الأنفال
The Spoils of War • 75 ayahs • Medinan
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَٰنِ ٱلرَّحِيمِ
1გეკითხებიან შენ ალაფის შესახებ,[1] უთხარი: ალლაჰი ალლაჰის და მისი შუამავლისაა.[2] მაშ რიდი გქონდეთ ალლაჰის და გამოასწორეთ თქვენს შორის არსებული უთანხმოებები, დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი.[3]
2ჭეშმარიტად, (ნამდვილი) მორწმუნეები ისინი არიან, რომლებსაც ალლაჰის ხსენებაზე გულები უთრთით, ხოლო როდესაც მის აიათებს უკითხავენ რწმენა ემატებათ და თავიანთ ღმერთს მიენდობიან,
3რომლებიც ნამაზს აღასრულებენ და გაიღებენ[1] იმას, რაც ვუწყალობეთ საზრდოდ,
4სწორედ ეგენი არიან ნამდვილი მორწმუნეები, მათთვისაა სხვადასხვა ხარისხის საფეხურები თავიანთი ღმერთის წინაშე ასევე არის უსაზღვრო პატიება და უხვი სარჩო.
5ისევე როგორც[1] შენმა ღმერთმა სიმართლით გამოგიყვანა შენი სახლიდან[2] და მორწმუნეთა ნაწილს ეს მართლაც არ მოსწონდა.
6გეკამათებიან იმ ჭეშმარიტების შესახებ რაც უკვე გაცხადდა,[1] თითქოს სიკვდილზე მიერეკებიან და თვითონ ამას უყურებენ.
7აკი ალლაჰი გპირდებოდათ, რომ ორი რაზმიდან ერთ-ერთი თქვენი იქნებოდა[1] და თქვენ გინდოდათ რომ შეუიარაღებელი[2] ყოფილიყო თქვენი, თუმცა ალლაჰს თავისი სიტყვებით[3] ჭეშმარიტების აღსრულება და ურწმუნოთა უკანასკნელამდე ამოძირკვა უნდოდა.
8რათა აღსრულდეს ჭეშმარიტება და დასრულდეს სიცრუე, თუნდაც რომ ცოდვილებს არ მოსწონდეთ.
9აკი (ბედირში) დახმარებას ევედრებოდით თქვენს ღმერთს[1] და მან გიპასუხათ, რომ მე ვარ თქვენი დამხმარე ერთმანეთზე მიყოლებული ათასი ანგელოზითო.[2]
10ალლაჰს ეს (შეწევნა) სხვა არაფრისთვი დაუდგენია თუ არა ხარებად, ასევე რომ დაჯერებული მისით თქვენი გულები. არ არსებობს დახმარება გარდა ალლაჰის მხრიდან. ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია ბრძენია.
11აკი მისი წიაღიდან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ[1] და ზეციდან თქვენზე წყალს ავლენდა, რათა განეწმინდეთ მისით, სატანისეული სიბინძურე[2] ჩამოეცილებინა თქვენგან და გაემყარებინა თქვენი გულები, ასევე მისით (თქვენთვის) ფეხები რომ განემტკიცებინა.[3]
12აკი შენი ღმერთი შთააგონებდა ანგელოზებს, რომ მე თქვენთან ვარ, მაშ განამტკიცეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს, მე შიშს ჩავუნერგავ გულებში იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, მაშ დაჰკარით კისრებზე და ურტყით თითის წვერებზეო.
13ეს ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ მათ ეურჩნენ ალლაჰსა და მის შუამავალს. ხოლო ვინც ეურჩოს ალლაჰსა და მის შუამავალს, უეჭველად ალლაჰიşმკაცრსასჯელიანია.
14ამგვარია თქვენი სასჯელი,[1] მაშ იგემეთ იგი და იცოდეთ რომ ურწმუნოებს ცეცხლის სასჯელი ელით.[2]
15ჰეი თქვენ მორწმუნეებო! როცა შეხვდებით მწყობრად მოსულ რაზმს, რომელთაც არ ირწმუნეს, მათ ზურგი არ აქციოთ![1]
16ვინც ასეთ დღეს მათ ზურგს შეაქცევს – გარდა საბრძოლო ტაქტიკის შემცვლელის[1] ან სხვა რაზმთან შესაერთებლად წამსვლელისა[2] – მან ალლაჰის რისხვა მართლაც დაიმსახურა და ჯოჯოხეთია მისი სამყოფელი, რა ცუდი სამყოფელია მათი საბოლოო მისაქციელი.
17თქვენ არ ხოცავდით მათ, არამედ ალლაჰმა დახოცა ისინი[1] და არც შენ არ გისვრია (შუამავალო), როცა ისვროდი,[2] არამედ ალლაჰმა ესროლა, რათა გამოეცადა მორწმუნეები კარგი გამოცდით.[3] ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
18ასეა რადგანაც ალლაჰი უეჭველად ამაოდ მქმნელია ურწმუნოთა ხრიკების.
19თუ გამარჯვებას ითხოვთ, თქვენთან მართლაც მოვიდა გამარჯვება,[1] თუკი მოეშვებით ეგ უკეთესია თქვენთვის,[2] ხოლო თუ დაბრუნდებით ჩვენც დავბრუნდებით[3] და ვერსა გარგებთ თქვენი რაზმი თუნდაც რომ იყოს მრავალრიცხოვანი. ჭეშმარიტად ალლაჰი მორწმუნეებთან ერთადაა.[4]
20ჰეი თქვენ მორწმუნეებო! დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს და პირი არ იბრუნოთ მისგან, როცა თქვენ ისმენთ![1]
21და ნუ იქნებით იმათ მსგავსი, ვინც თქვეს გვესმისო, თუმცა მათ არ შეისმინეს.
22უეჭველად, ალლაჰის წინაშე სულიერთა შორის ყველაზე საძრახისნი არიან ყრუნი[1] და მუნჯნი,[2] რომლებიც ვერ აზროვნებენ.
23ალლაჰს მათში მცირედი ხეირის ნატამალიც რომ ენახა, აუცილებლად შეასმენდა, მაგრამ ისინი მაინც პირს იბრუნებდნენ და იქნებოდნენ ზურგშექცეულნი.
24ჰეი თქვენ მორწმუნეებო! მორჩილებით უპასუხეთ ალლაჰსა და შუამავალს, როდესაც მოგიწოდებთ იმისკენ, რაც თქვენ სიცოცხლეს განიჭებთ![1] ასევე იცოდეთ, რომ ალლაჰი შედის კაცსა და მის გულს შორის[2] და იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი.
25გეშინოდეთ განსაცდელისა, რომელიც მხოლოდ იმათ არ შეეხებათ, რომელი თქვენგანიც უსამართლოდ მოიქცნენ,[1] ასევე იცოდეთ, რომ ალლაჰი მკაცრსასჯელიანია.
26მაშ გაიხსენეთ როცა ქვეყნად (მექქაში) იყავით ცოტანი და ჩაგრულნი, გეშინოდათ რომ (ურწმუნო) ხალხის ხელში არ ჩავარდნილიყავით, (ასეთ დროს) მან შეგიფარათ (მედინაში) და მისი დახმარებით ზურგი გაგიმაგრათ (ბედირში), ასევე სხვადასხვა სიკეთეები გიწყალობათ, იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით.
27ჰეი თქვენ მორწმუნეებო! შეგნებულად არ უღალატოთ ალლაჰს და შუამავალს და არც თქვენდამი მონდობილ ანაბარს![1]
28და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და შვილები საცდურია,[1] ასევე იცოდეთ, რომ ალლაჰის წინაშეა უდიდესი ჯილდო![2]
29ჰეი თქვენ მორწმუნეებო! თუკი ალლაჰის რიდი გექნებათ, ჭემარიტებისა და მცდარის განმასხვავებელი ნიჭით დაგაჯილდოვებთ, დაგიფარავს თქვენს უკეთურობებს და მოგიტევებთ თქვენ. ალლაჰია მფლობელი უდიდესი წყალობისა.
30აკი მზაკვრულად მახეს გიგებდნენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ შეებოჭე ან მოეკალი ან გაეძევებინე (მექქადან). მახეს აგებდნენ ისინი, ასევე მახეს აგებდა ალლაჰიც და ალლაჰი ყველაზე კარგი მახის დამგებია.[1]
31და როდესაც მათ უკითხავენ ჩვენს აიათებს, ისინი ამბობენ: (მსგავსი) ადრეც მოგვისმენია, რომ მოგვენდომებინა უთუოდ შევთხზავდით ამის მსგავსს. ეს ხომ მხოლოდ წინაპართა ლეგენდებია.
32აკი ამბობდნენ: ღმერთო, ეს[1] თუ შენგან მოვლინებული ჭეშმარიტებაა, მაშინ ზეციდან თავზე ქვები გვაწვიმე ან მოგვივლინე მწარე სასჯელი.
33და არ იქნება ალლაჰმა დასაჯოს ისინი,[1] როცა შენ იმყოფები მათ შორის, ასევე არ იქნება ალლაჰი მათი დამსჯელი, როდესაც ისინი პატიებას ითხოვენ.
34და რატომ არ უნდა დასაჯოს[1] ალლაჰმა ისინი, როდესაც მესჯიდ ალ-ჰარამისგან[2] აბრკოლებენ (მორწმუნეებს), მიუხედავად იმისა, რომ არ არიან მეურვენი? ჭეშმარიტად, მისი მეურვენი მხოლოდ ღვთისმოშიშები არიან, თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის.
35მათი ლოცვა-ვედრება სხვა სტვენის და ტაშისცემის მეტი არაფერი იყო,[1] მაშ იგემეთ იმის სასჯელი, რასაც რასაც უარყოფდით.
36უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს, თავიანთ ქონებას ხარჯავენ, რათA (ხალხი) ალლაჰის გზისგან დააბრკოლონ და დახარჯავენ კიდეც. შემდეგ (ასეთი დანახარჯები) სინანულად ექცევათ, ბოლოს კი დამარცხდებიან და რომელთაც არ ირწმუნეს ჯოჯოხეთში იქნებიან შეკრებილნი.
37რათა ალლაჰმა უწმინდური გამოარჩიოს სპეტაკისგან, შემდეგ უწმინდურები ერთმანეთზე დააწყოს და ამგვარად ყველა ერთად ჯოჯოხეთში შეჰყაროს. სწორედ ეგენი არიან წაგებულნი.
38უთხარი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ თუ დასრულებენ[1] ეპატიებათ ის, რაც უკვე იყო წარსულში, ხოლო თუ ისევ დაუბრუნდებიან მაშინ იგივე მოელით, რაც მათ უწინ მყოფებს დაემართათ.
39მაშ ეომეთ მათ, ვიდრე აღარ იქნება განსაცდელი[1] და რჯული მთლიანად ალლაჰის არ იქნება.[2] ხოლო თუ დაასრულებენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც ისინი აკეთებენ.
40ხოლო თუ პირი იბრუნეს,[1] იცოდეთ რომ ალლაჰია თქვენი მფარველი. ის რა კარგი მფარველი და რა კარგი დამხმარეა.
41და იცოდეთ, (მორწმუნენო) რომ თუ ალლაჰის გზაზე ბრძოლისას რამეს ხელში ჩაიგდებთ (როგორც ნადავლს), მაშინ მასში ერთი მეხუთედი ეკუთვნის ალლაჰს [ანუ იხარჯება ისლამის საერთო საქმისთვის] და მოციქულს ﷺ [მოციქული მუჰამმადი ﷺ იღებდა ამ ნაწილს საკუთარი საჭიროებებისა და თავისი მეუღლეების წლიური უზრუნველყოფისთვის], და მოციქულის ნათესავებს [ბანუ ჰაშიმისა და ბანუ ალ-მუტტალიბის ტომებს, რადგან ალლაჰმა მათ აუკრძალა ზაქათის აღება, ამიტომ ამ ნაწილით აუნაზღაურდებოდათ], და ახლობლებს, ღარიბებსა და გაჭირვებულებს (მუსლიმებს შორის), და მგზავრს, (რომელსაც დაელია საშუალება თავისი გზის გასაგრძელებლად). თუ თქვენ გწამთ ალლაჰის და იმისა, რაც ჩვენ გარდმოვუვლინეთ ჩვენს მონას (მუჰამმადს ﷺ) განგსხვავების დღეს იმ დღეს, როცა ერთმანეთს შეხვდნენ ორი ლაშქარი (მორწმუნეთა და მრავალღმერთიანთა), [ანუ ბადრის ბრძოლის დღეს]. ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალა შესწევს ყოველივეზე (იგი ყოვლისშემძლეა)
42(და გაიხსენეთ) როგორ იყავით [განლაგებული] ხეობის ახლო მხარეზე (მედინასთან), ხოლო ისინი [თქვენი მტრები] შორეულ მხარეზე, და (სავაჭრო) ქარავანი (იმყოფებოდა) თქვენს ქვემოთ (წითელი ზღვის ნაპირის მხარეზე). და რომც თქვენ წინასწარ შეთანხმებულიყავით (მრავალღმერთიანებთან) [ბრძოლის დროისა და ადგილის დანიშვნაზე], თქვენ (ო, მორწმუნენო) უდავოდ გაიფანტებოდით (რადგან თქვენ ცოტანი იყავით, ხოლო ისინი მრავალნი). მაგრამ (ისე მოხდა, რომ ალლაჰმა შეგკრიბათ წინასწარი შეთანხმების გარეშე) იმისათვის, რომ ალლაჰს აღესრულებინა საქმე, რომელიც იყო განსაზღვრული [უკვე წინასწარ] (და ეს არის მორწმუნეთა გამარჯვება ალლაჰის მომხრეების გამარჯვება და მისი მტრების სირცხვილით სიკვდილითა და ტყვეობით). (და ყველაფერი ეს მოხდა იმისთვის,) რათა დაღუპულიყო (ურწმუნოებაში) ის, ვინც უნდა დაღუპულიყო (მათგან) რომელიც [ცხადად აცნობიერებდა, რომ იმაზე, რაზედაც მრავალღმერთიანები არიან ურწმუნოებაა, ტყუილი და გზააბნეულობაა] (და მას აღარ ექნება გამართლება), ხოლო ეცოცხლებინა (რწმენით) ის, რომელიც იცოცხლებდა [ცხადად აცნობიერებდა, რომ ალლაჰი ჭეშმარიტებაა, ისლამი ჭეშმარიტებაა, მოციქული ჭეშმარიტებაა, მარადიული ცხოვრებაც ჭეშმარიტებაა, რადგან ალლაჰმა უჩვენა მათ სასწაულები, რომლებიც ამისკენ მიუთითებდნენ]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმომსმენია (საკუთარი მონების სიტყვების), (და) ყოვლისმცოდნე (მათი საქმეებისა).
43და გახსოვდეს (ო მოციქულო მუჰამმად ﷺ), როგორ გიჩვენა შენ ალლაჰმა ისინი [შენი მტრები] შენს სიზმარში მცირერიცხოვნებად, (და როცა ეს აუწყე მორწმუნეებს, მათ გაბედულება და სიმტკიცე მიეცათ) ხოლო რომ ალლაჰს ეჩვენებინა ისინი შენთვის მრავლად, თქვენ ნამდვილად დაეცემოდით სულით და აუცილებლად დაიწყებდით ამ საქმეზე [ბრძოლაზე] კამათს. მაგრამ ალლაჰმა დაგიცვათ [მორალური სისუსტისგან] და გადაგარჩინათ ამის შედეგებს, რადგან ჭეშმარიტად, მან უწყის, რაც გულებშია [ადამიანთა სულებში]
44და გაიხსენეთ (ო მოციქულო ﷺ და მისო თანხმლებნო), როგორ გაჩვენათ თქვენ ალლაჰმა ისინი [თქვენი მტრები], როცა შეხვდით (ბრძოლის ველზე): მცირერიცხოვანად მოგაჩვენათ ისინი თქვენს თვალში (და ამან გამბედაობა შეგმატათ), და თქვენც მცირერიცხოვნად მოგაჩვენათ მათ თვალში (რათა ისინი სერიოზულად არ მომზადებულიყვნენ ბრძოლისთვის და უკან არ დაეხიათ). ეს იყო იმისათვის, რომ ალლაჰს განეხორციელებინა საქმე, (რომელიც უკვე იყო განსაზღვრული) და (ჭეშმატიტად) ალლაჰს უბრუნდება ყოველივე საქმე (ეს შეეხება როგორც ამ ქვეყნიურ, ისე საიქიო ცხოვრებას), (და თითოეულს ალლაჰი მისცემს იმას, რაც დაიმსახურა!)
45ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ! როცა შეხვდებით (ომში) ურწმუნოთა ჯარს (მომზადებულებს თქვენთან ბრძოლისათვის), მაშინ იყავით მტკიცენი [ნუ გამოიჩენთ სისუსტესა და მხდალობას] და ხშირად მოიხსენეთ ალლაჰი (თხოვნითა და ვედრებით, რათა მან მოგცეთ დახმარება და გამარჯვება მტრებზე), რომ მიაღწიოთ წარმატებას (მოგებას ამქვეყნად და სამოთხეს მარადიულ ცხოვრებაში)
46და (ყოველთვის) დაემორჩილეთ ალლაჰს და მის მოციქულს, და ნუ დაიწყებთ კამათს [ურთიერთდაპირისპირებას], თორემ დაეცემით სულით (რადგან თქვენ შორის ერთობა აღარ დარჩება) და დაკარგავთ თქვენს ძალას [დასუსტდებით უთანხმოების გამო]. მოითმინეთ (ალლაჰისთვის), რადგან ჭეშმარიტად, ალლაჰი მომთმენებთანაა [ის მათ ეხმარება და ანიჭებს თავის მხარდაჭერას]!
47ნუ დაემსგავსებით იმათ [მრავალღმერთიანებს], რომლებიც გამოვიდნენ თავიანთი საცხოვრებლიდან [მექქადან] (მიემართებოდნენ მედინისაკენ) ამპარტავნებით (იმისთვის, რომ შთაბეჭდილება მოეხდინათ ადამიანებზე), ალლაჰის გზიდან [მთლიანად მორჩილებისგან] აცდენდნენ სხვებს (და ხელს უშლიდნენ ჭეშმარიტი რწმენის გავრცელებას) ხოლო ალლაჰი ყოვლისმცოდნეა მათი საქმეების შესახებ (და მალე მიუზღავს მათ როგორც ამქვეყნად, ისე საიქიოში)
48და შეულამაზა სატანამ მათ [მრავალღმერთიანებს] მათი საქმეები და უთხრა მათ: დღეს ვერავინ ადამიანთაგან ვერ შეძლებს თქვენი დამარცხებას, და ჭეშმარიტად, მე თქვენთან ახლოს ვარ [დაგეხმარებით], მაგრამ როცა ორივე ჯარმა [მრავალღმერთიანებმა სატანასთან ერთად და მორწმუნეებმა ანგელოზებთან ერთად] დაინახეს ერთმანეთი, სატანა უკუქცევით წავიდა და უთხრა მათ [მრავალღმერთიანებს]: ჭეშმარიტად, მე თქვენთან საერთო არაფერი მაქვს! ნამდვილად ვხედავ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ [ანგელოზებს, რომლებიც ალლაჰმა მოავლინა მორწმუნეთა დასახმარებლად]. ნამდვილად მე მეშინია ალლაჰის, ხოლო ალლაჰი ძლიერი არის სასჯელში [ის სასტიკად დასჯის მათ, ვინც დაემორჩილება სატანას და გულწრფელად არ მოინანიებს]
49და აი ამბობდნენ თვალთმაქცნი და ისინი, რომელთა გულშიც სენია [ეჭვი რწმენაში]: ისინი [მორწმუნეები] თავიანთმა რწმენამ შეაცდინა [დაბრმავებულნი არიან თავიანთი რწმენით], (რადგან რომ არა ეს, ისინი არ გამოვიდოდნენ მათ წინააღმდეგ, ვინც მათზე უფრო მრავალრიცხოვანია და უკეთ შეიარაღებული) მაგრამ (ამ ორპირებს არ ესმით, რომ) ვინც ენდობა ალლაჰს (და ჯერავს მის დაპირებული დახმარების), (იმას ალლაჰი არასოდეს მიატოვებს) ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა და ბრძენი თავის განჩინებებსა და საქმეებში!
50და რომ გენახა (ო, შუამავალო) მაშინ ისინი რომელთაც არ ირწმუნეს თუ როგორ ხდიან მათ სულებს ანგელოზები; სცემენ მათ სახეებზე და ზურგებზე, ამბობენ: დააგემოვნეთ ცეცხლის მწველი სასჯელი!
51ეს [სასჯელი] გეწიათ იმის გამო, რაც თქვენმა ხელებმა მოამზადა [თქვენი ურწმუნოების, უსამართლობის, ბოროტების და ცოდვების გამო], და იცოდეთ, რომ ალლაჰი არ არის უსამართლო თავისი მონებისთვის (ალლაჰი სამართლიანია, და ეს არის მისი სამართლიანი განჩინება)
52(მათი ურწმუნოება და მასთან ერთად მოსული სასჯელი) ჰგავს ფარაონის ხალხს [როგორც ეს მოხდა ფარაონთან და მის თანმხლებებთან] და (ჰგავს) იმ ხალხს, რომლებიც მათ წინ ცხოვრობდნენ. ისინი ურწმუნონი გახდნენ ალლაჰის სასწაულებისადმი [უარყვეს ჭეშმარიტება, რომელსაც ალლაჰი უგზავნიდა მათ], და ალლაჰმა დასაჯა ისინი მათი ცოდვების გამო [მათი ურწმუნოებისა და ჯიუტობის გამო]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლიერია და მკაცრია სასჯელში (მათ მიმართ, ვინც არ ინანიებს ურწმუნოებასა და მისი ბრძანებების დაუმორჩილებლობას)
53ეს [არის ის, რომ ალლაჰმა დასაჯა ჯიუტი ურწმუნოები, რომლებიც მათ წინ ცხოვრობდნენ] იმის გამო, რომ ალლაჰი არ არის ისეთი, რომ შეცვალოს [ან წაართვას] წყალობა [მშვიდობა, კეთილდღეობა], რომელიც მან ხალხს უბოძა, სანამ ისინი (თავად) არ შეცვლიან იმას, რაც მათშია [სანამ არ დაიწყებენ ურწმუნოებას, ბოროტებას და ცოდვებს] (ამ შემთხვევაში ალლაჰი უზენაესი შეცვლის მათ მშვიდობას შიშით, კეთილდღეობას გასაჭირით) და ეს (მოხდება) იმიტომაც, რომ ალლაჰი ყოვლისმსმენი, და ყოვლისმცოდნე [იცის მათი მდგომარეობა და საქმეები].
54მათი ურწმუნოება და ქცევა ჰგავს ფარაონის თანამოძმეთა (ფარაონოსა და მისი მომხრეების) ჩვეულებებს, ასევე იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომლებიც მათამდე ცხოვრობდნენ. მათ უარყვეს თავიანთი ღმერთის სასწაულები [უარყვეს აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ალლაჰმა მოუვლინა], ამიტომ ალლაჰმა გაანადგურა ისინი მათი ცოდვების გამო [მათი ურწმუნოებისა და ჯიუტობის გამო]. და ალლაჰმა მალე დასაჯა ისინი მათი ცოდვების გამო [მათი ურწმუნოებისა და ჯიუტობის გამო]. ჩვენ ფარაონის თანამოძენი ჩავძირეთ ზღვაში, და ისინი ყველანი იყვნენ უსამართლო ბოროტმოქმედნი (ისინი, ვინც ღალატობდნენ ალლაჰს, უარყოფდნენ ჩვენს სასწაულებს და ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ ალლაჰის მოციქულებს).
55ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშე ყველაზე უარესი მიწაზე მავალთა (ადამიანთა და ცხოველთა) შორის არიან ისინი, ვინც ურწმუნო გახდნენ და ისინი არ ირწმუნებენ [აგრძელებენ თავიანთ ურწმუნოებაში ჯიუტობას].
56ისინი, რომლებთანაც შენ, (ო მოციქულო), დადე შეთანხმება (რომ არ იომებდნენ შენს წინააღმდეგ და არ დაეხმარებოდნენ შენს მტრებს), შემდეგ კი ყოველ ჯერზე არღვევენ ამ შეთანხმებას და არ ეშინიათ ალლაჰის სასჯელის [არ უფრთხიან მას]
57თუ ბრძოლაში შეხვდები მათ (ვინც შენთან დადებულ ხელშეკრულებას არღვევენ) დასაჯე ისინი ისე მკაცრად, რომ მათი უკან მდგომნი შეშინდნენ და გაიქცნენ რათა ეგების შეიგონონ (და განსაკუთრებით უკან მდგომ ურწმუნოებისთვის) (სასწავლო მაგალითი და მათ აღარ გაბედონ მსგავსი ქმედება).
58თუ შენ (ო, მოციქულო) შიშობ რომელიმე ხალხის ღალატს, მაშინ გააუქმე ეს შეთანხმება მათთან თანასწორად: შეატყობინე მათ ამის შესახებ, რათა ორივე მხარემ იცოდეს, რომ შეთანხმება აღარ მოქმედებს. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატენი (ვინც არღვევენ თავიანთ შეთანხმებებს)
59და ნურც იფიქრებენ ისინი, ვინც ურწმუნოები გახდნენ, თითქოს გადაურჩნენ (ალლაჰის სასჯელს), ჭეშმარიტად, ისინი ვერ დაამარხცებენ [ვერ დააღწევენ თავს ალლაჰის სასჯელს, იგი უსათუოდ დაეწევათ].
60და მოამზადეთ მათთვის (ო, მორწმუნენო) იმდენი ძალა, რამდენსაც შეძლებთ იარაღი და ცხენოსანთა რაზმები, რათა ამით შეაშინოთ ალლაჰის მტერი და თქვენი მტერი, აგრეთვე სხვა მტრები მათ გარდა და ისინი, რომელთაც თქვენ არ იცნობთ, მაგრამ ალლაჰი იცნობს მათ. და რაც არ უნდა დახარჯოთ ალლაჰის გზაზე (იქნება ეს ქონება თუ ძალა, ბევრი თუ ცოტა) ალლაჰი სრულად დაგიბრუნებთ ამას, და თქვენ არ დაიჩაგრებით (თქვენი საზღაური არ შემცირდება არც საიქიოში).
61და თუ ისინი (ურწმუნოები) მიდრეკილნი იქნებიან მშვიდობისკენ, მაშინ შენც დაეთანხმე მას (მშვიდობას) და მიენდე ალლაჰს უეჭველად, ის არის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე.
62და თუ ისინი, ვისთანაც დადებული გაქვს შეთანხმება, ისურვებენ მოტყუებას (ო, მოციქულო), ჭეშმარიტად საკმარისია შენთვის ალლაჰი (ის დაგიცავს მათ ცბიერებისაგან). ისაა რომელმაც მხარი დაგიჭირა თავისი დახმარებით და მორწმუნეებით
63და მან (ალლაჰმა) გააერთიანა მათი გულები. ვინაიდან, (თუკი შენ, ო მოციქულო), დახარჯავდი იმ ყველაფერს, რაც დედამიწაზეა, ვერ შეძლებდი მათი გულების გაერთიანებას, მაგრამ ალლაჰმა თვითონ გააერთიანა ისინი. უეჭველად, ის ძლევამოსილია, ბრძენია.
64ჰეი, მოციქულო! შენთვის სრულიად საკმარისია ალლაჰი და (ასევე საკმარისია ის) მათთვის, ვინც გაგყვა შენ მორწმუნეთაგან
65ჰეი, მოციქულო! წააქეზე მორწმუნენი ბრძოლისთვის. თუ თქვენს შორის იქნება ოცი მოთმინებით გამორჩეული (მორწმუნე), ისინი დაამარცხებენ ორას ურწმუნოს, ხოლო თუ თქვენს შორის იქნება ასი (მომთმენი), ისინი დაამარცხებენ ათას ურწმუნოს, რადგან ისინი ვერ ხვდებიან (სიმართლესა და ნამდვილ მიზანს რომლისთვისაც მორწმუნენი იბრძვიან,და ვერ ხვდებიან თო როგორ ეხმარება ალლაჰი თავის მომხრეებს)
66ახლა ალლაჰმა შეგიმსუბუქათ თქვენ, [მორწმუნენო], და მან იცის, რომ თქვენში არის სისუსტე. ამიტომ, თუ თქვენ შორის იქნება ასი მოთმინებით გამაგრებული (მორწმუნე), ისინი დაამარცხებენ ორასს, ხოლო თუ თქვენ შორის იქნება ათასი, ისინი დაამარცხებენ ორი ათას ურწმუნოს ალლაჰის ნებით. და ალლაჰი მომთმენთანაა
67არ შეეფერება მოციქულს, რომ მას ჰყავდეს ტყვეები, სანამ ის (და მორწმუნენი მასთან ერთად) არ განამტკიცებენ ძალას და გავლენას მიწაზე (და არ დაამარცხებენ ურწმუნოებს ხოცვით). თქვენ კი გსურთ ამქვეყნიური სარგებელი (ბადრის ბრძოლის ტყვეების გამოსასყიდის მიღებით), ხოლო ალლაჰს სურს თქვენთვის საიქიო. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
68რომ არ ყოფილიყო ალლაჰისგან დადგენილი (ე.ი. ნადავლისა და ტყვეების გამოსასყიდის მიღების ნებართვა ამ თემისთვის), მაშინ იმის გამო, რაც თქვენ აიღეთ (ბადრის ტყვეების გამოსასყიდის სახით), აუცილებლად შეგეხებოდათ მძიმე სასჯელი.
69ჭამეთ ის, რაც ნადავლად აიღეთ (ურწმუნოებისგან) როგორც ნებადართული და კარგი და გეშინდეთ ალლაჰის. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
70ო, მოციქულო! უთხარი იმ ტყვეებს, რომლებიც თქვენს ხელთ არიან თუ ალლაჰი დაინახავს თქვენს გულებში სიკეთეს, მოგანიჭებთ იმაზე უკეთესს, რაც თქვენგან იქნა აღებული, და შეგინდობთ თქვენ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლადმპატიებელი და ყოვლადმოწყალეა.
71ხოლო თუ შენს ღალატს განიზრახავენ (ბადრის ბრძოლაში აყვანილი ტყვეები) , მათ ხომ უღალატეს ალლაჰს უწინ და მან მოგცა მათზე ძალაუფლება. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია.
72ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ირწმუნეს და გადასახლდნენ (გადავიდნენ მექადან მედინაში ალლაჰის მოციქულთან ერთად, რათა ემსახურონ და თაყვანი სცენ ერთადერთ ალლაჰს), და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და სიცოცხლით ალლაჰის გზაზე, და ასევე ისინი, რომელთაც მისცეს თავშესაფარი და დახმარება (მუჰაჯირებს) ისინი არიან ერთმანეთის მეგობრები და მფარველნი. რაც შეეხება მათ, რომელთაც ირწმუნეს, მაგრამ არ გადასახლებულან (ურწმუნოთა ქვეყნიდან მორწმუნეთა ქვეყანაში) თქვენ არ გეკისრებათ ვალდებულება მათზე დახმარების, სანამ ისინი არ გადმოსახლდებიან. და თუ ისინი ითხოვენ თქვენგან დახმარებას სარწმუნოებაში, თქვენზეა მათი დახმარება გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს იქნება იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისთანაც თქვენ გაქვთ დადებული შეთანხმება (მშვიდობის ან მეკავშირეობის შესახებ). და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ
73რომელნიც გახდნენ ურწმუნონი, ისინი ერთმანეთის მფარველი და (დამხმარენი) არიან. თუ თქვენ მორწმუნენო, არ მოიქცევით ასე (ე.ი. არ დაეხმარებით და არ დაუდგებით მხარში მორწმუნეებს რწმენაში და ბრძოლაში), მაშინ დედამიწაზე იქნება დიდი (არეულობა, ცდუნება).
74და მათ, რომელთაც ირწმუნეს და გადასახლდნენ (გადავიდნენ ალლაჰის მოციქულთან ﷺ მედინაში) და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, და მათ, რომელთაც მისცეს თავშესაფარი (მუჰაჯირებს) და დაეხმარნენ (ალლაჰის რელიგიას, მოციქულს ﷺ და მორწმუნეებს), აი ისინი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათ ექნებათ მიტევება და ღირსეული საზღაური (სამოთხე).
75ხოლო რომელთაც ირწმუნეს შემდგომ, გადასახლდნენ და იბრძოდნენ თქვენთან ერთად, ისინი თქვენგანნი არიან. ხოლო ნათესავები ერთმანეთთან უფრო ახლონი არიან (მემკვიდრეობის საკითხებში) როგორც ეს ალლაჰის წიგნშია დადგენილი. უეჭველად, ალლაჰი ყველაფრის მცოდნეა.