يوسف
Joseph • 111 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ალიფ. ლაამ. რაა. ეს ცხადი წიგნის აიათებია.
2ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულ ყურანად, რათა დაფიქრდეთ (მის მნიშვნელობაზე).
3ჩვენ მოგითხრობთ შენ (ო, შუამავალო) საუკეთესო ამბავს იმით, რაც შთაგაგონეთ შენ ამ ყურანით, და უეჭველად, შენ იყავი უგულისხმოთა [ვინც არ იცოდა მასში არსებული დარიგება და აშკარა სასწაულები] შორის
4აჰა, უთხრა იუსუფმა თავის მამას: ჰეი, მამაჩემო! მე ვნახე თერთმეტი ვარსკვლავი და მზე და მთვარე. ვნახე, ისინი საჯდაში ჩემს წინაშე(სიზმარში ნახა რომ, ისინი მის წინაშე მიწაზე თავს დებდნენ )
5უთხრა (იაყუბმა): შვილო ჩემო, არ უამბო შენი სიზმარი შენს ძმებს, თორემ მახეს დაგიგებენ შენ. უეჭველად, ეშმაკი ადამიანისთვის ცხადი მტერია.
6ასე გამოგარჩევს შენი ღმერთი, გასწავლის სიზმრების ახსნას და სრულყოფს თავის წყალობას შენზე და იაყუბის შთამომავლობაზე, როგორც სრულყო იგი უწინ შენს ორ მამაზე იბრაჰიმსა და ისჰაყზე. უეჭველად, შენი ღმერთი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
7ჭეშმარიტად, იუსუფსა და მის ძმებში იყო სასწაულები მკითხველთათვის.
8როცა თქვეს: იუსუფი და მისი ძმა მამაჩვენისთვის ჩვენზე უფრო საყვარელნი არიან, მაშინ როცა ჩვენ ძლიერი ჯგუფი ვართ. უეჭველად, მამაჩვენი აშკარა გზააბნეულობაშია.
9მოკალით იუსუფი ან გადააგდეთ იგი შორეულ მიწაზე, რათა მამათქვენის სახე მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდეთ და ამის შემდეგ კეთილმსახურნი გახდით (მოინანიებთ ალლაჰთან და მამასაც პატიებას სთხოვთ).
10ერთმა მათგანმა თქვა: ნუ მოკლავთ იუსუფს, არამედ ჩააგდეთ იგი ჭის სიღრმეში, და აიყვანს მას რომელიმე გამვლელი ქარავანი (და ისინი შორს წაიყვანენ მას თქვენგან და მამისგან), თუ უკვე გადაწყვიტეთ ამის გაკეთება
11მათ თქვეს: ჰეი, მამაო ჩვენო! რად არ გვანდობ იუსუფს, და ჩვენ ხომ მისი კეთილისმსურველნი ვართ?!
12ხვალ ჩვენთან ერთად გამოუშვი, რათა დატკბეს (გემრიელი ხილითა და კენკრებით) და ითამაშოს, და უეჭველად, ჩვენ მისი მცველები ვიქნებით.
13თქვა (იაყუბმა): ჭეშმარიტად, მამწუხრებს, რომ წაიყვანთ მას და მეშინია, რომ მგელმა არ შეჭამოს იგი, როცა თქვენ უყურადღებოდ იქნებით მის მიმართ.
14მათ თქვეს: თუკი მას მგელი შეჭამს, როცა ჩვენ ასეთი ძლიერი ჯგუფი ვართ, მაშინ ხომ წაგებულები ვიქნებით.
15და როცა წაიყვანეს იგი და გადაწყვიტეს, რომ ჭის სიღრმეში ჩაეგდოთ, ჩვენ შთავაგონეთ მას: შენ უთუოდ ამცნობ მათ ამ მათი საქციელის შესახებ, მაშინ, როცა ისინი ვერც კი მიხვდებიან.
16და საღამო ხანს მოვიდნენ მამასთან ატირებულნი.
17მათ უთხრეს: ჰეი, მამაჩვენო! ჩვენ წავედით, რომ შევჯიბრებოდით და იუსუფი ჩვენს ნივთებთან დავტოვეთ, და იგი მგელმა შეჭამა. შენ კი არ გვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთ.
18და მოიტანეს მისი პერანგი ცრუ სისხლით. თქვა: არა, თქვენმა სულებმა შეგილამაზათ ეს საქმე. ამიტომ, მშვენიერია მოთმინება. ალლაჰს უნდა ვთხოვო დახმარება (იმასთან დაკავშირებით), რასაც თქვენ აღწერთ
19და მოვიდნენ (ჭასთან) მგზავრები [ქარავანი, რომელიც ეგვიპტისკენ მიემართებოდა]. მან ჩაუშვა თავისი ვედრო და თქვა: ო, სასიხარულო ამბავია! აჰა, ყმაწვილი! და დამალეს იგი, როგორც საქონელი. და ალაჰი ყოვლისმცოდნეა, რასაც ისინი სჩადიან.
20და გაყიდეს იგი (ეგვიპტეში) ძალიან მცირე ფასად, დათვლილ დირჰემებად, რადგან სურდათ (უბრალოდ) თავიდან მოეშორებინათ იგი
21და თქვა იმან, ვინც იყიდა ის ეგვიპტიდან, თავის ცოლს: პატივი ეცი მის სადგომს, იქნებ სარგებელი მოგვიტანოს ან შვილად ავიყვანოთ. და ასე დავამკვიდრეთ იუსუფი იმ მიწაზე და რათა გვესწავლებინა მისთვის სიზმრების ახსნა. ხოლო ალლაჰი სრულყოფილად აღასრულებს თავის საქმეს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის.
22და როცა მან მიაღწია სრულყოფილების ასაკს, ჩვენ მას მივანიჭეთ სიბრძნე და ცოდნა. და ასე მივაგებთ ჩვენ კეთილისმქმნელთ.
23და ქალმა [ეგვიპტელი ვეზირის ცოლი], რომლის სახლშიც ის იყო, მისი ცდუნება განიზრახა, ჩაკეტა კარები და უთხრა: მოდი ჩემთან (მე უკვე მოვემზადე შენთვის!)! მან (იუსუფმა) უთხრა: ღმერთს შევაფარებ თავს! ჭეშმარიტად ის ჩემი ბატონია, რომელმაც კეთილად მიმიღო(ამიტომ მას ვერ ვუღალატებ). უსამართლონი ვერასდროს მიაღწევენ ბედნიერებას.
24და უეჭველად, ქალს ვნება აღეძრა მის მიმართ და მასაც აღეძვრებოდა ვნება მის მიმართ, რომ არ ეხილა თავისი ღმერთის ნათელი მტკიცებულება. აი, ასე, რათა აგვერიდებინა მისთვის ბოროტება და გარყვნილება. უეჭველად, იგი ჩვენს რჩეულ მსახურთაგან იყო.
25და ორივენი კარისკენ გაიქცნენ და ჩამოახია მან(ქალმა) პერანგი მისი ზურგიდან(როცა იუსუფის შეჩერება სცადა). და კართან თავიანთ ბატონს წააწყდნენ. თქვა (ქალმა): რა არის სასჯელი იმ ადამიანისთვის, ვინც ბოროტება ინდომა შენი ოჯახის მიმართ, გარდა ციხისა ან მტკივნეული სასჯელის?
26(მისმა ქმარმა უთხრა: ო, იუსუფ! შენ დააპირე უკეთურება ჩემს ოჯახზე, მომატყუე და მზაკვრობა იხმარე, თითქოს ხარ სიკეთისმქნენლთაგანი) (იუსუფი გაღიზიანდა და) თქვა: მან შემაცდინა. და (ერთმა) მოწმემ მისივე(ქალის) ოჯახის მხრიდან დაადასტურა: თუ მისი (იუსუფის) სამოსი წინიდანაა დახეული, მაშინ მართალია ის (ქალი) , ხოლო ის მატყუართაგანია
27ხოლო თუ მისი (იუსუფის) პერანგი ზურგიდანაა ჩამოხეული, მაშინ ის ცრუობს და იგი მართალთაგანია.
28როცა მან (ქმარმა) დაინახა, რომ მისი (იუსუფის) პერანგი ზურგიდან იყო გახეული, უთხრა: (ცოლს) ჭეშმარიტად, ეს თქვენი მზაკვრობაა! ჭეშმარიტად, თქვენი მზაკვრობა დიდია!
29იუსუფ, თავი დაანებე ამას [არავინ არ გაიგოს ამის შესახებ]! შენ კი შენდობა ითხოვე შენი ცოდვისთვის. უეჭველად, შენ ცოდვილთაგანი ხარ
30და ქალაქში ქალებმა თქვეს: ვეზირის ცოლი თავის ყმას აცდუნებს. უეჭველად, მისდამი სიყვარულმა მისი გული შეიპყრო. ჭეშმარიტად, ჩვენ მას აშკარა გზააბნევაში ვხედავთ.
31როცა გაიგო მათი მზაკვრობის შესახებ, გაუგზავნა მათ (ხალხი) მოუხმო მათ და გაუმზადა მათ ნადიმი, და თითოეულ მათგანს(ქალს) დანა მისცა და უთხრა (იუსუფს): გამოდი მათ წინაშე! როცა(ქალებმა) დაინახეს, განადიდეს იგი და ხელები დაიჭრეს და თქვეს: ღმერთო დიდებულო! ეს ადამიანი არ არის. ეს მხოლოდ წმინდა ანგელოზია.
32(როცა ის ქალები გონზე მოვიდნენ და დაინახეს, რომ თავიანთი ხელები თვითონვე დაუჭრიათ,) მან თქვა [მთავრის ცოლმა]: აი, ეს არის ის, ვის გამოც მსაყვედურობდით. და მე ვცდილობდი მის შეცდენას, მაგრამ მან თავი შეიკავა. და თუ ის არ გააკეთებს, რასაც მე ვუბრძანებ, უეჭველად საპყობილეში იქნება ჩასმული, და უსათუოდ იქნება დამცირებულთა შორის.
33თქვა (იუსუფმა): ღმერთო ჩემო! საპყრობილე უფრო სასურველია ჩემთვის, ვიდრე ის, რისკენაც მიხმობენ. და თუ შენ არ ამარიდებ მათ მზაკვრობას, მე მათკენ გადავიხრები და უგუნურთაგან ვიქნები.
34მაშინ შეისმინა მისი ვედრება უფალმა და განარიდა მას მათი მზაკვრობა. ჭეშმარიტად, ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
35მას შემდეგ, რაც იხილეს ნიშნები(არგუმენტები იუსუფის უდანაშაულობის), მათ გადაწყვიტეს, რომ იგი გარკვეული დროით ჩაესვათ ციხეში.
36და მასთან ერთად საპყრობილეში შევიდა ორი ჭაბუკი. ერთმა მათგანმა თქვა: მე ვნახე, რომ ღვინოს ვწურავდი. მეორემ კი თქვა: მე ვნახე, რომ თავზე პური მედო, რომელსაც ფრინველები ჭამდნენ. გვაუწყე ჩვენ ამის ახსნა. უეჭველად, ჩვენ გხედავთ შენ კეთილისმქმნელთა შორის.
37უთხრა: არ მოგივათ საჭმელი, რომელიც გერგებათ, რომ არ გამცნოთ მისი ახსნა, ვიდრე თქვენამდე მოაღწევდეს. ეს იმისგანაა, რაც ჩემმა ღმერთმა მასწავლა. მე მივატოვე იმ ხალხის სარწმუნოება, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და რომლებიც იმქვეყნიურ ცხოვრებას უარყოფენ.
38და მე მივყევი ჩემს მამა-პაპათა სარწმუნოებას იბრაჰიმის, ისჰაყისა და იაყუბისას. ჩვენთვის დაუშვებელია, რომ ალლაჰს რამე გავუზიაროთ. ეს ალლაჰის წყალობაა ჩვენდამი და ადამიანებისადმი, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა უმადურია.
39ო, ჩემო ციხის მეგობრებო! მრავალი სხვადასხვა ღმერთი სჯობს თუ ერთად-ერთი, ყოვლისმპყრობელი ალლაჰი?
40თქვენ კი მის გარდა [ალლაჰის გარდა] მხოლოდ სახელებს სცემთ თაყვანს (გამოგონილ „ღმერთებს“), რომლითაც თქვენ და თქვენი მამები უწოდებთ მათ. ალლაჰს არ გამოუგზავნია მათზე არანაირი მტკიცებულება (რომ მათ უნდა ეწოდოს ღმერთები და მათ უნდა ემსახურებოდეთ). განკარგულება ეკუთვნის მხოლოდ ალლაჰს [მხოლოდ ის წყვეტს, ვის უნდა ეთაყვანონ]. მან ბრძანა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, მის გარდა. ეს არის სწორი რწმენა (და სწორი გზა), მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ ეს არ იცის.
41ო, ჩემო ციხის ორო მეგობარო! (აი თქვენი სიზმრების ახსნა): თქვენგან ერთ-ერთი თავის ბატონს(მეფეს) დაალევინებს ღვინოს, ხოლო მეორე გაკრული იქნება (ჯვარზე) და ფრინველები დაუკორტნიან თავს. დასრულებულია(აუცილებლად აცხადდება) ის საქმე, რასაც თქვენ კითხულობდით.
42და უთხრა (იუსუფმა) მათგან იმ ერთს, ვისზეც იცოდა, რომ გადარჩებოდა: ‘მომიხსენიე შენი მეფის წინაშე!’ მაგრამ ეშმაკმა დაავიწყებინა მას ამის გახსენება თავის ბატონთან, და იუსუფი დარჩა ციხეში რამდენიმე წლის განმავლობაში.
43და (ერთ დღეს) თქვა მეფემ (ეგვიპტის): "ჭეშმარიტად, მე ვხედავ (სიზმარში) შვიდ მსუქან ძროხას, და შვიდ გამხდარ ძროხას, რომლებიც მათ ჭამენ(გა მხდრები მსუქნებს ჭამენ); და შვიდ მწვანე თავთავს, და სხვას — შვიდ გამხმარ თავთავს. ო, ჩემო დიდებულნო! ამიხსენით ჩემი ხილვა, თუ შეგიძლიათ ხილვების (სიზმრების) ახსნა!"
44მათ თქვეს: "ეს არეული სიზმრებია და ჩვენ სიზმრების ახსნაში მცოდნენი არა ვართ".
45და თქვა მათგან იმ ერთმა (მეფის მსახურთაგან), რომელიც გადარჩა, იუსუფი რომ გაიხსენა (მისი თხოვნა გაიხსენა) დიდი ხნის შემდეგ: "მე მოგითხრობთ ამ სიზმრის ახსნას — გამმგზავნეთ (მასთან, ვინც შეძლებს მის ახსნას)!"
46(ღვინის მსხმელი წავიდა იუსუფთან და უთხრა მას):"ო, იუსუფ! ო, სიმართლის მატარებელო! აგვიხსენი (ეს სიზმარი) იმ შვიდ მსუქან ძროხაზე, რომლებსაც შვიდი გამხდარი ძროხა ჭამს, და შვიდ მწვანე თავთავზე და სხვებზე — (კიდევ შვიდ) გამხმარ თავთავზე, რათა დავბრუნდე ხალხთან [მეფესთან, მის გარემოცვასთან და სწავლულებთან], რომლებიც შეიკრიბნენ სიზმრის ახსნისთვის, და რათა მათ იცოდნენ (მისი მნიშვნელობა და აღიარონ შენი ღირსება)".
47(იუსუფმა) უთხრა: "(აი, ამ სიზმრის ახსნა): თქვენ დათესავთ (ხორბალსა და ქერს) შვიდი წლის განმავლობაში, გულმოდგინედ შრომით. რასაც მოიმკით, დატოვეთ თავთავში [შეინახეთ მოსავალი თავთავებიანად, რათა უკეთ შეინახოს], გარდა იმ მცირე ნაწილისა, რასაც თავად შეჭამთ.
48(ამ მოსავლიანი წლების) შემდეგ მოვა შვიდი მძიმე [უმოსავლო] წელი, რომლებიც შეჭამენ ყველაფერს, რაც მათთვის წინასწარ მოიმარაგეთ, გარდა იმ მცირე ნაწილისა, რასაც დატოვებთ (თესლისთვის).
49ამის შემდეგ მოვა წელი, როცა ხალხს უხვი წვიმა მოევლინება და ისინი გამოწურავენ (ყურძენს, ზეთს და სხვა ნაყოფებს)".
50(ღვინის მსხმელი დაბრუნდა მეფესთან და უამბო მას, თუ როგორ აუხსნა იუსუფმა ეს სიზმარი). მეფემ მისაღებად ჩათვალა ეს განმარტება და თქვა: "მომიყვანეთ იგი! [ის, ვინც ჩემი სიზმარი განმარტა]". როცა მასთან [იუსუფთან] მოვიდა მეფის გზავნილი და გადასცა მისი მოწოდება, იუსუფმა არ მოისურვა აჩქარება და გადაწყვიტა ლოდინი, ვიდრე მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. იუსუფმა უთხრა მოციქულს:"დაუბრუნდი შენს ბატონს [მეფეს] და ჰკითხე მას: ‘რა მოუვიდა იმ ქალებს, (ვის გვერდითაც ეგვიპტის ვეზირის ცოლმა მოუწოდა და) რომლებმაც ხელები გაიჭრეს?’ — რადგან ჭეშმარიტად, ჩემმა უფალმა იცის მათი ხრიკები!"
51(მეფემ მოუხმო იმ ქალებს, მათ შორის — ვეზირის ცოლს, და) უთხრა მათ:"რა იყო თქვენი საქმე? [რა მოხდა მაშინ], როცა იუსუფის შეყოლეიბას ცდილობდით (მის შეცდენას და ცოდვისკენ წაყვანას)?“ მათ თქვეს: "ალლაჰმა დაგვიფაროს, ჩვენ მასში არაფერი ცუდი არ შეგვიმჩნევია". ვეზირის ცოლმა თქვა: "ახლა გამოაშკარავდა ჭეშმარიტება: მე ვიყავი ის, ვინც სცადა მისი შეცდენა, (მაგრამ ის მტკიცედ დადგა და დარჩა მართალი). და ის ნამდვილად მართალთაგანია [იგი იყო მართალი, როცა უარყოფდა ცილს და ამბობდა, რომ უდანაშაულოა, ხოლო დამნაშავე — მე ვარ]!"
52(იმის შემდეგ, რაც ღვინის მსხმელი დაბრუნდა ციხეში, იუსუფმა თქვა): "ეს [ჩემი უარი ციხიდან გამოსვლაზე] იმისთვისაა, რომ (ვეზირმა) იცოდეს, რომ მე არ შემიცდენია იგი მის ზურგს უკან [მის არ ყოფნაში], და რომ ალლაჰი არ მიუძღვება სწორ გზაზე მოღალატეთა ხრიკებს [ვერ მიაღწევს წარმატებას ის, ვინც არ ინახავს ნდობას]".
53(იუსუფმა თქვა): და არ ვამართლებ ჩემს სულს [არ ვამბობ, რომ ჩემი სული დაცულია შეცდომისა და ცოდვისგან], რადგან სული უბიძგებს ბოროტებისკენ [ადამიანის სული ბუნებით მიდრეკილია ბოროტებისკენ, ადვილად ემორჩილება ცდუნებას და ამკობს ცუდს], თუ არა ჩემი უფლის წყალობა [გარდა იმათისა, ვისაც ალლაჰი შეიწყალებს და დაიცავს ბოროტებისა და ცოდვისგან]. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი მაპატიებელი და შემწყალებელია
54(როცა იუსუფის უდანაშაულობა გამოაშკარავდა, მეფემ უბრძანა, მისთვის მიეყვანათ იგი, რადგან გადაწყვიტა, ერთ-ერთ თავის ნდობით მოსილ ადამიანად დაენიშნა.) და თქვა მეფემ: მომიყვანეთ იგი! მე ჩემთვის ავიყვან. და როცა მან [მეფემ] იუსუფს ესაუბრა, უთხრა: ჭეშმარიტად, დღეს შენ ჩვენთვის პატივცემული და სანდო ადამიანი ხარ
55იუსუფმა თქვა: დამაყენე ქვეყნის საუნჯეებზე [სახელმწიფოს მარაგებსა და განძეულებზე] ზედამხედველად, რადგან მე ვარ დამცველი [შემიძლია საუკეთესო ფორმით დავიცვა და შევინახო ქონება] და მცოდნე [ვფლობ უნარს, მოვაგვარო და ვმართო სახელმწიფო საქმეები]
56(მეფემ დანიშნა იუსუფი მინისტრად). ამგვარადვე გავამყარეთ იუსუფის მდგომარეობა ამ ქვეყანაში, რათა ეცხოვრა იქ, სადაც ისურვებდა, ჩვენ ვუნაწილებთ ჩვენს მოწყალებას ვისაც ვინებებთ, და არ ვკარგავთ კეთილშემოქმედთა ჯილდოს
57და უეჭველად საიქიოს საზღაური უკეთესია მათთვის, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი იყვნენ
58და მივიდნენ იუსუფის ძმები და შევიდნენ მასთან. მან (იუსუფმა) იცნო ისინი, მათ კი ვერ იცნეს იგი.
59როცა მან [იუსუფმა] აღჭურვა ისინი სურსათით [თითოეულ მათგანს აქლემზე ჩაულაგა წილი], უთხრა: მომიყვანეთ თქვენი ძმა მამიდან (ბინიამინი). განა ვერ ხედავთ, რომ მე სრულად გაძლევთ წილს [ზუსტად მოგცემთ საზომს და არ გატყუებთ] და მე საუკეთესო ვარ მიმღებთა შორის [საუკეთესო მასპინძელი ვარ]?
60თუ არ მოიყვანთ მას ჩემთან, მაშინ თქვენ აღარ გექნებათ ჩემთან წილი [არ მიიღებთ ჩემგან სურსათს], და აღარ მომიახლოვდეთ [აღარ მოხვიდეთ ჩემთან].
61(ძმებმა) უთხრეს: ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ მამას მის გამო (რათა გამოგვაყოლოს იგი ჩვენ), და უეჭველად ასე მოვიქცევით.
62უთხრა (იუუსუფმა) თავის მსახურებს: დაუბრუნეთ მათი საქონელი (რაც მათ სურსათისთვის გადაიხადეს) მათვე ბარგში, რათა იცოდნენ, როცა დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახთან [როცა სახლამდე მიაღწევენ და აღმოაჩენენ], და რათა ისევ დაბრუნდნენ (დარწმუნებულნი იმაში, რომ მე ვასრულებ ჩემს დაპირებებს)
63და როცა (ძმები) დაბრუნდნენ მამასთან, უთხრეს: ო, მამაჩვენო! (შემდეგში) აგვეკრძალება წილი [სურსათს არ მოგვცემენ],[თუ ეგვიპტეში მის გარეშე მივალთ]. გამოგზავნე ჩვენი ძმა ჩვენთან ერთად, და მაშინ მივიღებთ ჩვენს წილს. და, ნამდვილად, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მას [არავითარ ძალას არ დავიშურებთ მის დასაცვად]
64(იაყუბმა) თქვა: როგორ განდოთ იგი თქვენ, განა ისე კი არა, როგორც ერთხელ უკვე განდეთ მისი ძმა? [როგორ დაგიჯეროთ ახლა, როცა ერთხელ თქვენ უკვე ვერ დაიცავით მისი ძმა?] ხოლო ალლაჰი არის საუკეთესო მცველი [მხოლოდ ალლაჰს შეიძლება ანდო ვინმეს დაცვა], და იგი მოწყალეთაგან ყველაზე მოწყალეა
65და როდესაც მათ გახსნეს საკუთარი ქონება [ბარგი], ნახეს, რომ მათი საქონელი (რაც მათ სურსათისთვის გადაიხადეს) მათვე დაუბრუნეს. და თქვეს: ო, მამაჩვენო! რაღა უნდა ვისურვოთ? აი, ჩვენი საქონელი, ჩვენვე დაგვიბრუნდა, მოვამარაგებთ ჩვენს ოჯახს, დავიცავთ ჩვენს ძმას და დავუმატებთ კიდევ ერთი აქლემის წილს. ეს — ადვილი წილია [თითოეულ მოსულს აძლევდნენ მხოლოდ ერთი აქლემის ტვირთის საზომს, ამიტომ ძმის წაყვანა ზრდიდა სურსათის რაოდენობას ერთი აქლემის ტვირთით.]
66(იაყუბმა) თქვა: "არ გავუშვებ მას თქვენთან ერთად, სანამ ალლაჰის სახელით დადებულ ფიცს არ მომიტანთ, რომ აუცილებლად დამაბრუნებთ მას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რამე უბედურება დაგატყდებათ". როცა მათ [ძმებმა] მის წინაშე დადეს ეს ფიცი, მან (იაყუბმა) თქვა: "ალლაჰია ჩვენი სიტყვების მოწმეა!"
67და თქვა (იაყუბმა): "ო, შვილებო! ნუ შეხვალთ (ეგვიპტეში) ერთი კარიდან; შედით სხვადასხვა კარიდან (რომ არ მიიქციოთ ადამიანთა ყურადღება, რომლებმაც ზიანი შეიძლება მოგაყენონ). მე ვერაფრით დაგიხსნით ალლაჰისგან. გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მხოლოდ მას ვენდობი, და დაე, მხოლოდ მას მიენდონ მინდობილნი".
68და როცა ისინი შევიდნენ ისე, როგორც მათ მამამ უბრძანა [სხვადასხვა კარით], ეს ვერაფერში ვერ იხსნიდა მათ ალლაჰისგან [ვერაფერს შეცვლიდა ალლაჰის ნაბრძანებიდან], არამედ ეს მხოლოდ იმ სურვილის დაკმაყოფილება იყო, რაც იაყუბს გულში ჰქონდა – და გადაწყვეტილება, რომელიც თავად მიიღო. რადგან იაყუბი ფლობდა ცოდნას იმ წყალობით, რაც ჩვენ მივანიჭეთ მას, მაგრამ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის [არ ფლობენ იმ ცოდნას, რომ ალლაჰზე დაეყრდნონ და სიფრთხილეც შეინარჩუნონ].
69და როცა ისინი მოვიდნენ იუსუფთან (და იუსუფმა კეთილად მიიღო ისინი) და მან თავისთან მიიყვანა თავისი ძმა (ბინიამინი), უთხრა მას: "ნამდვილად, მე შენი ძმა ვარ; ამიტომ აღარ დაგწყდეს გული იმაზე, რასაც ისინი სჩადიოდნენ (ჩვენ მიმართ)".
70და მაშინ, როცა (იუსუფმა) მოამზადა ისინი და უზრუნველყო საჭირო სურსათით, მან თავისი ძმის ტვირთში ჩადო სასმისი(რომლითაც მარცვლეულს წონიდნენ ან ზომავდნენ). შემდეგ მაცნემ ხმამაღლა მოუწოდა: ‘ო, ქარავანო! თქვენ, ნამდვილად, ქურდები ხართ!’
71(იუსუფის ძმებმა) თქვეს, როცა მათთან მივიდნენ: ‘რა დაგეკარგათ?’
72(მსახურებმა) თქვეს: ‘ვერ პოულობთ მმართველის სასმისს; ვინც მოგვიტანს იმას – (მიეცემა ჯილდოდ) ერთი აქლემის ტვირთი. და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დაპირებაზე'.
73(იუსუფის ძმებმა) თქვეს: ‘ვფიცავთ ალლაჰს! თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ არ მოვსულვართ ბოროტების ჩასადენად ამ მიწაზე, და ჩვენ არ ვყოფილვართ(როდესმე) ქურდები'.
74უთხრეს: 'მაშ, რა იქნება მისი სასჯელი, თუკი მატყუარები ხართ?'
75(იუსუფის ძმებმა) თქვეს: ‘სასჯელი იმ ადამიანს, რომლის ტვირთშიც იგი (სასმისი) აღმოჩნდება — თვითონვე იქნება [ანუ ის თვითონ დარჩება]. ასე ვსჯით ჩვენ ბოროტმოქმედებს!’
76და დაიწყო მათი ტომრების ჩხრეკა, ვიდრე თავისი ძმის ტომარას შეუდგებოდა. შემდეგ კი თავისი ძმის ტომრიდან ამოიღო იგი. აი, ასე ვასწავლეთ იუსუფს ხერხი. მას არ შეეძლო მეფის კანონით დაეტოვებინა თავისი ძმა, ალლაჰს რომ არ ნდომებოდა. ჩვენ ავამაღლებთ ხარისხებით, ინებებს ვისაც. და ყოველ მცოდნეზე უმცოდნესი დგას
77(ძმებმა, თავის გასამართლებლად) თქვეს: თუ ის [ბინიამინმა] მოიპარა, მაშინ ადრე მისმა ძმამაც (რომელთაც მამა და დედა ერთნი ჰყავდათ იუსუფმა) მოიპარა. (იუსუფის ბავშვობაში მოხდა შემთხვევა, როცა იგი შეცდომით ქურდად ჩათვალეს) იუსუფმა ეს სიტყვები გულში დამალა და არ აჩვენა მათ [არ დაანახვა, რომ ეს გაიგონა]. თვითონ კი (თავისთვის) თქვა: ცუდ მდგომარეობაში ხართ თქვენ [თქვენ თვითონ უფრო მძიმე მდგომარეობაში ხართ] იმაზე მეტად, ვიდრე ვისაც აბრალებთ და ალლაჰმა უკეთ იცის ის, რას აღწერთ
78(ძმებმა) უთხრეს: ო, დიდებულო! მას ხომ მოხუცი, ხანდაზმული მამა ჰყავს, ამიტომ ერთ-ერთი ჩვენგანი დაიტოვე მის (ბენიამინის) ნაცვლად. მართლაც, ჩვენ გხედავთ, რომ შენ ხარ კეთილისმქმნელთაგანი.
79მან თქვა: "ალლაჰმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ავიყვანოთ ვინმე, გარდა იმისა, ვისთანაც ჩვენი ნივთი ვიპოვეთ. მაშინ ჩვენ, უეჭველად, უსამართლონი ვიქნებოდით".(თუ უდანაშაულოს დავსჯიდით)
80და როცა მათ იმედი გადაეწურათ მასზე [ძმაზე, რომ გაათავისუფლებდნენ], განცალკევდნენ (ერთმანეთში) სათათბიროდ. მათმა უფროსმა თქვა: "ნუთუ არ იცით, რომ მამამ თქვენგან აიღო ალლაჰის წინაშე აღთქმა (რომ დაიცავდით ძმას და დაბრუნებდით მასთან ერთად)? და მანამდე თქვენ უსამართლოდ მოიქეცით იუსუფთან. მე არ დავტოვებ ამ მიწას [ეგვიპტეს], სანამ მამა არ დამრთავს (დაბრუნების) ნებას, ან სანამ ალლაჰი არ დამრთავს ნებას (ძმის გათავისუფლებით). და ხომ იცით, რომ სწორედ იგი – უზენაესი – არის საუკეთესო განმსჯელი, [(რადგან) მისი გადაწყვეტილება ყველაზე სწორია] და ის – ყველაზე სამართლიანია".
81"დაბრუნდით თქვენს მამასთან (და მოუყევით მას, რაც მოხდა) და უთხარით: "ო, მამაო ჩვენო! შენი ვაჟი [ბინიამინი] ქურდობაში დაადანაშაულეს; ჩვენ მხოლოდ იმას ვადასტურებთ, რაც ვიცით [ჩვენ არ გვინახავს, როგორ მოხდა ეს, მხოლოდ ის ვიხილეთ, რომ მის ტვირთში თასი აღმოაჩინეს]; ჩვენ არ ვართ დამფარავნი საიდუმლოსი (ცოდნის)".
82(ო, მამაო ჩვენო,) ჰკითხე იმ სოფლის (ხალხს), სადაც ვიყავით [ეგვიპტეში], და იმ ქარავანს, თან რომ მოვდიოდით [ქანაანელებს, რომლებთანაც ერთ ქარავანში ვიყავით]; და ნამდვილად, ჩვენ — უეჭველად — მართალნი ვართ (იმაში, რაც მოგიყევით)".
83თქვა (იაყუბმა): "არა, თქვენმა სულებმა შეგილამაზეს ეს საქმე. ამიტომ, მე (მმართებს) მშვენიერი მოთმინება! იმედია, ალლაჰი ყველა მათგანს ერთად დამიბრუნებს. ჭეშმარიტად, ის ყოვლისმცოდნეა, ბრძენია".
84და ზურგი აქცია მათ და თქვა: "ვაი, ჩემს მწუხარებას იუსუფის გამო!" და თვალები გაუთეთრდა(დაუბნელდა) მწუხარებისგან, და ის იკავებდა თავის დარდს.
85(იაყუბის ძეებმა) თქვეს: "ვფიცავთ ალლაჰს, თუ შენ არ შეწყვეტ იუსუფის გახსენებას, შენი მწუხარება მხოლოდ გაიზრდება და ამის გამო ან ძალას დაკარგავ [დაავადდები], ან კიდევ დაღუპულთა შორის აღმოჩნდები [გარდაიცვლები]!"
86მან [იაყუბმა] მათ უპასუხა: "მე ჩემს მწუხარებას და ტკივილს მხოლოდ ალლაჰს ვუჩივი. ჭეშმარიტად, მე ალლაჰისგან ვიცი ის, რაც თქვენ არ იცით [რომ იუსუფის ის სიზმარი ჭეშმარიტი იყო და ამიტომ ის ცოცხალია]!"
87"ო, ჩემო შვილებო! წადით (უკან ეგვიპტეში) და გამოიკვლიეთ იუსუფისა და მისი ძმის შესახებ და ნუ დაკარგავთ იმედს ალლაჰის წყალობის მიმართ. ჭეშმარიტად, ალლაჰის წყალობის იმედს მხოლოდ ურწმუნო ხალხი კარგავს (ვისაც არ სწამს, რომ მას ყოველგვარი ძალა აქვს)!"
88(და ძმები კვლავ გაეშურნენ ეგვიპტეში.) როდესაც ისინი მივიდნენ მასთან [იუსუფთან], უთხრეს: "ო, აზიზო(ვეზირო)! ჩვენ და ჩვენს ოჯახს უბედურება დაგვატყდა [გვალვისა და შიმშილის გამო]. ჩვენ მოვედით მცირე და არამნიშვნელოვანი საქონლით (რომელიც ცოტაა და უხარისხო). მოგვიღე სრული წილი [ისეთი, რასაც ადრე გვაძლევდი, როცა კარგი საქონლით ვიხდიდით] და გვიბოძე ჩვენ მოწყალება. ნამდვილად, ალლაჰი მიაგებს მოწყალე ადამიანებს (ვინს მოწყალებას გსცემს)."
89მან [იუსუფმა], [მათი შებრალებით], თქვა: "იცით თუ არა, რა გაუკეთეთ იუსუფს და მის ძმას [ბინამიანს] (და რა მოუვიდათ ბოლოს), როცა უმეცარნი იყავით?"
90მათ [ძმებმა] თქვეს: "ნუთუ მართლა შენ ხარ იუსუფი?" იუსუფმა თქვა: "მე ვარ იუსუფი, და ეს არის ჩემი ძმა. ალლაჰმა მოგვმადლა წყალობა (და ეს არის სწორედ ის, რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს). ნამდვილად, ვინც ერიდება [ცოდვებს] და ითმენს [საჭიროების და განსაცდელის დროს]… ალლაჰი არ დაკარგავს კეთილმოქმედთა საზღაურს!"
91მათ თქვეს: "ვფიცავთ ალლაჰს! უეჭველად, ალლაჰმა უპირატესობა მოგანიჭა ჩვენზე (მოგანიჭა სიმდიდრე, ცოდნა და ძალა). და ჭეშმარიტად, ჩვენ შემცდართა შორის ვიყავით (შევცდით შენს წინაშე)".
92(იუსუფმა) უთხრა: "დღეს თქვენზე არ იქნება საყვედური! ალლაჰმა მოგიტევოთ, – რადგან ნამდვილად იგი არის ყველაზე მოწყალე მოწყალეთაგან (განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც მოუბრუნდება მას, მოინანიებს ჩადენილ ცოდვებს და ცდილობს სრულად დაემორჩილოს მას)!"
93(შემდეგ მან ჰკითხა მათ მამაზე, და მათ უთხრეს, რომ ის იუსუფზე ტირილით დაბრმავდა), იუსუფმა თქვა: "წადით [დაბრუნდით] ჩემი ამ პერანგით და დააფარით იგი მამაჩემს სახეზე — და მას დაუბრუნდება თვალის ჩინი. შემდეგ კი მოდით ჩემთან თქვენი მთელი ოჯახით ([ქალებით, შვილებით და შვილიშვილებით], რათა გათავისუფლდეთ მძიმე ცხოვრებისგან)".
94და როცა ქარავანი გაეშურა (ეგვიპტიდან), მათმა მამამ [იაყუბმა, რომელიც პალესტინაში იმყოფებოდა], გარშემომყოფებს უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ვგრძნობ იუსუფის სურნელს. ნეტავ, თქვენ არ გეგონოთ, რომ მე გონება დამეკარგა( და რაც არ ვიცი იმას ვლაპარაკობ)!".
95თქვეს: "ალლაჰს ვფიცავთ, მართლაც, შენ შენს ძველ გზააბნევაში ხარ".
96როცა მოვიდა სასიხარულო უწყების მომტანი, მან იუსუფის მოცემული პერანგი მამას სახეზე დააფინა, და ის კვლავ თვალხილული გახდა. იაყუბმა თქვა: "ნუთუ არ გეუბნებოდით, რომ ალლაჰისგან ვიცი ის [რომ მისი წყალობა შეუზღუდავია], რაც თქვენ არ იცით?"
97(იაყუბის შვილებმა) თქვეს: "ო, ჩვენო მამაო! სთხოვე ალლაჰს, რომ მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები. ნამდვილად, ჩვენ მართლაც ცოდვილები ვიყავით (როცა ასე მოვექეცით იუსუფს და მის ღვიძლ ძმას)".
98თქვა: "შევევედრები ჩემს უფალს თქვენთვის პატიებას. ჭეშმარიტად, ის არის ყოვლისმიმტევებელი, მწყალობელი".
99და როცა ისინი (ეგვიპტეში ჩასული) იუსუფთან შევიდნენ, მან თავისი მშობლები მიიღო თავისთან და უთხრა: "შემოდით ეგვიპტეში, თუ ალლაჰი ინებებს, უსაფრთხოდ (ყველა ამქვეყნიური სირთულისგან დაცულნი)!"
100და აიყვანა თავისი მშობლები ტახტზე და ისინი მის წინაშე მუხლებზე დაემხნენ. და მან თქვა: "ჰეი, მამაჩემო! ეს არის ჩემი ძველი სიზმრის ახსნა. ჩემმა ღმერთმა ის ჭეშმარიტებად აქცია. და მან სიკეთე მიყო, როცა საპყრობილიდან გამომიყვანა და უდაბნოდან თქვენც მოგიყვანათ, მას შემდეგ, რაც სატანამ მე და ჩემს ძმებს შორის შუღლი ჩამოაგდო. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი მოწყალეა, რისთვისაც ინებებს. ჭეშმარიტად, ის არის ყოვლისმცოდნე, ბრძენი".
101۞ "უფალო ჩემო! შენ მიბოძე მე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. ცათა და მიწის შემოქმედო! შენა ხარ ჩემი მფარველი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. მიმიბარე მუსლიმად(შენდამი მორჩილად) და შემაერთე მართალთა რიცხვს".
102ეს [წინასწარმეტყველ იუსუფის (იოსების) ამბავი] არის უხილავის ამბებიდან ერთ-ერთი (რომელიც მხოლოდ ალლაჰმა იცის), (და) რომლითაც ჩვენ შენ (ო, წინასწარმეტყველო) შთაგაგონებთ. და შენ (ო, მუჰამმად) არ ყოფილხარ მათთან [იუსუფის ძმებთან] ერთად, როდესაც მათ თავიანთი გეგმა შეიმუშავეს, მაშინ, როცა იუსუფის წინააღმდეგ ინტრიგანობდნენ.
103და შენი ერის უმეტესობა, თუნდაც შენ (ო, შუამავალო) დიდ ძალისხმევას იჩენდე (იმისათვის, რომ მათ ჭეშმარიტება და რწმენა მიუტანო), მორწმუნენი არ არიან! (ამიტომ მათი ურწმუნოება ნუ გაგამწარებს.)
104და შენ (ო, შუამავალ) მათგან [ადამიანებისგან] ამის [სარწმუნოებისკენ მოწოდების] სანაცვლოდ არაფერს ითხოვ. ეს [ყურანი] მხოლოდ შეხსენებაა სამყაროებისთვის.
105და რამდენი სასწაულია ცაში და დედამიწაზე (რომლებიც ალლაჰის სიდიადეზე მიუთითებენ), რომლებსაც ისინი (დაუფიქრებლად) უგულებელყოფენ და ზურგს აქცევენ!
106და უმეტესობა მათგანი [ვინც ზურგს აქცევს] არ ირწმუნებს ალლაჰის (რომელმაც ისინი შექმნა და არჩენს) და მასთან ერთად სხვებს არ ეთაყვანება!
107ნუთუ ისინი უსაფრთხოდ არიან იმისგან, რომ ალლაჰის სასჯელი დაატყდებათ (და მოიცავს მათ), ან ის საათი (და სასამართლო დღე) მოულოდნელად დაატყდებათ (და დადგება) ისე, რომ ვერც კი შეამჩნევენ [ვერ იგრძნობენ]?
108თქვი (ო, შუამავალო): «ეს არის ჩემი გზა (რომელსაც მივყვები) ალლაჰისკენ მოწოდებაში, მაქვს ცხადი მტკიცებულება (ალლაჰისგან) – მე და ჩემს მიმდევრებს (ამ გზაზე). და ალლაჰი დიდებულია/უნაკლოა, და მე არ ვარ მრავალღმერთიანთაგანი!»
109და შენამდე (ო, მუჰამმად) ჩვენ მხოლოდ კაცები (და არა ანგელოზები) გამოვგზავნეთ (სოფლებისა და) ქალაქების მცხოვრებთაგან (და არა უდაბნოებიდან), რომლებსაც ჩვენ ჩამოვუვლინეთ ზეშთაგონება [ალლაჰისგან]. განა არ იმოგზაურეს მათ [მექქის ურწმუნოებმა და სხვებმა] დედამიწაზე [განა არ იყვნენ ისინი იემენსა და შამში] და არ იხილეს, რა ბოლო ეწიათ მათ [ხალხებს, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ალლაჰს], ვინც მათ წინ იყო [რა დაემართათ ადის და სამუდს]? და ჭეშმარიტად, საუკუნო საცხოვრებელი [სამოთხე] უკეთესია მათთვის, ვინც ფრთხილობდა (ალლაჰის სასჯელის). განა არ გესმით [არ ფიქრობთ ამაზე]?
110(ურწმუნოებმა ასევე უარყვეს წინა წინასწარმეტყველები და შუამავლები, და საქმე იქამდე მივიდა, რომ) როდესაც (წინა) შუამავლები (უკვე) სასოწარკვეთილნი (რომ ხალხი, რომელსაც მოუწოდებდნენ, დაიჯერებდა) და ფიქრობდნენ, რომ უარყოფილნი იყვნენ [მოციქულები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ხალხს არ სურდა ურწმუნოების დატოვება], (მხოლოდ მაშინ) მიიღეს [მოციქულებმა] ჩვენი დახმარება [სასჯელი მათთვის, ვინც ურწმუნოებაში დაჟინებით რჩებოდა, და ხსნა მორწმუნეებისთვის] და ისინი, ვინც ჩვენ გვსურდა [წინასწარმეტყველები და ისინი, ვინც მათ ჭეშმარიტებით მიჰყვნენ], გადარჩნენ. და ჩვენი სასჯელი ვერ იქნება მოგერიებული ურწმუნოების მიერ.
111მათ შესახებ ამბავში [იუსუფისა და მისი ძმების] არის გაკვეთილი გონიერთათვის; ეს არ იყო გამოგონილი ამბავი, არამედ (ეს ამბავი იქნა მოვლენილი) იმ სიმართლის დასადასტურებლად, რაც (მოვლენილი იყო) მის წინ (წინა წერილებში), რათა განემარტა (მსახურთათვის) ყოველივეს შესახებ, სახელმძღვანელო (გზასაცდენისგან თავის დასაღწევად) და წყალობა მათთვის, ვინც ირწმუნებს.