يونس
Jonah • 109 ayahs • Meccan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1ალიფ. ლაამ. რაა. ესაა ბრძნული წიგნის აიათები.
2განა გასაკვირია ხალხისთვის, რომ ჩვენ შთავაგონეთ მათგან (ერთ) კაცს: გააფრთხილე ხალხი (ალლაჰის სასჯელის შესახებ) და ახარე მორწმუნეებს, რომ მათთვის მათი უფლის წინაშე მომზადებულია დიდი ჯილდო? მაგრამ ურწმუნოებმა თქვეს: ჭეშმარიტად, ეს [მუჰამმადი] აშკარად ჯადოქარია!
3ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი (ო ხალხო), არის ალლაჰი. ის, ვინც შექმნა ცანი და მიწა ექვს დღეში(მიუხედავად იმისა, რომ მას შეეძლო ისინი ერთი სიტყვით იყავ! წამებში შეექმნა), შემდეგ კი ამაღლდა ტახტზე (ისე, როგორც შეეფერება მხოლოდ მის სიდიადეს), და განაგებს ყველა საქმეს. არავინაა ისეთი, ვინც შეძლებს შუამდგომლობას მის წინაშე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თვითონ ის ნებას მისცემს. აი ასეთი არის ალლაჰი, თქვენი უფალი თაყვანი ეცით მხოლოდ მას! ნუთუ არ მოეგებით გონს და არ დაფიქრდებით?
4ხოლოდ მასთან იქნება თქვენი დაბრუნება (განსჯის დღეს) ალლაჰის ჭეშმარიტი აღთქმისამებრ. ჭეშმარიტად, ის იწყებს ქმნას [შექმნას არაფრიდან] და შემდეგ კვლავ აღადგენს მას [თავისი ძლიერებით], რათა სამართლიანად დააჯილდოვოს ისინი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს [ალლაჰის გულისთვის, მისი და მისი მოციქულის ბრძანებების მიხედვით]. ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, მათთვის გამზადებულია ადუღებული წყალი დასალევად და მტანჯველი სასჯელი მათი ურწმუნოების გამო
5მხოლოდ ისაა (ალლაჰი), რომელმაც ჰქმნა მზე მანათობელად (ნათების წყაროდ შექმნა), ხოლო მთვარე შუქად [რომელიც მზის სინათლეს ირეკლავს], და განუსაზღვრა მას სადგურები (ფაზები), რათა იცოდეთ წლების რაოდენობა და დროის აღრიცხვა [მზე განსაზღვრავს დღეებს, ხოლო მთვარე თვეებსა და წელიწადებს]. ალლაჰმა ეს ყველაფერი ჭეშმარიტად [სიბრძნითა და მიზანით] შექმნა. ის განმარტავს თავის სასწაულებს იმ ხალხისთვის, რომელთაც იციან
6უეჭველად, ღამისა და დღის მონაცვლეობაში და იმაში, რაც ღმერთმა შექმნა ცათა შინა და ქვეყანაზედ, სასწაულებია ხალხისთვის, რომელთაც ეშინიათ
7ჭეშმარიტად, ისინი, რომელნიც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას [არ სწამთ განსჯის დღის], და კმაყოფილნი არიან ამქვეყნიური ცხოვრებით და მასში ნუგეშს პოულობენ [სრულად ეძლევიან ამ ცხოვრებას], და ისინი, ვინც უყურადღებონი არიან ჩვენი სასწაულების მიმართ,
8მათი სამყოფელი ცეცხლია იმის სანაცვლოდ, რასაც ისინი იმკიდნენ [მათი ცოდვების და ურწმუნოების გამო].
9ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, მათი ღმერთი წარმართავს მათ მათივე რწმენით. მათ ქვეშ იდინებენ მდინარეები ნეტარების ბაღებში.
10მათი ვედრება [სამოთხეში იქნება: დიდება შენდა, ო, ალლაჰ! და მათი მისალმება იქ იქნება მშვიდობა! და მათი მოხმობის დასასრული იქნება: ქება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!
11და ალლაჰს რომ დაეჩქარებინა ადამიანთათვის ბოროტება ისე, როგორც ისინი სიკეთეს ისწრაფვიან, მაშინ მათი ვადა (ბედი) უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა (ისინი უკვე გარდაიცვლებოდნენ). მაგრამ ჩვენ მივატოვებთ მათ, რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებენ, თავიანთ უსამართლობაში, ბრმად იარონ თავიანთ შეცდომასა და გზააბნეულობაში.
12როდესაც ადამიანს უბედურება შეეხება, ის მოგვიხმობს მწოლიარე, მჯდომარე ან მდგომარე მდგომარეობაში. მაგრამ როცა ჩვენ მოვაშორებთ მას მის გასაჭირს, ის მიდის ისე, თითქოს არასოდეს მოუხმია ჩვენთვის უბედურების დროს. ამგვარად მორთულად და მშვენივრად ეჩვენებათ ზღვარგადასულთ რასაც აკეთებენ [რასაც აკეთებენ თავიანთი ქმედებები].
13და ჩვენ უკვე გავანადგურეთ თაობები თქვენამდე, როცა მათ უსამართლობა ჩაიდინეს და მოვიდნენ მათთან მათი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით, მაგრამ მათ არ ირწმუნეს. ასე მივუზღავთ ჩვენ დამნაშავე ხალხს.
14შემდეგ ჩვენ გქმენით თქვენ (ო ხალხო), მათ შემდეგ დედამიწის მემკვიდრეებად, რათა დავინახოთ, როგორ მოიქცევით (რა საქმეებს ჩაიდენთ და შემდეგ მოგაგოთ თქვენი ქმედებების შესაბამისად)
15როცა მათ [მრავალღმერთიანებს] წაუკითხავენ ჩვენს ნათელ და მკაფიო სასწაულებს [ყურანის აიათებს], ისინი, ვინც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას [არ სჯერათ სასჯელის დღის], ამბობენ: მოგვიტანე სხვა ყურანი, ამისგან განსხვავებული [ისეთი, სადაც არ იქნება ის, რაც ჩვენ არ მოგვწონს], ან შეცვალე იგი, უთხარი მათ (ო, შუამავალო): მე არ მაქვს უფლება, თვითნებურად შევცვალო იგი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზეშთამეგონა (ალლაჰისგან). ჭეშმარიტად, თუ ჩემს უფალს ვეურჩები, მე მეშინია დიადი დღის [განკითხვის დღის]
16უთხარი მათ (ო, მოციქულო): თუ ალლაჰი ისურვებდა, მე არ წაგიკითხავდით მას [ყურანს] და არც თქვენ გექნებოდათ ცოდნა მის შესახებ, მე ხომ მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ შორის გავატარე [სანამ გამოცხადება არ გადმოვიდა]. ნუთუ არ დაფიქრდებით?
17და ვინაა უფრო უსამართლო იმაზე, ვინც სიცრუეს თხზავს ალლაჰის შესახებ ან ცრუდ რაცხავს მის აიათებს/სასწაულებს? ჭეშმარიტად, არ იქნებიან წარმატებულნი დამნაშავენი [მრავალღმერთიანნი]
18და ისინი თაყვანს სცემენ ალლაჰის გარდა იმას, რაც ვერ ავნებს მათ და ვერ სარგებელს მოუტანს, და ამბობენ: ესენი არიან ჩვენი შუამდგომლები ალლაჰთან! უთხარი მათ (ო, მოციქულო): ნუთუ ალლაჰს ატყობინებთ იმას, რასაც მან არ უწყის ცათა შინა და მიწაზე? წმინდა და დიდებულია იგი იმ ყველაფერზე, რასაც მას უთანაზიარებენ!
19და არ იყვნენ ადამიანები, გარდა ერთი თემისა(რწმენისა), მაგრამ ისინი გაიყვნენ. და რომ არა სიტყვა, რომელიც წინ უსწრებდა შენი ღმერთისგან, მათ შორის უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ის, რაზეც ისინი დავობენ.
20ისინი [ურწმუნონი] ამბობენ: რატომ არ გარდმოევლინა მას (მუჰამმადს) სასწაული მისი ღმერთისგან? უთხარი: ჭეშმარიტად, უხილავი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მაშ, დაელოდეთ (როცა ალლაჰი განსჯის ჩვენს შორის), და მეც თქვენთან ერთად ვიქნები მათ შორის, ვინც ელოდება
21და როცა ადამიანებს ვაგემებინებთ წყალობას გასაჭირის შემდეგ, რომელიც მათ შეეხო, მაშინვე ისინი მზაკვრობენ ჩვენი აიათების წინააღმდეგ. უთხარი: ალლაჰი უფრო სწრაფია ხრიკებში. ჭეშმარიტად, ჩვენი მოციქულნი [ანგელოზები] იწერენ თქვენს ყველა ზრახვას.
22ის არის (ალლაჰი), ვინც გამგზავრებთ ხმელეთსა და ზღვაზე. ვიდრე არ აღმოჩნდებით ხომალდებში, რომლებიც სასიამოვნო ქარით მიაპობენ ტალღებს და ისინი ამით ხარობენ, მოევლინება მას მძვინვარე ქარიშხალი და ყოველი მხრიდან ტალღები მოადგებათ, და იფიქრებენ, რომ გარშემორტყმულნი არიან, მაშინ ისინი გულწრფელი რწმენით შეღაღადებენ ალლაჰს: თუკი გვიხსნი ამ განსაცდელისგან, უთუოდ, მადლიერთაგანი ვიქნებით!
23ხოლო როცა იხსნა ისინი, მაშინვე ისინი უსამართლოდ ბოროტმოქმედებენ დედამიწაზე. ჰეი, ხალხო! თქვენი უსამართლობა მხოლოდ თქვენსავე სულებს ვნებს. ამქვეყნიური ცხოვრება დროებითი სიამოვნებაა. შემდეგ ჩვენთანაა თქვენი დაბრუნება, და გაუწყებთ თქვენ, რასაც სჩადიოდით.
24ამქვეყნიური ცხოვრების მაგალითი იმ წყალს ჰგავს, რომელიც ჩვენ ზეციდან გარდმოვავლინეთ, რომლითაც აღმოცენდა მიწის მცენარეულობა, რომლითაც იკვებებიან ადამიანები და პირუტყვი. და როცა მიწა შეიმოსა თავისი სამკაულით და დამშვენდა, და მისმა მცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ ისინი არიან მისი მფლობელები, მოევლინა მას ჩვენი ბრძანება ღამით ან დღისით, და ჩვენ ის მომკულად [განადგურებულდ] ვაქციეთ, თითქოს გუშინ არც კი უხარებია. აი, ასე განვმარტავთ ჩვენ აიათებს იმ ხალხისთვის, რომელნიც ფიქრობენ.
25ღმერთი მოუხმობს მშვიდობის სამყოფელისკენ (სამოთხისაკენ) და დაადგენს, ვისაც ინებებს, სწორ გზაზე.
26ვინც გულწრფელნი იყვნენ (ალლაჰისადმი თაყვანისცემაში), მათთვის გამზადებულია საუკეთესო [სამოთხე] და დამატება [ალლაჰის სახის ხილვა]. და არ დაფარავს მათ სახეებს მტვერი და დამცირება (როგორც ეს მოხდება ჯოჯოხეთის ბინადართა შემთხვევაში). ისინი არიან სამოთხის ბინადარნი, სადაც ისინი იქნებიან სამუდამოდ
27ხოლო რომელთაც მოიხვეჭეს სიავენი [გახდნენ ურწმუნონი], სიავის საზღაური მისი მსგავსია და დაფარავს მათ დამცირება. არ ეყოლებათ მათ ალლაჰისგან დამცველი. თითქოსდა მათი სახეები დაფარულია ბნელი ღამის ნაწილებით. აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.
28მოუყევი მათ (ო, შუამავალო) იმ დღეზე, როცა ჩვენ შევკრებთ მათ ყველას [ყველა ქმნილებას] ანგარიშის და საზღაურისათვის. შემდეგ ვეტყვით მათ, რომელთაც დაუდგინეს თანაზიარი (ალლაჰს): დარჩით თქვენს ადგილას თქვენ და თქვენი თანამოზიარენი [ისინი, ვისაც თაყვანს სცემდით]! და ჩვენ გავყოფთ მათ [მრავალღმერთიანებს იმათგან, ვისაც ისინი თაყვანს სცემდნენ], ხოლო მათი თანამოზიარენი (კერპები)ეტყვიან: თქვენ ჩვენ არ გვცემდით თაყვანს (ამქვეყნიურ ცხოვრებაში)
29კმარა ალლაჰი მოწმედ ჩვენსა და თქვენს შორის, რომ ჩვენ უცოდინარნი ვიყავით [არ ვიცოდით] თქვენი თაყვანისცემის შესახებ.
30იქ [განკითხვის ადგილზე] ყოველი სული იხილავს და გამოცდის იმას, რაც მან წინასწარ მოიმოქმედა, და მას დაუბრუნდება საზღაური მისი საქმეების მიხედვით. ისინი დაბრუნდებიან ალლაჰთან თავიანთ ჭეშმარიტ მფარველთან, და გაუჩინარდება მათგან ყველაფერი, რაც მათ გამოიგონეს [ის ცრუ ღმერთები, რომელთა შუამდგომლობასაც ელოდნენ]
31უთხარი: ვინ გაძლევთ სარჩოს თქვენ ციდან და მიწიდან, ან ვინ ფლობს სმენასა და მხედველობას, და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრიდან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხლიდან, და ვინ განაგებს საქმეს? ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშინ უთხარი: ნუთუ არ შეგეშინდებათ?
32აი, ასეთია ალლაჰი თქვენი ჭეშმარიტი უფალი! მაშ, რა დარჩა ჭეშმარიტების შემდეგ, თუ არა გზააბნეულობა? როგორ აქცევთ ზურგს ჭეშმარიტებას (მას შემდეგ, რაც იგი გახდა ცნობილი თქვენთვის)?
33ასე გამართლდა შენი უფლის სიტყვა მათზე, ვინც ურჩობდა, რომ ისინი არ ირწმუნებენ.
34უთხარი: არის თუ არა თქვენს თანაზიარებს შორის [რომელსაც თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა] ისეთი, ვინც ქმნის პირველად [ქმნის არაფრიდან], შემდეგ კი აღადგენს მას [სიკვდილის შემდეგ]? უთხარი: ალლაჰია ის, ვინც იწყებს ქმნას [ქმნის არაფრიდან] და შემდეგ კვლავ აღადგენს მას თავისი ძლიერებით [თავისი ძალაუფლებით]. ნუთუ ამდენად შორდებით (ჭეშმარიტ გზას)
35თქვი: განა თქვენს თანაზიართა შორის არის ვინმე? ვინც უწინამძღვრებს ჭეშმარიტებისკენ? თქვი: ალლაჰი უწინამძღვრებს ჭეშმარიტებისკენ. ის, ვინც ჭეშმარიტებისკენ უწინმძღვრებს, უფრო ღირსია, რომ მას მისდიონ, თუ ის, ვინც თვითონ ვერ პოულობს ჭეშმარიტ გზას, თუ მას არ უწინამძღვრებენ? რა გემართებათ? როგორ განსჯით?
36და მათი უმრავლესობა მხოლოდ ვარაუდს მისდევს. ჭეშმარიტად, ვარაუდი ვერაფრით შეცვლის ჭეშმარიტებას. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც ისინი სჩადიან. მათგან უმეტესობა [ამ მრავალღმერთიანთაგან] მხოლოდ ვარაუდს მიჰყვება (როცა ფიქრობს, რომ მათი კერპები დაახლოებენ მათ ალლაჰთან). ჭეშმარიტად, ვარაუდი ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს, თუნდაც ნაწილობრივ. ნამდვილად, ალლაჰი უწყის ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ [მათი ურწმუნოება და გზააბნეულობა].
37ეს ყურანი ვერ იქნებოდა მოგონილი ვინმეს მიერ ალლაჰის გარდა. იგი გადმოიცა იმის დასამოწმებლად, რაც ადრე იყო გამოცხადებული [წიგნები, რომლებიც გაეგზავნათ წინა შუამავლებს], და როგორც წიგნის განმარტება [რწმენისა და შარიათის დებულებათა ნათელი ახსნა მუჰამმადის თემისთვის]. არ არის ეჭვი იმაში, რომ ის სამყაროთა უფლისგანაა.
38ან იქნებ ისინი ამბობენ: (მუჰამმადმა) თავად მოიგონა იგი [ყურანი]? უთხარი მათ (ო, მოციქულო): მაშ, მოიტანეთ ერთი სურა, მსგავსი მისი [ყურანისა], და მოუხმეთ ვისაც შეგიძლიათ, ალლაჰის გარდა, თუ მართალთაგანი ხართ! (თუ თქვენ ყველას ერთად არ შეგიძლიათ ერთი სურის შედგენა, მაშინ როგორ შეძლო მუჰამმადმა, უბრალო ადამიანმა, მთელი ყურანის მოგონება?)
39მაგრამ მათ [მრავალღმერთიანებმა] უარყვეს ის [ყურანი], რომლის ცოდნას ვერ ჩაწვდნენ [ვერ ჩაწვდნენ მის მნიშვნელობას და ვერ დაფიქრდნენ მასზე], და რომლის განმარტებაც [შეგონების შესრულება და აღსრულება] ჯერ არ მოსვლიათ. ზუსტად ასევე უარყვეს (გამოცხადება) მათამდე მცხოვრებმა თემებმაც. შეხედე თუ როგორი იყო უსამართლოთა დასასრული
40და მათ შორის არიან ისეთნი, რომელთაც სწამთ იგი, და მათ შორის არიან ისეთნიც, რომელთაც არ სწამთ იგი. და შენი ღმერთი ყველაზე უკეთ იცნობს ბოროტებისმქმნელთ.
41თუ ისინი [მრავალღმერთიანები] ცრუდ შეგრაცხავენ შენ (ო, შუამავალო), უთხარი მათ: მე მაქვს ჩემი საქმე [და ჩემი საზღაური ჩემი საქმეებისთვის], ხოლო თქვენ გაქვთ თქვენი საქმეები [და თქვენი საზღაური თქვენი ქმედებებისთვის]. თქვენ არ გაქვთ კავშირი იმასთან, რასაც მე ვაკეთებ, და მეც არ მაქვს კავშირი იმასთან, რასაც თქვენ აკეთებთ
42და მათ(მრავალღმერთიანებს) შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ შენ(ყურანის კითხვისას). განა შენ ყრუს გააგონებ, თუნდაც რომ ვერაფერს ხვდებოდნენ?
43და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შემოგცქერიან. მაგრამ განა შენ დაადგენ ბრმებს სწორ გზაზე, თუნდაც ისინი ვერ ხედავდნენ?!
44ჭეშმარიტად, ალლაჰი უსამართლოდ არ მოეპყრობა ხალხს არაფერში , არამედ ხალხი თვითონ ეპყრობა საკუთარ თავს უსამართლოდ.
45და იმ დღეს [სასჯელის დღეს], როცა ალლაჰი შეკრებს მათ [მრავალღმერთიანებს], მათ მოეჩვენებათ, თითქოს და ერთი საათი გაუტარებიათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, და ისინი ერთმანეთს იცნობენ (ისე, როგორც იცნობდნენ მიწიერ ცხოვრებაში). ჭეშმარიტად, ზარალი ნახეს მათ, ვინც ალლაჰთან შეხვედრა სიცრუედ ჩათვალა [ვინც არ ირწმუნა აღდგომისა და განსჯის დღე], ისინი არ იყვნენ სწორ გზაზე მავალნი
46(როგორიც არ უნდა იყოს,) ჩვენ გიჩვენებთ შენ (ო, მოციქულო) იმ სასჯელთაგან ნაწილს, რასაც ვპირდებით მათ [მრავალღმერთიანებს], ანდა მოგაკვდინებთ შენ (სანამ ამას იხილავ), როგორც არ უნდა მოხდეს, მათი დაბრუნება ჩვენთან იქნება (განკითხვის დღეს). შემდეგ ალლაჰი იქნება მოწმე იმისა, რასაც ისინი აკეთებდნენ
47ყოველ თემს (რომელიც თქვენამდე იყო, ო ხალხნო) ჰყავდა თავისი მოციქული. და როცა მოვა მათი მოციქული (განკითხვის დღეს) [თითოეული თემი მოვა თავისი მოციქულით, საქმეების წიგნით და ანგელოზ-მწერლებით, რომლებიც იქნებიან მოწმეები მათთვის], მაშინ მათ შორის განაჩენი გამოიტანება სამართლიანად, და ისინი არ დაიჩაგრებიან [არავინ დაისჯება უმიზეზოდ]
48და ისინი ამბობენ [შენს ხალხთაგან მრავალღმერთიანნი]: როდის შესრულდება ეს დაპირება [განკითხვის დღე], თუ თქვენ (ო, მუჰამმად და თქვენი მიმდევრები) მართალს ამბობთ?
49უთხარი მათ (ო, მოციქულო): მე არ ვფლობ ძალას ჩემი თავისთვის არც ზიანზე და არც სარგებელზე გარდა იმისა, რასაც ალლაჰი ესურვებს. [მე არ შემიძლია თავიდან ავიცილო ზიანი ან მოვიპოვო სარგებელი, თუ ამას ალლაჰი არ ინებებს.] ყოველ თემს აქვს თავისი ვადა [დრო, რომელიც ალლაჰმა განუსაზღვრა]. როცა დადგება მათი ვადა, ისინი ვერ შეაყოვნებენ მას ერთ წამსაც კი და ვერ დააჩქარებენ მის მოსვლას ერთი წამითაც
50უთხარი (ო, შუამავალო) ამ [მრავალღმერთიანებს]: როგორ ფიქრობთ, თუ მისი სასჯელი მოგევლინებათ ღამით ან დღისით, რის დაჩქარებას ითხოვენ მისგან( სასჯელისგან) დამნაშავენი [მრავალღმერთიანნი]?
51ნუთუ მაშინ, როცა სასჯელი დაგატყდებათ (ო, მრავალღმერთიანებო), ირწმუნებთ მას [სასჯელს]? (მათ ეთქმებათ): ახლა ირწმუნეთ, მაშინ როცა მანამდე თვითონვე აჩქარებდით მის მოსვლას [სასჯელს ითხოვდით]?
52შემდეგ ეთქმებათ მათ, ვინც უსამართლოდ მოიქცა (საკუთარი თავის მიმართ) თავისი ურწმუნოებით: იგემეთ მარადიულობის სასჯელი! განა გეზღვებათ რამე სხვა, გარდა იმისა, რასაც თავად მოიმოქმედეთ? [თქვენ გეზღვებათ მხოლოდ თქვენი ურწმუნოებისთვის.]
53ისინი [მრავალღმერთიანები] გეკითხებიან შენ (ო, შუამავალო): მართალია ეს [სასჯელი]? უთხარი მათ (ო, მოციქულო): დიახ, ვფიცავ ჩემს უფალს, ეს უეჭველად ჭეშმარიტებაა! და თქვენ ვერასოდეს ვერ დაამარცხებთ ალლაჰს [ვერ დაძვრებით აღდგომისგან, განკითხვისა და საზღაურისგან].
54და რომ თითოეულ სულს, რომელმაც ჩაიდინა უსამართლობა [მრავალღმერთიანობა და ურწმუნოება], ქონოდა ყველაფერი, რაც დედამიწაზეა, იგი უეჭველად მოინდომებდა ამით გამოსყიდვას (ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვისგან) განკითხვის დღეს. მაგრამ როცა დაინახავენ სასჯელს, დამალავენ თავიანთ სინანულს. და მათ შორის გამოიტანება განაჩენი სამართლიანად, და ისინი არ დაიჩაგრებიან [ვერავინ დაისჯება უმიზეზოდ]
55დიახ! ჭეშმარიტად, ალლაჰს მარტო მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და მიწაზეა! ჭეშმარიტად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა (აღთქმა შეხვედრისა მასთან და მრავალღმერთიანთა დასჯისა), მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყის!
56ის აცოცხლებს და აკვდინებს და მასთან იქნებით დაბრუნებულნი
57ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მოგივიდათ თქვენ შეგონება თქვენი ღმერთისგან და განკურნება იმისა, რაც მკერდშია, და სწორ გზად და წყალობად მორწმუნეთათვის.
58უთხარი (ო, შუამავალო) (ყველა ხალხს): ალლაჰის სიკეთითა [ყურანის გამოგზავნით] და მისი მოწყალებით [ისლამის მინიჭებით] ამით უხაროდეთ მათ! ეს [ყურანი და ისლამი] უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ [ამქვეყნიურ სიმდიდრეზე].
59უთხარი: რას იტყვით იმ სარჩოზე, რომელიც ალლაჰმა გიბოძათ, და თქვენ მისი ნაწილი აკრძალულად შერაცხეთ, ნაწილი კი ნებადართულად? უთხარი: ალლაჰმა დაგრთოთ ნება, თუ ალლაჰს ცილს სწამებთ?
60და რას ფიქრობენ ისინი, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ, განკითხვის დღეს? ჭეშმარიტად, ალლაჰი არის უხვი წყალობის მფლობელი [ნეტარების მომნიჭებელი] ადამიანების მიმართ [ის არ ჩქარობს დასაჯოს ისინი, ვინც მის წინააღმდეგ სიცრუეს იგონებს], მაგრამ მათი უმრავლესობა არ არის მადლიერი [რაც მან მათ უბოძა, და ხდებიან ურწმუნონი].
61და რომელ საქმეში არ უნდა იყო (ო, შუამავალო), ან რაც არ უნდა წაიკითხო მისგან [ალლაჰისგან] გადმოცემული ყურანიდან, და რაც არ უნდა აკეთოთ თქვენ (ო, ადამიანებო), ჩვენ ვიქნებით მოწმეები თქვენთვის, როცა ამ საქმეში ხართ ჩართულნი. და შენი უფლისგან ვერ დაიმალება ვერც მტვრის წონად მცირე რამ რაც მიწაზეა და რაც ცაში, და რაც იმაზე პატარაა და რაც იმაზე დიდი, რადგან ეს ყოველივე უკვე ჩაწერილია ცხად წიგნში [დაცულ დაფაზე]
62დიახ! [იცოდეთ, ხალხო, რომ] ჭეშმარიტად, ალლაჰის მეგობრებს არ დაეუფლებათ შიში (განკითხვის დღეს, როცა ალლაჰი დასჯის ურწმუნოებს), და ისინი არ დამწუხრდებიან (იმაზე, რაც ამქვეყნად დაკარგეს)
63რომელთაც ირწმუნეს და იყვნენ ალლაჰის მოშიშნი (ასრულებდნენ მის ბრძანებებს და შორს იჭერდნენ თავს იმისგან, რაც მან აკრძალა)
64მათთვის არის სასიხარულო ამბავი (ალლაჰისგან) ამქვეყნიურ ცხოვრებაში [მართალ სიზმრად, კეთილ ცნობად და შემწეობად] და მარადიულ ცხოვრებაში [ცნობად იმისა, რომ ისინი სამოთხის ბინადარნი არიან]. ალლაჰის სიტყვებს ცვლილება არ აქვს [ის არ არღვევს და არ ცვლის თავის აღთქმას]. ეს არის დიდი წარმატება!
65ნუ დაგწუხებს მათი [მრავალღმერთიანთა] სიტყვა (ო, შუამავალო) [სიცრუე, რომელსაც ისინი ალლაჰზე იგონებენ]. ჭეშმარიტად, ყველა დიდება ეკუთვნის ალლაჰს, ის არის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე
66იცოდეთ, რომ ალლაჰისაა ყოველი, რაც ცათა შინაა და ქვეყანაზე ზედა. ისინი, რომელნიც ალლაჰის გარდა სხვა თანაზიართ მოუხმობენ, არ მისდევენ მათ. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და ისინი მხოლოდ ცრუობენ.
67ის არის, რომელმაც დაგიდგინათ ღამე, რათა მასში დაისვენოთ, და დღე ნათელი. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ხალხისთვის, რომელნიც ისმენენ.
68ისინი [მრავალღმერთიანები] ამბობენ: „ალლაჰმა შვილი აიყვანა. ის დიდებულია და წმინდაა ყოველგვარი ნაკლისგან! ის თვითკმარია და არაფერში სჭირდება! მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და მიწაზეა. [რისთვის უნდა შვილი მას, როცა ყველაფერი ისედაც მას ეკუთვნის?] თქვენ არ გაქვთ ამაზე არანაირი მტკიცებულება! ნუთუ ალლაჰზე ამბობთ იმას, რაც არ იცით?
69თქვი: ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ, ვერ იქნებიან წარმატებულნი
70(ნუ ეგონებათ, რომ ისარგებლებენ თავიანთი ურწმუნოებით) ეს იქნება მხოლოდ დროებით ამქვეყნიურ ცხოვრებაში შემდეგ ისინი დაბრუნდებიან ჩვენთან (ანგარიშისა და საზღაურისათვის), ჩვენ ვაგემებინებთ მათ მძიმე სასჯელს იმის გამო, რაც ამქვეყნად ურწმუნოება ჩაიდინეს.
71და წაუკითხე მათ ამბავი ნოესი, როცა უთხრა თავის ხალხს: „ჰეი, ჩემო ხალხო! თუ თქვენთვის მძიმეა ჩემი აქ დგომა და ჩემი შეხსენება ალლაჰის აიათებისა, მე ალლაჰს ვარ მინდობილი. გააერთიანეთ თქვენი საქმე [შეიკრიბეთ ერთად] და მოიხმეთ თქვენი თანამონაწილეები [თქვენი ღმერთები], შემდეგ ნუ დაფარავთ თქვენს განზრახვას ჩემთან დაკავშირებით [იმოქმედეთ ღიად], შემდეგ კი გადაწყვიტეთ ჩემს წინააღმდეგ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, და ნუ მომცემთ გადადებას (არც ერთი წამით)
72ხოლო თუ ზურგს აქცევთ, მე თქვენგან არანაირი საზღაური არ მითხოვია. ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰზეა და მე ნაბრძანები მაქვს, რომ ვიყო მუსლიმთაგან(მისდამი მორჩილთაგან).
73მაგრამ მათ ის მატყუარად შერაცხეს, და ჩვენ გადავარჩინეთ ის და ვინც მასთან ერთად იყო კიდობანში, და ისინი დავადგინეთ მემკვიდრეებად, და დავახრჩვეთ ისინი, რომელთაც უარყვეს ჩვენი სასწაულები, როგორი იყო დასასრული [რა სასჯელი დაეწიათ] მათ, ვინც შეგონებულნი იყვნენ [რომელნიც ალლაჰის სასჯელის შესახებ გააფრთხილეს]
74მერე მის შემდგომ წარვგზავნეთ შუამავლები თავიანთ ხალხთან და მიუტანეს მათ ცხადი სასწაულები, მაგრამ მათ არ ირწმუნეს ის, რაც უარყვეს მანამდე. ასე დავბეჭდავთ გულებს ზღვარგადასულთა
75მათ შემდეგ [წინა შუამავლების შემდეგ] გავუგზავნეთ მუსა და ჰარუნი ფარაონს და მის მთავრებს ჩვენი სასწაულებით, მაგრამ მათ [ფარაონმა და მისმა ამალამ] ამპარტავნობა გამოავლინეს სიმართლის წინაშე და აღმოჩნდნენ ბოროტმოქმედ ხალხად [ურწმუნო მრავალღმერთიანებად].
76ხოლო როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება ჩვენგან, თქვეს: უთუოდ, ეს ცხადი ჯადოქრობაა!
77მუსამ უთხრა მათ (გაოცებულმა მათი სიტყვებით): ნუთუ ასე ამბობთ სიმართლეზე, როცა ის უკვე მოვიდა თქვენთან? ნუთუ ეს ჯადოქრობაა? ხოლო ჯადოქრები ვერ იქნებიან წარმატებულნი (არც ამქვეყნად და არც მარადიულ ცხოვრებაში)
78მათ თქვეს: განა იმისთვის მოხვედი, რომ გზიდან აგვაცდინო იმისგან, რაზეც ჩვენი მამები ვიპოვეთ, და რომ თქვენ ორს გქონდეთ სიდიადე ამ ქვეყანაზე? ჩვენ არ გიწამებთ თქვენ!
79და უთხრა ფარაონმა: მომიყვანეთ ყოველი მცოდნე ჯადოქარი!
80როცა მოვიდნენ ჯადოქრები, უთხრა მათ მუსამ: გადააგდეთ ის, რის გადაგდებასაც აპირებთ [თქვენი თოკები და კვერთხები]
81როცა მათ გადმოყარეს, მუსამ თქვა: ის, რაც თქვენ მოიტანეთ, ჯადოქრობაა. უეჭველად, ალლაჰი მას გააბათილებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ გამოასწორებს არეულობის მთესველთა საქმეებს.
82და ალაჰი ამკვიდრებს ჭეშმარიტებას თავისი სიტყვებით, თუნდაც სძულდეთ ეს ბოროტმოქმედებს.
83მუსასი არ ირწმუნეს გარდა მცირედი შთამომავლებისა (ახალგაზრდებისა) მისივე ხალხიდან, ფარაონისა და მისი ამალის შიშით, რომ არ დაესაჯათ ისინი [და ამით არ გადაეხვიათ რწმენისგან]. ჭეშმარიტად, ფარაონი იყო ამპარტავანი დედამიწაზე და ნამდვილად იყო საზღვრებს გადასული [რომელთაც გადალახეს ყოველი ზღვარი ურწმუნოებაში და ძალადობაში].
84და თქვა მუსამ: ჰეი, ჩემო ხალხო! თუ თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, მაშინ მას მიენდეთ, თუ თქვენ ხართ მუსლიმები.
85და თქვეს: ალლაჰს მივენდეთ. უფალო ჩვენო! ნუ გვაქცევ საცდურად უსამართლო ხალხისთვის.
86და გვიხსენი შენი წყალობით ურწმუნო ხალხისგან
87და შთავაგონეთ მუსასა და მის ძმას: აირჩიეთ თქვენი ხალხისთვის საცხოვრებლები ეგვიპტეში და თქვენი სახლები გახადეთ სალოცავ მიმართულებად [ლოცულობდეთ თქვენს სახლებში]. შეასრულეთ (სავალდებულო) ლოცვა დროულად და ახარე, ო მუსა, მორწმუნენი [ახარე მათ ალლაჰის შემწეობისა და დიდი საზღაურის ამბავი მათი მტრების წინააღმდეგ].
88და თქვა მუსამ: ღმერთო ჩვენო! შენ მიეცი ფარაონსა და მის დიდებულებს მორთულობა და ქონება ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ღმერთო ჩვენო, რათა მათ [ადამიანები] ააცდინონ შენს გზას. ღმერთო ჩვენო! გაანადგურე მათი ქონება და გაუქვავე გულები, რათა არ ირწმუნონ, სანამ არ იხილავენ მწარე ტანჯვას.
89(დიდებულმა ალლაჰმა) თქვა: შესმენილ იქნა თქვენი ვედრება! მაშ, მტკიცედ იდექით და არ გაჰყვეთ გზას იმათისას, რომელთაც არ იციან!
90და გადავიყვანეთ ისრაელის ძენი ზღვაზე, და დაედევნა მათ ფარაონი და მისი ლაშქარი უსამართლოდ და მტრულად. ვიდრე, როცა დახრჩობამ მოუსწრო, თქვა: ვირწმუნე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა იმისა, რომელიც ირწმუნეს ისრაელის ძეთა, და მე ვარ მუსლიმთაგანი(ალლაჰის მორჩილთაგანი).
91ახლა?!(როცა სიკვდილი დაგეწია) არადა მანამდე ურჩობდი და იყავი ერთ-ერთი ბოროტებისმქმნელთაგანი
92დღეს ჩვენ გადაგარჩენთ შენი სხეულით, რათა იყო სასწაული მათთვის, ვინც შენს შემდეგ მოვა. და ჭეშმარიტად, ადამიანთაგან მრავალი ჩვენს სასწაულებს უგულებელყოფს.
93[და აი, ფარაონის დაღუპვის შემდეგ], ჩვენ დავასახლეთ ისრაილის შთამომავლობა ჭეშმარიტების სამყოფელში [შამსა და ეგვიპტეში] და მოვანიჭეთ მათ სიკეთენი [ნებადართული საზრდო და ბარაქიანი მიწის ნეტარი ფუფუნება]. და ისინი [იუდეველები, რომლებიც ცხოვრობდნენ მუჰამმადის დროს] არ აზრთასხვაობდნენ, სანამ მათთან არ მოვიდა ცოდნა [ყურანი და ნათელი დადასტურება იმისა, რომ მუჰამმადი ჭეშმარიტად არის ალლაჰის მოციქული]. ჭეშმარიტად, შენი უფალი განსჯის მათ აღდგომის დღეს იმაში, რაშიც ისინი აზრთასხვაობენ [ურწმუნოებს შეიყვანს ცეცხლში, ხოლო მორწმუნეებს სამოთხეში]
94და თუ ეჭვი გეპარება იმაში, რაც შენ ზეგარდმოგივლინეთ, მაშინ ჰკითხე მათ, რომლებიც შენამდე წიგნს კითხულობდნენ. უეჭველად, შენთან მოვიდა ჭეშმარიტება შენი ღმერთისაგან და ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი
95და ნუ იქნები (ო, შუამავალო) იმათგანი, რომელთაც ალლაჰის სასწაულები ცრუდ შერაცხეს, თორემ წაგებულთაგან იქნები.
96ჭეშმარიტად, ისინი, რომელთა მიმართაც შენი უფლის სიტყვა გამართლდა, არ ირწმუნებენ
97თუნდაც ყველა აიათი(სასწაული, ან ყურანის აიათი) მოევლინოს მათ, სანამ მწარე სასჯელს არ იხილავენ.
98არ ყოფილა არც ერთი სოფელი, რომელმაც ირწმუნა და სარგებელი ეპოვა თავისი რწმენისგან, გარდა იუნუსის ხალხისა? როცა მათ ირწმუნეს, ჩვენ ავაცილეთ მათ დამამცირებელი სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და ვუბოძეთ მათ დროებითი სიამე.
99და რომ ენება შენს ღმერთს, ირწმუნებდა ყველა, ვინც ქვეყანაზეა, ერთიანად. ნუთუ შენ აიძულებ ხალხს, რომ გახდნენ მორწმუნენი?
100ვერც ერთი ადამიანი ვერ ირწმუნებს ალლაჰის ნების (და შემწეობის) გარეშე. და იგი დააწესებს სასჯელს მათზე, რომლებიც არ იაზრებენ (მის ბრძანებებსა და აკრძალვებს)
101უთხარი (ო, შუამავალო): შეხედეთ (დააკვირდით), რა არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. მაგრამ სასწაულები და შეგონება ვერაფერს არგებს იმ ხალხს, რომელთაც არ ირწმუნეს
102ნუთუ ისინი სხვას რამეს ელიან, გარდა იმ დღეებისა, რომლებიც მათზე ადრე მცხოვრებთ ხვდათ წილად? უთხარი:მაშ, დაე, დაელოდეთ (როცა თქვენზე ალლაჰის სასჯელი მოვა), და მეც ვიქნები თქვენთან ერთად მომლოდინეთაგანი
103შემდეგ ჩვენ ვიხსნით ჩვენს შუამავლებს და მათ, რომელთაც ირწმუნეს. ასევე, ვალდებულებაა ჩვენზე მორწმუნეთა ხსნა.
104თქვი: ჰეი, ხალხო, თუ ჩემს სარწმუნოებაში ეჭვი გეპარებათ, მე არ ვცემ თაყვანს იმათ, ვისაც თქვენ ალლაჰის ნაცვლად ეთაყვანებით, არამედ თაყვანს ვცემ ალლაჰს, რომელიც მოგაკვდინებთ. და მე მებრძანა, რომ ვიყო მორწმუნეთაგანი.
105მოაპყარი შენი სახე (მხოლოდ) ჭეშმარიტ სარწმუნოებას [დაიცავი მხოლოდ იგი], იყავი ჰანიფი [ერთღმერთიანი] და არ იყო (არასოდეს) მრავალღმერთიანნთაგანი
106და არ მოუხმო ალლაჰის გარდა იმას, რაც ვერც სარგებელს მოგიტანს და ვერც ზიანს მოგაყენებს. ხოლო თუ ასე მოიქცევი(თუ მოუხმობ სხვებს), მაშინ უსათუოდ უსამართლოთაგანი იქნები [მრავალღმერთიანთაგანი].
107და თუ ალლაჰი შეგეხება შენ (ო, ადამიანო) რაიმე ზიანით, მაშინ არავინაა მისი მომშორებელი, გარდა თავად მისი. და თუ ისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ უკუაგდებს მის წყალობას. ის უბოძებს მას თავის მონათაგან იმას, ვისაც ინებებს. და ის მპატიებელი, შემწყალებელია.
108უთხარი: ჰეი ადამიანებო! თქვენთან მოვიდა ჭეშმარიტება (ყურანი) თქვენი ღმერთისაგან. და ვინც სწორ გზას დაადგება, თავის სასარგებლოდ დაადგება, და ვინც გზას ასცდება, მხოლოდ თავის საზიანოდ ასცდება. და მე არა ვარ თქვენი ზედამხედველი(არ ვიწერ თქვენს ქმედებებს რათა პასუხი გაგებინოთ)
109და მიჰყევი იმას, რაც შენ გეცხადება და მოითმინე, სანამ ალლაჰი არ განსჯის. და ის საუკეთესოა მსაჯულთაგან.