის სასჯელი გარდმოდიოდა].
60და უთხრა [შუამავალმა] მუსამ თავის მსახურს: არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევ ორთავე ზღვის შესართავს, ან ვივლი წლები (რათა შევხვდე იმ ღვთისმოსავს, რომლისგანაც ვისწავლი იმას, რაც არ ვიცი)
61და როცა მიაღწიეს შესართავს მათ შორის, დაივიწყეს თავიანთი თევზი, და აიღო თავისი გზა [გაეშურა] ზღვაში, თითქოს იგი გვირაბში დაცურავდა.
62და როცა გადალახეს (ის ადგილი სადაც თევზი დაავიწყდათ) უთხრა თავის მსახურს: მოგვართვი ჩვენი სადილი. ამ მგზავრობით ძალიან დავიღალეთ
63[მუსას მსახურმა] უთხრა: გახსოვს, როგორ შევაფარეთ თავი იმ კლდეს? ნამდვილად, მე დამავიწყდა (მეთქვა შენთვის), რაც თევზს დაემართა. და მხოლოდ სატანამ მაიძულა დამვიწყებოდა იგი, რათა არ მეთქვა [შენთვის] ამის შესახებ. და თევზმა აიღო თავისი გზა ზღვაში საოცარი ფორმით
64[შუამავალმა მუსამ თქვა: აი ეს არის ზუსტად ის, რასაც ვეძებდით [რადგან რაც მოხდა, მან მიმანიშნა იმ ადგილზე, სადაც უნდა შევხვდე იმ ღვთისმოსავს]. და ორივე ისინი დაბრუნდნენ უკან (იმ კლდისკენ) თავიანთ კვალზე მიმყოლნი.
65და მათ [მუსამ და იუშა᾿მა] იქ იპოვეს ერთი ჩვენი მორჩილი [ღვთისმოსავი ხიდრი], რომელსაც ჩვენ მივანიჭეთ ჩვენი წყალობა და ვასწავლეთ ჩვენგან (ერთ) ცოდნას [მისთვის გავხსენით დაფარული, საიდუმლო ცოდნა].
66და უთხრა მუსამ: შეიძლება თუ არა, რომ შენ მოგყვე, რათა მასწავლო იმ ცოდნიდან, რაც შენ მოგეცა სწორ გზაზე?
67(ხადრმა) უთხრა (მუსას): ნამდვილად, შენ ვერ შეძლებ ჩემთან ერთად საჭირო მოთმინების გამოვლენას
68და როგორ შეძლებ (ო, მუსა) მოთმინებას იმაზე, რასაც არ ფლობ ცოდნით [რაც შენ არ იცი ]?
69[შუამავალმა მუსამ] უთხრა: შენ მპოვებ მე, ინშაალლაჰ, მოთმინებით აღსავსეს [იმის მიმართ, რასაც შენგან ვიხილავ], და არ შეგეწინააღმდეგები არც ერთ შენს საქმეში
70ხიდირმა უთხრა [მუსას]: თუ გამომყვები, არაფრის შესახებ არ მკითხო, ვიდრე თვითონ არ შეგახსენებ
71და გაეშურნენ, როგორც კი ხომალდზე ავიდნენ მან გახვრიტა იგი; ჰკითხა: განა იმისთვის გახვრიტე ის, რომ ჩაგეძირა მისი მგზავრები? ნამდვილად შენ ჩაიდინე მძიმე საქმე
72(ხიდირმა) უთხრა: ნუთუ არ გითხარი, რომ ვერ შეძლებ ჩემთან მოთმინებას?
73[მუსამ] უთხრა: ნუ გამკიცხავ იმის გამო, რომ დამავიწყდა, და ნუ დამიმატებ ჩემი საქმისათვის სიმძიმესო
74და განაგრძეს გზას [მუსა და ხადირი], და როცა შეხვდნენ ერთ ბიჭს [რომელიც თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად], მან [ხადირმა] მოკლა იგი, [მუსამ] თქვა: ნუთუ შენ მოკალი უმანკო სული არა სამაგიეროდ [არა სულის წილ]? ნამდვილად, შენ ჩაიდინე მეტად გაუმართლებელი და დაგმობილი საქმე!
75(ხიდირმა) უთხრა: ნუთუ არ გითხარი, რომ ვერ შეძლებ ჩემთან მოთმინებას?
76[მუსამ] თქვა: თუ ამის შემდეგ კიდევ რამეზე გკითხავ, ნუ ამიყვან შენს თანამგზავრად [დამტოვე] და შენ მიიღე ჩემგან გამართლება.
77და გაემართნენ [მუსა და ხიდრი], ვიდრე ერთი სოფლის ბინადრებს შეხვდებოდნენ. საჭმელი სთხოვეს მის ბინადართ; მათ კი უარი უთხრეს, რომ გამასპინძლებოდნენ. და ნახეს [დაინახეს] იქ კედელი, რომელიც ჩამონგრევის პირას იყო. ხოლო იმან გაასწორა იგი. უთხრა[მუსამ]: თუ შენ მოინდომებდი, ნამდვილად აიღებდი ამის სანაცვლოდ ანაზღაურებას.
78[ხიდრმა] მიუგო [მუსას]: ეს კი ნამდვილად განშორებაა ჩემი და შენი, მე შენ გაცნობებ განმარტებას იმისას, რისი მოთმენაც ვერ შეძელი
79რაც შეეხება ხომალდს, იგი ეკუთვნოდა ღარიბებს, რომელნიც მუშაობდნენ ზღვაში. მე მსურდა ხომალდის დაზიანება, რადგან მათ უკან მეფე იყო, რომელიც იძულებით ითვისებდა ყველა ხომალდს
80რაც შეეხება ყმაწვილს, მისი მშობლები მორწმუნენი იყვნენ, და ჩვენ შევშინდით [ვიცოდით], რომ თუ იგი [იცოცხლებდა] მოუტანდა ზიანს მათ ზღვარგადასულობითა და ურწმუნოებით
81და ჩვენ გვსურდა, რომ სანაცვლოდ [ანუ მოკვლული ყმაწვილის სანაცვლოდ] მიეცა მათთვის მათ ღმერთს უკეთესი სიწმინდით და უფრო ახლო მოწყალებასთან
82რაც შეეხება კედელს, იგი ეკუთვნოდა ორ ობოლ ყმაწვილს ამ ქალაქში, მის ქვეშ კი იყო განძი მათთვის, მათი მამა მართალი კაცი იყო და ამიტომაც შენმა ღმერთმა ისურვა, რომ მათ სრულწლოვანებამდე მიეღწიათ, მერე კი ამოეღოთ თავიანთი განძი მოწყალებით შენი ღმერთისაგან. და რაც მე გავაკეთე — ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილებით [საკუთარი სურვილით], არამედ ალლაჰის ბრძანებით. აი, ესაა განმარტება იმისა, რისი მოთმენაც ვერ შეძელი.
83და გეკითხებიან [მრავალღმერთიანები და იუდეველები] შენ [ო, შუამავალო] ზულყარნაინის შესახებ. უთხარი [მათ]: მე წაგიკითხავთ თქვენ მის შესახებ შეხსენებას
84ჩვენ იგი [ზულ-ყარნანინი] დავამკვიდრეთ ქვეყანაზე და ვუბოძეთ მას გზა ყოველივესაკენ [ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა თავისი მიზნის მისაღწევად მაგალითად, ცოდნა, უნარები, ძალა…].
85და ის ერთ გზას გაუყვა
86ვიდრე მზის დასავალს მიაღწევდა და დაინახა, რომ იგი ჩადიოდა ცხელ, ამღვრეულ წყაროსთვალში, რომელთანაც ნახა ხალხი. ვუთხარით: ჰეი ზულყარნაინ, ან დასჯი [თუ არ ირწმუნებენ], ან დაადგენ მათში სიკეთეს [მოუწოდებ რწმენისკენ და ასწავლო ჭეშმარიტი გზა]
87[ზულ-ყარნაინმა] თქვა: რაც შეეხება იმას, ვინც უსამართლოდ [საკუთარ თავთან კერპთაყვანისცემლობით] იქცევა, დავსჯით [ამქვეყნად], შემდგომ დაბრუნებულ იქნებიან თავიანთ ღმერთთან და იგი დასჯის მას საშინელი სასჯელით [ჯოჯოხეთით]
88რაც შეეხება იმას, ვინც ირწმუნა და კეთილი საქმენი აკეთა, მიეგება საუკეთესო საზღაური [სამოთხე]. და ვეტყვით მას ჩვენი ბრძანებში სიადვილეს
89შემდეგ ის [ზულყარნაინი] გზას გაუდგა
90როდესაც ის [ზულ-ყარნაინი] მზის ამოსვლის ადგილამდე მივიდა მან დაინახა, რომ მზე ამოდიოდა ხალხზე, ვისთვისაც ჩვენ არ გვქონია შექმნილი მზისგან დასაფარი არაფერი [ მათ არ ჰქონდათ არც შენობები, არც ხეები, რომლებიც მზისგან დაფარავდნენ]
91ამრიგად [ის ასამართლებდა ხალხს, რომლებიც ცხოვრობდნენ მზის ამოსვლის მხარეს, ისევე როგორც მათ, ვინც იყო მზის ჩასვლის მხარეს]. და ჩვენ გარემოვიცავით ყველაფერი ცოდნით, რაც მასთან იყო [ვიცოდით მისი ხელმწიფობის ლაშქრისა და აღჭურვილობის შესახებ]
92შემდეგ ის [ზულყარნაინი] გზას გაუდგა
93ვიდრე მიაღწევდა ორ წინაღობას [მთას] შორის. და ნახა მათ შორის ხალხი, რომლებსაც ძლივს ესმოდათ [სხვა ადამიანთა საუბარი]
94მათ უთხრეს: ჰეი ზულყარნაინ, ჭეშმარიტად, იაჯუჯი და მაჯუჯი ქვეყანაზე სიავეს ავრცელებენ [ხოცავდნენ ადამიანებს და ანადგურებდნენ ნათესებს]. და ხომ არ შეგვეკრიბა შენთვის გადასახადი, რათა აღგემართა ჩვენსა და მათ შორის ზღუდე?
95[ზულ-ყარნაინმა] უთხრა: ის, რაზედაც გამამტკიცა ჩემმა ღმერთმა [მომანიჭა მმართველობა და შესაძლებლობები], უკეთესია [ვიდრე თქვენი ქონება]. შემეწიეთ ძალით[მუშახელით და სამუშაო იარაღით] და მე აღვმართავ თქვენსა და მათ შორის ზღუდეს.
96მომიტანეთ რკინის ნაჭრები, როცა უკვე აღავსო[გაათანაბრა მშენებლობით] ორ კლდის შორისი! თქვა: დაჰბერეთ! და როცა მან აქცია იგი ცეცხლად, თქვა: მომიტანეთ, გადავასხამ ამას გამდნარ სპილენძს!
97და ვერ შეძლეს [იაჯუჯ-მაჯუჯებმა] მის გადალახვა და ვერ შეძლეს მისი გახვრეტაც.
98[ზულ-ყარნაინმა] თქვა: ეს არის წყალობა ჩემი ღმერთისგან [ადამიანებზე]. და როცა აღსრულდება აღთქმა ჩემი ღმერთისა [იაჯუჯისა და მაჯუჯის გამოსვლაზე], იგი მას მიწასთან გაასწორებს, და ჩემი ღმერთის აღთქმა ჭეშმარიტებაა
99და დავტოვებთ [იაჯუჯსა და მაჯუჯს,ან ზოგადად ადამიანებს, ან ადამიანებს და ჯინებს] მათ იმ დღეს ერთმანეთში არეულებს[როგორც ზღვის ტალღები ერთმანეთში], ჩაბერილ იქნება საყვირში, მაშინ შევკრებთ ყველას ერთად [ყველა ქმნილებას ანგარიშსწორებისთვის]
100და იმ დღეს [განსჯის დღეს], ურწმუნოებს ჯოჯოხეთს წარვუდგენთ
101მათ, რომელთაც თვალებზე ედოთ საბურველი [ამქვეყნიურ ცხოვრებაში] ჩემი ხსენებისგან და მათ მოსმენაც კი არ შეეძლოთ [არგუმენტები, რომლებიც ჭეშმარიტ რწმენას უთითებენ გზას]
102განა ეგონათ იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ დაიდგენენ ჩემს მსახურებს ჩემს მაგივრად მფარველებად? ჭეშმარიტად, ჩვენ გავუმზადეთ ურწმუნოებს ჯოჯოხეთი განსასვენებლად
103უთხარი [ო შუამავალო] [ხალხს]: ხომ არ გვეცნობებინა თქვენთვის საქმეებში ყველაზე უფრო ხელმოცარულთა შესახებ
104რომელთა მცდელობაც ამაო იქნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, თუმცა კი თვითონ მიიჩნევენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ
105სწორედ ისინი არიან, ვინც უარყვეს თავისი ღმერთის აიათები და მასთან შეხვედრა; ფუჭი იქნება მათი საქმენი და აღდგომის დღეს მათთვის სასწორს არ გავშლით [მათი კეთილი საქმეები არაფერს აიწონიან]
106ეს არის მათი საზღაური: ჯოჯოხეთი, იმის გამო, რომ არ ირწმუნეს, და ჩემი სასწაულები და შუამავლები სასაცილოდაც გაიხადეს
107ჭეშმარიტად, მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, ექნებათ ფირდავსის [ყველაზე უმაღლესი სამოთხე] სამოთხე სამკვიდროდ
108ისინი იქ [სამოთხეში] დარჩებიან სამუდამოდ და არ მოინდომებენ იქიდან სხვაგან გადასვლას[სამოთხის ბაღებიდან]
109უთხარი [ო, შუამავალო]: ზღვა რომ მელნად იქცეს ჩემი ღმერთის სიტყვებისთვის, ზღვა მანამ დაიშრეტებოდა, ვიდრე ჩემი ღმერთის სიტყვები ამოიწურებოდა, თუნდაც მას დავუმატოთ კიდევ ერთი მსგავსი ზღვა
110უთხარი [ო, შუამავალო] [მრავალღმერთიანებს]: მე მხოლოდ ადამიანი ვარ. თქვენი მსგავსი და ზეშთამეგონა, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. და იმან, ვინც იმედოვნებს თავის ღმერთთან შეხვედრას, დაე მართალი საქმე აკეთოს და ნურავის დაუდგენს თანაზიარად თავის ღმერთს თაყვანისცემაში [დაე, მიუძღვნას თავისი მსახურება მხოლოდ ერთ ალლაჰს]