الممتحنة
The Woman Examined • 13 ayahs • Medinan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ გაიხდით ჩემს მტერსა და თქვენს მტერს მეგობრებად, რომელთაც სიყვარულს უცხადებთ, მაშინ, როცა მათ უარყვეს ჭეშმარიტება, რომელიც გეცხადათ. ისინი დევნიან შუამავალსა და თქვენც, იმის გამო, რომ ირწმუნეთ ალლაჰი, თქვენი ღმერთი. თუ თქვენ გამოხვედით ჩემს გზაზე საბრძოლველად და ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თქვენ ფარულად უცხადებთ მათ სიყვარულს, მაგრამ მე ყველაზე უკეთ ვიცი, რასაც მალავთ და რასაც აცხადებთ. და ვინც თქვენგან ამას ჩაიდენს, ის ნამდვილად ასცდა სწორ გზას.
2თუ ისინი [ურწმუნოები] შეგხვდებიან თქვენ, თქვენი მტრები იქნებიან და თქვენკენ გაიწვდიან თავიანთ ხელებს (რათა მოგკლან ან ტყვედ ჩაგიგდონ), და ასევე თავიანთ ენებსაც ბოროტებით (შეურაცხყოფით) მოგაწვდიან. და მათ სურთ, რომ თქვენც გახდეთ ისევე ურწმუნონი, როგორც თავად არიან.
3ვერც თქვენი ნათესავები და ვერც თქვენი შვილები ვერ გიშველიან. განკითხვის დღეს ის განგაცალკევებთ თქვენ. ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ სჩადიხართ.
4ჭეშმარიტად, თქვენთვის შესანიშნავი მაგალითი იყო იბრაჰიმსა და მასთან მყოფებში, როცა მათ თავიანთ ხალხს უთხრეს: "ჩვენ უარს ვამბობთ თქვენზე და იმაზე, რასაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის გარდა. ჩვენ უარგყავით თქვენ და ჩვენსა და თქვენს შორის გაჩნდა მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, სანამ არ ირწმუნებთ მხოლოდ ერთადერთ ალლაჰს". გარდა იბრაჰიმის სიტყვებისა მამამისისადმი: "მე შენთვის პატიებას შევთხოვ, მაგრამ მე არაფერი შემიძლია შენთვის ალლაჰის წინაშე. ღმერთო ჩვენო! შენზე ვართ მინდობილნი, შენკენ მოვიქეცით(მონანიებით) და შენთანაა დაბრუნება".
5უფალო ჩვენო! ნუ გვაქცევ ურწმუნოთა საცდურად და შეგვინდე ჩვენ, უფალო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.
6ჭეშმარიტად, თქვენთვის მათშია მშვენიერი მაგალითი, იმისთვის, ვისაც ალლაჰისა და უკანასკნელი დღის იმედი აქვს. და ვინც ზურგს შეაქცევს, უეჭველად, ალლაჰი თვითკმარია, ყოვლადქებულია.
7შესაძლოა, ალლაჰმა დაამყაროს სიყვარული თქვენსა და მათ შორის, ვისაც მტრობდით. ალლაჰი ყოვლისშემძლეა. და ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
8ალლაჰი არ გიკრძალავთ თქვენ მათ მიმართ, რომელთაც არ გებრძოდნენ რწმენის გამო და არ გამოუგდიხართ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და სამართლიანად მოეპყროთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანნი.
9ალლაჰი მხოლოდ გიკრძალავთ მათთან (მეგობრობას), რომელნიც გებრძოდნენ რწმენის გამო, გაგაძევეს თქვენი სახლებიდან და ეხმარებოდნენ სხვებს თქვენს გაძევებაში, რომ დაუმეგობრდეთ მათ. და ვინც მათ დაუმეგობრდება, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
10ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა თქვენთან მოდიან მორწმუნე ქალები, გადასახლებულნი (ურწმუნოების ქვეყნიდან ისლამის ქვეყანაში), მაშინ გამოსცადეთ ისინი (ნამდვილად არიან თუ არა მორწმუნენი). ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის მათი რწმენა. და თუ თქვენ მათი სიტყვებითა და საქმეებით შეიცნობთ, რომ ისინი მართლაც მორწმუნენი არიან, მაშინ ნუ დააბრუნებთ მათ ურწმუნოებთან [მათ ურწმუნო ქმრებთან]: ისინი [მორწმუნე ქალები] მათთვის ნებადართული არ არიან, და ისინი [ურწმუნო კაცები] არ არიან ნებადართული მათთვის [მორწმუნე ქალებისთვის]. და დაუბრუნეთ მათ [ყოფილ ქმრებს] ის, რაც მათ დახარჯეს (თავიანთ ყოფილ ცოლებზე საქორწინო ძღვენის სახით). და თქვენზე, ო მორწმუნე კაცებო, ცოდვა არ არის, თუ მათზე იქორწინებთ, როცა მისცემთ მათ მათ წილს [საქორწინო ძღვენს]. და ნუ შეინარჩუნებთ ქორწინების კავშირებს ურწმუნო ქალებთან, და მოითხოვეთ [მრავალღმერთიანთაგან] ის, რაც თქვენ დახარჯეთ (საქორწინო ძღვენის სახით იმ ცოლებზე, რომლებმაც შემდეგ რწმენას განუდგნენ და მათ შეუერთდნენ). და დაე მათაც [მრავალღმერთიანებმა] მოითხოვონ თქვენგან ის, რაც მათ დახარჯეს (თავიანთ ყოფილ ცოლებზე, რომლებმაც შემდეგ ისლამი მიიღეს და თქვენთან მოვიდნენ). ეს არის ალლაჰის დადგენილება თქვენთვის. ის განაჩენს გამოიტანს თქვენ შორის. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია.
11და თუ რომელიმე თქვენი ცოლი (რწმენას განუდგა და) თქვენგან [მორწმუნეებისგან] წავიდა ურწმუნოებთან, და შემდეგ თქვენ მიიღეთ თქვენი წილი [ურწმუნოებზე გამარჯვების შემდეგ და სამხედრო ნადავლის აღებით], მაშინ მიეცით იმ მორწმუნეებს, რომელთა ცოლებიც წავიდნენ, იმდენივე (ქონება), რამდენიც მათ დახარჯეს საქორწინო ძღვენის სახით. და გეშინოდეთ ალლაჰისა , რომლისაც თქვენ გწამთ!
12ჰეი, შუამავალო! როცა შენთან მოვლენ მორწმუნე ქალები, რათა ერთგულების ფიცი დაგიდონ, რომ არაფერს გაუთანასწორებენ ალლაჰს, არ მოიპარავენ, არ იმრუშებენ, არ დახოცავენ თავიანთ შვილებს, არ მოიგონებენ ცილისწამებას, რომელსაც თავადვე შეთხზავენ და არ შეგეწინააღმდეგებიან კეთილ საქმეში, მაშინ მიიღე მათი ფიცი და სთხოვე ალლაჰს მათთვის პატიება. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
13ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ დაუმეგობრდებით(თანადგომას ნუ გაუწევთ) ხალხს, რომლებზეც ალლაჰი განრისხდა. მათ უკვე იმედი გადაიწურეს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ისევე, როგორც ურწმუნოებმა გადაიწურეს იმედი სამარეში მყოფთაგან.