هود
Hud • 123 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ალიფ. ლაამ. რაა. წიგნი, რომლის აიათებიც (სრულყოფილად) დადგენილია [არ შეიცავს არავითარ შეცდომას, ან ნაკლს], ხოლო შემდეგ ნათლად განმარტებულია (მისი ყოველი დებულება) ბრძენისა და ყოვლისმცოდნის (ალლაჰის მიერ).
2რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, მე თქვენთვის მისგან გამფრთხილებელი (მისი სასჯელისა) და მახარობელი (სამოთხის) ვარ.
3და რომ შესთხოვოთ პატიება (ცოდვებისთვის) თქვენს ღმერთს, შემდეგ მოინანიოთ მის წინაშე, ის მოგანიჭებთ თქვენ მშვენიერ სარჩოს დათქმულ დრომდე და მიაგებს ყოველ ღირსეულს თავის ღირსებას. ხოლო თუ პირს იბრუნებთ, მაშინ მე მეშინია თქვენთვის დიდი დღის სასჯელისა.
4ალლაჰთანაა თქვენი დაბრუნება და იგი ყოვლისშემძლეა
5დიახ! ჭეშმარიტად, ისინი [მრავალღმერთიანები], როცა წინასწარმეტყველი კითხულობს ყურანს, მკერდებს მუცელზე იჭერენ, თითქოს არ ესმით ალლაჰის შეგონება და სურთ დამალონ თავიანთი ურწმუნოება მისგან. მაგრამ არა! მაშინაც კი, როცა (ღამით) თავიანთი ტანსაცმლით იფარებიან, ალლაჰმა იცის, რას მალავენ მათ სულებში და რას სჩადიან ღიად (დღისით). ჭეშმარიტად, მან — უწყის ის, რაც გულებშია.
6არ არსებობს დედამიწაზე არც ერთი ცოცხალი არსება, რომლის საზრდოც ალლაჰთან არ იყოს. მან იცის მისი საცხოვრებელი ადგილი (სიცოცხლის განმავლობაში) და მისი განსვენების ადგილი (სიკვდილის შემდეგ). ეს ყოველივე ალლაჰთან არის ჩაწერილი ნათელ წიგნში [დაცულ ფირფიტაზე]
7ის არის, რომელმაც შექმნა ცანი და მიწა ექვს დღეში და მისი ტახტი წყალზე იყო, რათა გამოგცადოთ, თუ რომელი თქვენგანი უკეთესი იყო საქმით. და თუ შენ ეტყვი: ჭეშმარიტად, თქვენ აღდგენილნი იქნებით სიკვდილის შემდეგ, უეჭველად იტყვიან ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი(ალლაჰისა და გაცოცხლების მიმართ): ეს(ყურანი) სხვა არაფერია, თუ არა ცხადი ჯადოქრობა.
8და თუ ჩვენ გადავუვადებთ მათ სასჯელს განსაზღვრულ დრომდე, უთუოდ იტყვიან: რა აკავებს მას [სასჯელს]? ვაი, იმ დღეს, როცა ის მათ ეწვევა, არ იქნება მათგან არიდებული და გარს შემოერტყმებათ მათ ის(ტანჯვა-წამება), რასაც ისინი დასცინოდნენ.
9და თუ ჩვენ ადამიანს ვაგემოვნებინებთ წყალობას ჩვენგან, შემდეგ კი წავართმევთ მას, უეჭველად, იგი სასოწარკვეთილი და უმადურია.
10და თუ ჩვენ მას (ადამიანს) ვაგემებინებთ სიკეთეს გაჭირვების შემდეგ, რომელიც მას შეეხო, უეჭველად იტყვის: უბედურებანი გამშორდა! (ალლაჰს კი მადლობას არ უძღვნის )ჭეშმარიტად, იგი გახარებულია და ამაყი.
11გარდა იმათ, რომელთაც მოითმინეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი. მათთვისაა შენდობა და დიდი საზღაური.
12იქნებ შენ (ო,მოციქულო) მიატოვო ნაწილი იმისა, რაც შენ გეცხადება და ამის გამო შენი გული შევიწროვებულია, რომ ისინი ამბობენ: ნუთუ არ გარდმოევლინა მას საგანძური ან ანგელოზი არ მოჰყვა მას?! შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ. ხოლო ალლაჰია ყოველივეს მფარველი.
13ან იქნებ ისინი [მექის მრავალღმერთიანები] ამბობენ: (მუჰამმადმა თვითონვე მოიგონა იგი [ყურანი]). უთხარი მათ (ო, შუამავალო): (თუ ეს ასეა,) მოიტანეთ ათი მოგონილი სურა, მსგავსი მისისა [ყურანისა], და მოუხმეთ, ვისაც შეძლებთ, გარდა ალლაჰისა, თუ მართალს ამბობთ (თქვენს სიტყვებში).
14ხოლო თუ არ გიპასუხებენ, მაშინ იცოდეთ, რომ იგი ალლაჰის ცოდნითაა ზემოვლენილი და რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, არ გახდებით მორჩილნი (მუსლიმები) მისი?
15ვისაც სურს ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სილამაზე(სიტკბოება), ჩვენ სრულად მივუზღავთ მათ თავიანთი საქმეებისთვის მასში და არაფერი დააკლდებათ.
16აი, ისინი არიან, რომელთაც საიქიოში ცეცხლის გარდა არაფერი ელით. და ამაო იქნება, რაც იქ მოიმოქმედეს, და ფუჭია, რასაც აკეთებდნენ.
17განა ის, ვინც თავისი უფლისგან მოცემულ ცხად სასწაულს [დამადასტურებელ მტკიცებულებას] ეყრდნობა [ნაგულისხმებია შუამავალი], და მას მოჰყვება მოწმე [ჯიბრილი] მისი მხრიდან [ალლაჰისგან], და მასზე წინ მუსას წიგნიც [თორა], როგორც გზამკვლევი და წყალობა, შეიძლება იყოს მსგავსი ურწმუნოსი? მართლაც, იმათ სწამთ მისი [ყურანის]. ხოლო ვინც მას [ყურანს] უარყოფს სხვადასხვა ჯგუფთაგან, ცეცხლი [ჯოჯოხეთი] არის მათი დანიშნული ადგილი. ამიტომ ნუ იქნები მასში [ყურანში] ეჭვმიტანილი, რადგან ჭეშმარიტად, იგი [ყურანი] არის სიმართლე შენი უფლისგან, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არ სწამს.
18და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰს სიცრუეს მიაწერს? ისინი წარდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე და მოწმეები იტყვიან: აი, ისინი, რომელთაც იცრუეს თავიანთ ღმერთზე. უეჭველად, დაე (იყოს) ალლაჰის წყევლა უსამართლოებს [მრავალღმერთიანებზე]
19ისინი, რომელნიც აცდენდნენ სხვებს ალლაჰის გზიდან [მთლიანად მორჩილებისგან მისადმი], და ცდილობდნენ ამ გზის დამახინჯებას [მისი მოტყუებით წარმოდგენას], და არ სწამდათ მარადიული ცხოვრება!
20ასეთები (ურწმუნოები) ვერასოდეს შეასუსტებენ ალლაჰის სასჯელს დედამიწაზე (ვერ გაექცევიან მას), და არ ჰყავთ მათ ალლაჰის გარდა მფარველები (ვინც შეძლებდა მათ დაცვას მისი სასჯელისგან). გაორმაგებული იქნება მათთვის სასჯელი. მათ არ შეეძლოთ მოსმენა და ვერც ხედავდნენ
21ასეთები არიან ისინი, რომელთაც საკუთარი თავები წააგეს, და დაეკარგათ მათ ის, რაც მოიგონეს [ცრუ ღმერთები, რომელთა შუამდგომლობას იმედოვნებდნენ]
22ეჭვგარეშეა, რომ საიქიოში სწორედ ისინი იქნებიან ყველაზე მეტად წაგებულნი.
23უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, და კეთილი საქმეები აკეთეს, და მორჩილნი იყვნენ თავიანთი ღმერთის წინაშე, სწორედ ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.
24მაგალითი ორივე ჯგუფისთვის ბრმა და ყრუ [ურწმუნოს მაგალითი] და მხედველი და მსმენელი [მორწმუნის მაგალითი]. ნუთუ ისინი ტოლნი არიან ერთმანეთის მაგალითით? ნუთუ არ შეიგონებთ [და არ მიიღებთ სარგებელს აქედან]?
25და ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი (ნოე) თავის ხალხთან (მან უთხრა მათ): მე თქვენთვის ცხადი შემგონებელი ვარ
26რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა (ერთადერთი) ალლაჰისა. ჭეშმარიტად, მე მეშინია თქვენთვის მტანჯველი დღის სასჯელისა.
27და თქვეს მისმა ხალხმა, რომელთაც უარყვეს: ჩვენ ვერ გხედავთ სხვას, გარდა ჩვენნაირი ადამიანისა, და ვერ ვხედავთ, რომ ვინმე მოგყვება, გარდა ჩვენს შორის ყველაზე უბადრუკებისა. და ვერ ვხედავთ თქვენში რაიმე უპირატესობას ჩვენზე. პირიქით ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მატყუარები ხართ
28თქვა (შუამავალმა ნუჰმა): ჰეი, ჩემო ხალხო! რას იტყვით, თუ მე ჩემი ღმერთისგან ცხად მტკიცებულებაზე ვარ და მან თავისი წყალობა მომმადლა, მაგრამ ის თქვენთვის დაფარული დარჩა? განა გაიძულებთ მის მიღებას, მაშინ, როცა თქვენ იგი გძულთ?
29ჰეი, ჩემო ხალხო! მე (ნუჰი) არ გთხოვთ თქვენ ამისთვის ქონებას. ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰზეა. და მე არ განვდევნი მათ, რომელთაც ირწმუნეს. ჭეშმარიტად, ისინი შეხვდებიან თავიანთ ღმერთს, მაგრამ მე გხედავთ თქვენ, როგორც უმეცარ ხალხს.
30ჰეი, ჩემო ხალხო! ვინ დამიცავს ალლაჰისგან, თუ მე მათ (მორწმუნეებს) განვდევნი? ნუთუ არ დაფიქრდებით?
31და არ გეუბნებით თქვენ, რომ ჩემთანაა ალლაჰის საგანძურები, და არც დაფარულის ვიცი, და არც იმას ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ. და არც ვეტყვი იმათზე, ვისაც თქვენი თვალები შეურაცხყოფით უყურებენ [საწყალ და სუსტ მორწმუნეებს], რომ ალლაჰი მათ სიკეთეს არ მიაგებს. ალლაჰმა უკეთ იცის, რაც მათ სულებშია. მაშინ მე უსათუოდ უსამართლოთაგანი ვიქნებოდი.
32უთხრეს [ცნობილმა ხალხმა]: „ჰეი, ნუჰ! შენ გვეკამათებოდი და გაახშირე ჩვენი კამათი. მაშ, მოგვივლინე ის, რითაც გვემუქრები, თუ ხარ მართალთაგანი.
33უთხრა (ნუჰმა): მას მხოლოდ ალლაჰი მოგივლენთ, თუ ინებებს, და თქვენ ვერ დააღწევთ თავს.
34და არ გამოგადგებათ ჩემი რჩევა, თუნდაც რომ მინდოდეს თქვენთვის რჩევის მოცემა, თუ ალლაჰს თქვენი გზააბნევა სურს(თქვენი ურჩობისა და ჯიუტობის გამო). იგია თქვენი ღმერთი და მასთან იქნებით დაბრუნებულნი.
35[მრავალღმერთანები შენი ხალხისგან იტყვიან ო, შუამავალო მუჰმმად] ან იტყვიან, მან (მუჰამმადმა) შეთხზაო (ყურანი) უთხარი: თუ მე შევთხზე, ჩემზე იყოს ჩემი ცოდვა, და მე თავისუფალი ვარ იმისგან, რაშიც თქვენ სცოდავთ [თქვენი ურწმუნოებისაგან].
36და შთაეგონა ნუჰს, რომ შენი ხალხიდან არავინ ირწმუნებს, გარდა იმათი, რომელთაც უკვე ირწმუნეს. ამიტომ ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
37ააგე კიდობანი ჩვენი მეთვალყურეობითა და შთაგონებით, და ნუღარაფერს მეტყვი უსამართლოთა შესახებ, რადგან ისინი უნდა დაიხრჩონ.
38და აგებდა კიდობანს. და ყოველთვის, როცა მის გვერდით ჩაივლიდნენ მისი ხალხის წარჩინებულნი, დასცინოდნენ მას. მან თქვა: თუ თქვენ დაგვცინით, ჩვენც დაგცინებთ თქვენ, ისევე, როგორც თქვენ დაგვცინით.
39მალე გაიგებთ, ვის მოევლინება დამამცირებელი სასჯელი და ვის დაატყდება თავს მარადიული სასჯელი
40და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება (ურწმუნოთა დაღუპვის შესახებ) და ადუღდა თონე, ვუთხარით: შეიყვანე მასში [გემში] ყოველი სახეობიდან თითო წყვილი [მამრობითი და მდედრობითი], აგრეთვე შენი ოჯახი, გარდა მათისა, რომელთაც უკვე შეეხო სიტყვა [გარდა შენი შვილისა და ცოლისა], და (შეიყვანე გემში) ისინი, რომელთაც ირწმუნეს. მაგრამ მასთან ერთად [ნუჰთან] მხოლოდ მცირედმა ირწმუნეს
41და უთხრა (ნუჰმა) (მორწმუნეებს): ჩასხედით მასში, ალლაჰის სახელითაა მისი სვლაც და მისი გაჩერებაც. უეჭველად, ჩემი ღმერთი მიმტევებელი, შემწყალებელია.
42და მიედინებოდა იგი [გემი] მათთან ერთად ტალღებზე, რომლებიც მთებს ჰგავდა. და მიმართა ნუხმა თავის შვილს, რომელიც განცალკევებით იყო [მორწმუნეთაგან]: ო, შვილო ჩემო, შემოდი ჩვენთან ერთად (გემში) და ნუ იქნები ურწმუნოებთან (რომლებიც ყველა დაიხრჩვებიან)
43[შვილმა უთხრა] (შუამავალ ნუჰს): მთას შევეფარები, რომელიც დამიცავს წყლისგან. უთხრა: დღეს არ არსებობს დამცველი ალლაჰის ბრძანებისგან, გარდა იმისა, ვისაც ის შეიწყალებს. და მათ შორის ტალღა ჩადგა და ის იყო ერთ-ერთი დახრჩობილთაგანი.
44და ითქვა (ალლაჰის მიერ), მას შემდეგ რაც ყველა ურწმუნო დაიხრჩო: ო მიწავ! შთანთქე შენი წყალი! და ო ცაო! შეჩერდი [გააჩერე წვიმა]! და წყალი დაეცა (დაიწია), და აღსრულდა ალლაჰის ბრძანება, და [გემი] გაჩერდა ალ-ჯუდის მთაზე. და ითქვა: შორს [ალლაჰის წყალობისგან] უსამართლონი [ურწმუნონი]!
45და მოუხმო ნუჰმა თავის ღმერთს და უთხრა: „ღმერთო ჩემო! ჭეშმარიტად, ჩემი შვილი ჩემი ოჯახიდანაა, და შენი აღთქმა ჭეშმარიტია, და შენ ხარ ყველაზე ბრძენი მსაჯულთაგან
46ბრძანა (დიდებულმა ალლაჰმა): ჰეი, ნუჰ! ის შენი ოჯახიდან არ არის. უეჭველად, ის არა სწორი საქმეა(ეს შენი თხოვნა არა სწორია იმიტომ, რომ ის ურწმუნო შენი ოჯახიდან არ ითვლება). ამიტომ ნუ მთხოვ იმას, რის შესახებაც ცოდნა არ გაგაჩნია. მე გარიგებ შენ, რათა არ იყო უმეცართა შორის.
47თქვა (ნუჰმა): უფალო ჩემო! მე შენ შემოგფარებივარ, რათა არ გთხოვო ის, რის შესახებაც ცოდნა არ გამაჩნია. და თუ არ მომიტევებ და არ შემიწყალებ, ვიქნები წაგებულთა შორის.
48თქვა (ალლაჰმა): ო, ნუჰ! ჩამოდი (გემიდან) ჩვენი მშვიდობით და ბარაქით შენზე და მათზე, ვინც შენთან ერთად არის, მაგრამ იქნებიან ისეთი თემებიც, რომლებსაც ჩვენ მივცემთ სიკეთეებს (მხოლოდ ამ წუთისოფელში), ხოლო შემდეგ მათ მოეწევათ ჩვენგან მტანჯველი სასჯელი (განსჯის დღეს)
49ეს [რასაც ჩვენ გიამბეთ] იმ უხილავი ამბებათაგანია, რომლებიც ჩვენ შთაგონებით გიცხადეთ, (ო, მოციქულო) არც შენ და არც შენმა ხალხმა იცოდით ისინი აქამდე. მოითმინე, მაშ, (ის ტანჯვა და ზიანი), რასაც შენი ხალხი გაყენებს! ჭეშამრიტად, კარგი დასასრული ხვთისმოშიშთათვისაა (ვინც უფლის სასჯელს უფრთხილდება)
50ადიელებთან (წარვგზავნეთ ჩვენ) მათი ძმა ჰუდი. უთხრა (შუმავალმა ჰუდმა): ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით (მხოლოდ მას) ალლაჰს! თქვენთვის არ არსებობს სხვა ღვთაება, გარდა მისი. თქვენ მხოლოდ ცილისმწამებლები ხართ(ალლაჰის გარდა ცრუდ ღმერთებს რომ იგონებთ).
51ჰეი, ჩემო ხალხო! არ გთხოვთ ამაზე საზღაურს. ჩემი საზღაური მხოლოდ მასზეა (ალლაჰზე), ვინც შემქმნა. ნუთუ ვერ ხვდებით?
52ო, ჩემო ხალხო! ითხოვეთ შენდობა თქვენი უფლისაგან (თქვენი ურწმუნოებისთვის), შემდეგ კი მოინანიეთ მის წინაშე თქვენი ცოდვები და (თუ ასე მოიქცევით) ის გამოგიგზავნით ციდან უხვ ნალექს და შეგმატებთ ძალას თქვენს ძალაზე (გაგამრავლებთ და გაძლიერებთ), და ნუ გაემიჯნებით (იმ მოწოდებას, რისკენაც გიწვევთ), მეამბოხედ [ურწმუნოდ]
53მათ უთხრეს: ჰეი, ჰუდ! შენ ჩვენთვის არანაირი ცხადი მტკიცებულება არ მოგიტანია, და ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ღმერთებს შენი სიტყვის გამო, და ჩვენ შენი არ გვწამს.
54ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ღვთაებამ ბოროტებით შეგეხო შენ. მან თქვა: მე ვამოწმებ ალლაჰს და თქვენც დაამოწმეთ, რომ მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ თანაზიარად უდგენთ მას(ალლაჰს).(ე.ი.მე არ ვაღიარებ კერპებს)
55მის(ალლაჰის) გარდა. მაშ, მტრულად მომექეცით ყველანი ერთად [თქვენ და თქვენი ცრუ ღვთაებები] და შემდეგ ნუ მომცემთ დროს [ნუ დამაცდით]!
56მე ალლაჰს მივენდე, ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს. არ არსებობს არც ერთი ცოცხალი არსება, რომელიც არ იყოს მისი ხელში [მისი ძალაუფლების ქვეშ]. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი არის სწორ გზაზე [ის სამართლიანია თავის გადაწყვეტილებებში და სიკეთეს სიკეთითვე აჯილდოებს, და ის მე დამიცავს თგვენგან]
57ხოლო თუ ზურგს შეაქცევთ, მე უკვე გამცნეთ ის, რითაც მოვლინებული ვიყავი თქვენთან. და ჩემი ღმერთი თქვენს ნაცვლად სხვა ხალხს მოიყვანს და თქვენ მას ვერაფერს ავნებთ. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი ყოვლისმფარველია.
58და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, გადავარჩინეთ ჰუდი და რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად ჩვენი წყალობით, და ვიხსენით ისინი სასტიკი სასჯელისგან.
59აი, ადელები, რომლებმაც უარყვეს თავიანთი ღმერთის სასწაულები, არ დაემორჩილნენ მის შუამავლებს და გაჰყვნენ ყოველი ჯიუტი ტირანის ბრძანებას.
60და დაედევნათ მათ ამქვეყნად წყევლა და აღდგომის დღესაც. ჭეშმარიტად, აადის ტომი გახდა ურწმუნო თავისი ღმერთის! დაე დაშორდნენ [ალლაჰის წყალობას] ადის ხალხი ჰუდის ერი!
61და სამუდის ხალხს(გავუგზავნეთ), მათი ძმა საალიჰი. მან უთხრა: ჰეი, ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს. თქვენთვის არ არსებობს სხვა ღვთაება, გარდა მისი. მან გაგაჩინათ თქვენ მიწისგან და დაგასახლათ მასზე. მაშ, სთხოვეთ მას შენდობა, შემდეგ კი მოინანიეთ მის წინაშე. ნამდვილად, ჩემი უფალი ახლოა და პასუხობს (ის პასუხობს ვედრებას, როცა მას ევედრებიან)!
62უთხრეს (სამუდიანელებმა): ჰეი, სალიჰ! შენ ჩვენ შორის იმედის მომცემი იყავი(პატივისცემას იმსახურებდი, ჭკვიანი და საღი აზრის მქონე იყავი) ამაზე წინ. ნუთუ გვიკრძალავ, რომ ვეთაყვანოთ იმას, რასაც ჩვენი მამები(წინაპრები) ეთაყვანებოდნენ? და ჭეშმარიტად, ჩვენ ღრმა, ეჭვში ვართ იმის შესახებ, რისკენაც შენ გვიხმობ (ერთადერთ ალლაჰს თაყვანი ვცეთ).
63(საალიჰმა) უთხრა: ჰეი, ჩემო ხალხო! აბა, დაფიქრდით, თუ მე ჩემი ღმერთისგან ცხად მტკიცებულებაზე ვარ და მან თავისი წყალობა მომმადლა, ვინ დამიცავს ალლაჰისგან, თუ მე მას ვეურჩები? თქვენ კი ზარალის მეტს ვერაფერს შემმატებთ.
64ჰეი, ხალხო ჩემო, ეს ალლაჰის აქლემია, თქვენთვის სასწაულად. მიუშვით, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და ბოროტად არ შეეხოთ მას, თორემ მოგევლინებათ ახლო სასჯელი.
65მაგრამ მათ დაკლეს იგი. მაშინ მან (შუამავალმა საალიჰმა) უთხრა მათ: ისიამოვნეთ თქვენს სახლებში სამი დღე. ეს არის აღთქმა(იმ უბედურებისა რაც თავს დაგატყდებათ), რომელიც არ იქნება ცრუ.
66და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ჩვენი წყალობით ვიხსენით საალიჰი და მასთან ერთად მორწმუნენი, და იმ დღის სირცხვილისგან. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყოვლადძლიერია ძლევამოსილია.
67და უსამართლოებს მოევლინათ ძლიერი ხმა და(რის შედეგადაც) აღმოჩნდნენ ისინი თავიანთ საცხოვრებლებში დაგდებულნი [მკვდარნი].
68თითქოს არც კი უცხოვრიათ იქ. უეჭველად, სამუდის ხალხი გახდა ურწმუნო თავისი უფლის მიმართ. დაე, იყვნენ შორს (ალლაჰის წყალობას) სამუდელები!
69და ჩვენი მოციქულები (ანგელოზები) ეახლნენ იბრაჰიმს სასიხარულო ცნობით. მათ უთხრეს: მშვიდობა! მანაც უპასუხა: მშვიდობა! და არ დააყოვნა, რომ მოეტანა შემწვარი ხბო(ის ვერ მიხვდა რომ ისინი ანგელოზები იყვნენ ადამიანური გარეგნობით).
70და როცა მან (იბრაჰიმმა) დაინახა, რომ მათი [ანგელოზები, რომლებიც ადამიანების სახით მოვიდნენ] ხელები არ მიეკარებოდა მის [საპატივცემულო საჭმელს], ვერ იცნო ისინი (დაეჭვდა მათში) და შიში იგრძნო მათგან (იფიქრა, რომ მტრები ან ქურდები იყვნენ), (როცა დაინახეს, რომ შიშმა მოიცვა იგი, ანგელოზებმა) უთხრეს: ნუ გეშინია! ჩვენ მოსული ვართ ლუტის ხალხთან (იმისათვის, რომ დავასჯათ ისინი)
71და მისი ცოლი [სარა] იდგა (ესმოდა ეს საუბარი) და გაიცინა და ჩვენ ვახარეთ მას ისჰააყის შესახებ [რომ იგი შობს ძეს, რომელსაც დაარქმევენ ისჰააყს], და ისჰააყის შემდეგ იაყუბის შესახებ [რომ ისჰააყს შეეძინება ძე იაყუბი].
72(ამ ამბავით გაკვირვებულმა სარამ)თქვა:ვაი ჩემდა სიმწარე! ნუთუ მე შვილი შემეძინება მაშინ, როცა უკვე მოხუცი ვარ, და ეს ჩემი ქმარი ბერიკაცია? ნამდვილად, ეს საოცარი რამ არის
73(ანგელოზებმა) უთხრეს: განა ალლაჰის ბრძანება გაკვირვებს? ალლაჰის წყალობა და მისი კურთხევა იყოს თქვენზე, ო, ამ სახლის [შუამავლების ოჯახის] ბინადარნო! ნამდვილად, ის (ალლაჰი) ქებულია და დიდებულია
74როცა იბრაჰიმს შიშმა გაუარა და სასიხარულო ამბავი ეუწყა, ლუტის ხალხის გამო დაგვიწყო დავა(იქნება და გადააქმევინოს მათი განადგურება).
75ნამდვილად, იბრაჰიმი იყო უეჭველად მოთმინებით სავსე [სასჯელს არ აჩქარებდა], მორჩილი (ალლაჰის წინაშე) და მუდამ მომნანიე.
76(ანგელოზებმა უთხრეს): ჰეი, იბრაჰიმ, თავი დაანებე ამას! რამეთუ უკვე მოვიდა შენი ღმერთის ბრძანება და უეჭველად, მათ გარდაუვალი სასჯელი ეწევათ.
77და როცა მოვიდნენ ჩვენი მოციქულნი [ანგელოზები] ლუტთან, დამწუხრდა ის მათ გამო (რადგან არ იცოდა, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ და შეეშინდა, რომ მისი ხალხი მათ ცუდი მიზნებით მიადგებოდა), და იგრძნო უძლურება [ვერაფრით შეეძლო თავისი სტუმრების დაცვა], და თქვა: ეს მძიმე დღეა
78და მივიდა მასთან [ლუტთან] მისი ხალხი, სწრაფად და აჩქარებით (იმისთვის, რომ მისი სტუმრები სიბილწისკენ წაეხელებინათ) და მანამდე ისინი ჩადიოდნენ ბოროტ საქმეებს [მამაკაცებთან სქესობრივ კავშირს]. უთხრა (შუამავალმა ლუტმა) თავის ხალხს: ო, ჩემო ხალხო! აი, ესენი ჩემი ქალიშვილები [თქვენი ქალები], ისინი უფრო წმიდანი არიან თქვენთვის (თუ გსურთ ქორწინება), ვიდრე ის სიბილწე, რასაც აპირებთ. გეშინოდეთ ალლაჰის (და მოშორდით იმას, რაც მან აკრძალა), და ნუ შემარცხვენთ ჩემს სტუმართა წინაშე. ნუთუ თქვენს შორის არც ერთი გონიერი ადამიანი არ მოიძებნება, ვინც შეგაჩერებთ ამ ბოროტებიდან?
79მათ უთხრეს: შენ ხომ იცი, რომ შენს ასულებზე არანაირი უფლება არ გვაქვს(არ გვსურს ქალები) და უეჭველად იცი, რაც ჩვენ გვინდა(შენ კარგად იცი რომ ჩვენ მხოლოდ კაცები გვინდა).
80თქვა: ნეტავ მქონდეს თქვენს წინააღმდეგ ძალა, ან თავი შევაფარო მტკიცე საყრდენს [ნათესავებს] (აუცილებლად შეგაჩერებდით)
81უთხრეს: ჰეი, ლუტ! ჭეშმარიტად, ჩვენ შენი ღმერთის მოციქულები (ანგელოზები) ვართ. ისინი შენ ვერაფერს დაგაკლებენ. გაიყვანე შენი ოჯახი ღამის ერთ ნაწილში და არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს, შენი ცოლის გარდა. ჭეშმარიტად, მასაც იგივე ეწევა, რაც მათ. ჭეშმარიტად, მათი დათქმული დრო დილაა. განა დილა ახლოს არ არის?
82ხოლო როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ჩვენ გადავაქცევინეთ მისი [მათი ქალაქის] ზემო ნაწილი ქვემოდ და გავაწვიმედ მასზე გამომწვარი თიხის ქვები, ფენა-ფენად დაწყობილი(ერთიმეორეზე მიყოლებით).
83(და ეს ქვები იყო) შენს უფალთან ნიშანდებული [ეს არ იყო უბრალო ქვები]. და ისინი [იგივე სასჯელი] არ არიან შორს უსმართლოთაგან [ურწმუნოთაგან], (ვინც არ აღიარებს შენს მოციქულობას, ო მუჰამმად)
84და მადიანში (ჩვენ წარგვზავნეთ) მათი ძმა შუაიბი. მან უთხრა: „ჰეი, ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს! თქვენ არ გყავთ სხვა ღვთაება, გარდა მისი. და ნუ დააკლებთ საწყაოსა და სასწორს. უეჭველად, მე გხედავთ თქვენ კეთილდღეობაში და უეჭველად, მე მეშინია თქვენთვის ყოვლისმომცველი დღის სასჯელისა.
85ჰეი, ჩემო ხალხო! სრულად დაიცავით ზომა და წონა სამართლიანად [იყავით მართალნი ამ საქმეში], და ნუ დააკლებთ ხალხს თავიანთ კუთვნილს, და ნუ ივლით მიწაზე უწესრიგობის თესვით [ნუ გააკეთებთ იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა].
86ის, რაც ალაჰმა დაგიტოვათ [ნებადართული მოგება], უკეთესია თქვენთვის, თუკი მორწმუნენი ხართ. და მე თქვენზე მცველი როდი ვარ.
87მათ უთრეს: ჰეი, შუაიბ! განა შენი ლოცვა გიბრძანებს, რომ მივატოვოთ ის, რასაც ჩვენი მამა-პაპა ეთაყვანებოდა, ან ჩვენს ქონებას ისე არ მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვსურს? ჭეშმარიტად, შენ ხარ მომთმენი, გონიერი!(ეს თქვეს ირონიის სახით.იხ. იბნ ქასიირის განმარტება)
88(შუამავალმა შუაიბმა) უთხრა: ჰეი, ჩემო ხალხო! თუ გიფიქრიათ, თუ მე ჩემი ღმერთისგან ცხად მტკიცებულებაზე ვარ და მან მომცა თავისგან მშვენიერი სარჩო? და არ მსურს, რომ შეგეწინააღმდეგოთ იმაში, რასაც გიკრძალავთ. მე მხოლოდ გამოსწორება მსურს, რამდენადაც შემიძლია. და ჩემი წარმატება მხოლოდ ალლაჰისგანაა. მასზე ვარ მინდობილი და მხოლოდ მას მივმართავ (მონანიებით).
89ჰეი, ჩემო ხალხო, ჩემთან უთანხმოებამ არ გაიძულოთ, რომ თქვენც იგივე გეწიოთ, რაც ეწია ნუჰის ხალხს, ან ჰუდის ხალხს, ან სალიჰის ხალხს. და ლუტის ხალხი ხომ თქვენგან შორს არ არის(დიდი ხნის წინ არ იყვნენ).
90სთხოვეთ პატიება თქვენს უფალს (იმ ცოდვებისთვის, რომლებიც უკვე ჩაგიდენიათ), შემდეგ კი მოინანიეთ მის წინაშე. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი შემწყალებელი, მოყვარულია (იმათ მიმართ, ვინც მას მონანიებით მიმართავს).
91მათ უთხრეს: ჰეი, შუაიბ! ჩვენ ვერ ვიგებთ ბევრს, რასაც შენ ამბობ. და ჩვენ ნამდვილად გხედავთ ჩვენს შორის სუსტად. და რომ არა შენი გვარეულობა, უთუოდ ჩაგქოლავდით. და შენ ჩვენთვის ძვირფასი არ ხარ.
92(შუამავალმა შუაიბმა) უთხრა: ჰეი, ჩემო ხალხო! ნუთუ ჩემი საგვარეულო უფრო ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე ალლაჰი? და თქვენ ის ზურგს უკან მიატოვეთ. უეჭველად, ჩემი ღმერთი ყოვლისმომცველია იმისა, რასაც თქვენ სჩადიხართ!
93ჰეი, ჩემო ხალხო! იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობებისამებრ, მეც ვიმოქმედებ. მალე გაიგებთ, ვის მოევლინება სასჯელი, რომელიც შეარცხვენს მას, და ვინ არის მატყუარა. დაელოდეთ, მეც თქვენთან ერთად დაველოდები.
94და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ჩვენი წყალობით ვიხსენით შუაიბი და მასთან ერთად მორწმუნენი. ხოლო უსამართლონი შეიპყრო საზარელმა ხმამ და ისინი თავიანთ სახლებში პირქვე დამხობილნი აღმოჩნდნენ.
95ისე, თითქოს ისინი იქ არასოდეს ყოფილან. ო, დიახ! დაე, დაშორდნენ (ალლაჰის წყალობას) მადიანელები, ისე როგორც დაშორდნენ სამუდეველები
96და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებითა და ცხადი ხელმწიფებით.
97ფარაონთან და მის დიდებულებთან. და ისინი დაემორჩილნენ ფარაონის ბრძანებას, და ფარაონის ბრძანება არ იყო სწორი.
98ის თავის ხალხს გაუძღვება აღდგომის დღეს და ცეცხლში მიიყვანს მათ. და რა საზარელია ის ადგილი, სადაც მიიყვანეს!
99და თან სდევდათ წყევლა ამქვეყნადაც და აღდგომის დღესაც.და რა საშინელია ის ბოძებული ჯილდო, რომელიც მათ ეძლევათ!(წყევლა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც ზედი ზედ)
100ეს იმ დასახლებათა ამბებიდანაა, რომელსაც გიამბობთ შენ (ო, შუამავალო). ზოგი მათგანი კვლავ დგას, ზოგი კი განადგურებულია.
101ჩვენ არ დაგვიჩაგრავს ისინი, არამედ მათ თავიანთი თავები დაჩაგრეს. და ვერაფრით უშველეს მათ თავიანთმა (ცრუ) ღვთაებებმა, რომლებსაც ალლაჰის გარდა უხმობდნენ, როცა შენი ღმერთის ბრძანება მოვიდა. და არაფერი შემატეს მათ, გარდა დაღუპვისა.
102ასეთია შენი ღმერთის სასჯელი, როცა ის სჯის უსამართლო სოფლებს. უეჭველად, მისი სასჯელი მტანჯველი და მკაცრია!
103ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული იმისთვის, ვისაც ეშინია იმქვეყნიური სასჯელის. ეს ის დღეა, როცა შეკრებილი იქნება ხალხი, და ეს არის დღე, რომელსაც ყველა იხილავს.
104და ჩვენ მას არ გადავდებთ, გარდა დათქმული ვადისთვის.
105იმ დღეს, როცა ის (განკითხვის დღე) დადგება , ვერცერთი სული ვერ ილაპარაკებს, გარდა მისი ნებართვისა. მათ შორის იქნებიან უბედურნი და ბედნიერნი.
106ხოლო უბედურნი ცეცხლში იქნებიან, და იქ მათთვის იქნება მოთქმა [ტანჯვის კვნესა] და ღრიალი.
107მარადიულად იქნებიან იქ, სანამ იარსებებს ცა და მიწა,გარდა იმისა, თუ შენი უფალი ინებებს (სხვაგვარად) [რადგან ჯოჯოხეთიდან გამოიყვანს ყველა მორწმუნეს, ვის გულშიც თუნდაც მტვრის წილზე მცირე რწმენა ჰქონდათ] ვინაიდან, ნამდვილად, შენი უფალი აღასრულებს ყველაფერს, რასაც ინებებს!
108ხოლო ბედნიერნი სამოთხეში იქნებიან, სამუდამოდ დამკვიდრდებიან იქ, ვიდრე იარსებებენ ცანი და მიწა, გარდა იმისა, რასაც ინებებს შენი ღმერთი. ეს არის ჯილდო, რომელიც არასოდეს შეწყდება.
109ნუ იქნები (ო, მოციქულო) ეჭვში იმის შესახებ, რასაც ესენი [მრავალღმერთიანები] თაყვანს სცემენ, ისინი თაყვანს სცემენ მხოლოდ ისე, როგორც მათი მამები [წინაპრები] სცემდნენ მანამდე. ნამდვილად, ჩვენ სრულად მივაგებთ მათ მათ წილს რაიმე შემცირების გარეშე!
110ჩვენ ნამდვილად მივეცით (შუამავალ) მუსას წიგნი [თორა], და მის ხალხში გაჩნდა უთანხმოება მის შესახებ [თორას შინაარსისა და კანონების მიმართ]. [ზოგმა ირწმუნა თორა, ხოლო სხვებმა უარყვეს იგი.] (იგივე გზა აირჩია შენმა ხალხმაც, ო, მუჰამმად, ყურანის მიმართ.) და რომ არა შენი უფლის სიტყვა (მისი წინასწარ დადგენილი განჩინება, რომ არ აჩქარებს სასჯელს), აუცილებლად უკვე გადაწყდებოდა მათ შორის [ურწმუნონი დაისჯებოდნენ, ხოლო მორწმუნენი გადარჩებოდნენ]. თუმცა ისინი [ურწმუნო იუდეველები და მრავალღმერთიანები] ნამდვილად იმყოფებიან დაბნეულ და შემაძრწუნებელ ეჭვში ამასთან დაკავშირებით [ყურანთან].
111და უეჭველად, შენი ღმერთი ყველას სრულად მიუზღავს თავიანთი ნამოქმედარისთვის. ჭეშმარიტად, იგი უწყის, რასაც ისინი სჩადიან.
112მაშ, იდექი სწორად(სწორ გზაზე), როგორც ნაბრძანები გაქვს, შენ და ვინც შენთან ერთად მოინანია. და ზღვარს ნუ გადახვალთ. უეჭველად, იგი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.
113და ნუ დაეყრდნობით უსამართლოთა [ნუ მიემხრობით მათ სიყვარულით], რადგან ამის გამო შეიძლება ცეცხლი შეგეხოთ. და არ გეყოლებათ ალლაჰის გარდა მფარველები, შემდეგ კი თქვენ დაცული არ იქნებით!
114და აღავლინე ლოცვა დღის ორ ბოლოს(დღის დასაწყისში და დასასრულში) და ღამის დასაწყისში. ჭეშმარიტად, კეთილი საქმეები შლიან ცუდ საქმეებს. ეს შეგონებაა მომხსენებელთათვის.
115და მოითმინე (ო, შუამავალო) (ის ტკივილი და შეურაცხყოფა, რასაც მრავალღმერთიანები გაყენებენ), რადგან ალლაჰი არ აქარწყლებს ჯილდოს იმათს, ვინც კეთილი საქმე გულწრფელად შეასრულა
116ო, ნეტავ ყოფილიყვნენ თქვენამდე მცხოვრებ თაობებში ისეთი ადამიანები, რომლებიც რწმენითა და გონიერებით იქნებოდნენ გამორჩეულნი, და რომლებიც შეაკავებდნენ ხალხს ბოროტებისგან მიწაზე [ურწმუნოებისგან და ცოდვისგან]! (ასე ისინი მიგასწავლიდნენ ხსნის გზას ალლაჰის სასჯელისგან) მაგრამ ასეთი ადამიანები ცოტანი აღმოჩნდნენ მხოლოდ მცირედნი მათგან, ვისაც ჩვენ გადავარჩინეთ. (მათგან კი ცოტანი უსმენდნენ, და კიდევ უფრო ცოტანი მისდევდნენ მათ), ხოლო ვინც უსამართლობას სჩადიოდნენ, მიჰყვნენ იმ ფუფუნებას, რომლითაც იყვნენ დაჯილდოებულნი [მიწიერ სიამოვნებებსა და ამქვეყნიურ ცხოვრებას მიეცნენ] და გახდნენ ბოროტმოქმედნი [ურწმუნონი].
117და არ არის შენი უფალი ისეთი, რომ გაანადგუროს ქალაქები უსამართლოდ, როცა მათი მცხოვრებნი კეთილისმქმნელნი არიან.
118შენს ღმერთს რომ ნდომებოდა, იგი ყველა ადამიანს ერთ თემად აქცევდა, მაგრამ ისინი კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაში არიან
119გარდა იმათი, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. და ამისთვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვა: აუცილებლად ავავსებ ჯოჯოხეთს ჯინებითა და ადამიანებით, ყველათი ერთად [მათ, რომელნიც სატანას მიჰყვებიან]
120და ყოველივეს, რასაც გიამბობთ შუამავალთა ამბებიდან (ო, შუამავალო), იმისთვისაა, რომ განგიმტკიცოთ გული. და მოვიდა შენთან ამ [სურაში] ჭეშმარიტება, დარიგება და შეგონება მორწმუნეთათვის.
121და უთხარი (ო,შუამავალო) მათ, რომელთაც არ სწამთ: იმოქმედეთ თქვენი ძალისამებრ [როგორც თვლით სწორად], და, უეჭველად, ჩვენც ვიმოქმედებთ (როგორც გვიბრძანა ჩვენმა უფალმა)
122და დაელოდეთ (და ნახავთ, როგორ დასრულდება ჩვენი საქმე), და ჩვენც დაველოდებით (თუ როგორ დასრულდება თქვენი საქმე)
123და ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის უხილავი, და მასთან ბრუნდება ყოველი საქმე. მაშ, თაყვანი (მხოლოდ) მას ეცი და (მხოლოდ) მას მიენდე. და შენი უფალი არ არის უყურადღებო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.